№ბს-432(კ-20) 16 დეკემბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ე. ფ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 07 ივნისს ე. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ.
მოსარჩელემ ე. ფ-ის 2018 წლის 27 აპრილის №6784 განცხადებაში მოთხოვნილი არაანაზღაურებადი შვებულების (2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 10 მაისამდე) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 04 მაისის №7449 აქტის ბათილად ცნობა, ე. ფ-ის სამსახურიდან დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 10 მაისის №236/1 ბრძანების ბათილად ცნობა, ე. ფ-ის საქართველოს პარლამენტის ...ის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხისათვის არაანაზღაურებადი შვებულების თაობაზე ე. ფ-ის 2018 წლის 27 აპრილის №6784 განცხადების (2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 10 მაისამდე) დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 10 მაისის №236/1 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ე. ფ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება; ე. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხს გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 10 მაისის N236/1 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ე. ფ-ის 2018 წლის 07 მაისის განცხადებასთან (რეგისტრაციის ნომერი: ...) დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 106-ე, 109-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საჯარო მოხელის განცხადება სამსახურიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნით არის სუბიექტის ნების გამოვლენა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ნება გამოვლენილი იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებისგან დაცული. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ნამდვილი ნების თავისუფალი გამოვლენის საკითხი გამოკვლევას და შეფასებას ექვემდებარებოდა. პალატის მოსაზრებით, არც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და არც საქალაქო სასამართლოს არ გამოუკვლევიათ და შეუფასებიათ ე. ფ-ის განცხადების შესაბამისობა ნების გამოვლენის თავისუფლების და კეთილსინდისიერი მართლწესრიგის სტანდარტთან. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც განმცხადებელი პირდაპირ არ ითხოვდა სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, დასაბუთებას მოკლებული იყო ადმინისტრაციის მტკიცება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და მხარის დამატებითი მოსაზრების მოსმენის გარეშე, გაერკვნენ მოთხოვნის არსში და განმცხადებლის ნება მიიღეს მისი ნამდვილი შინაარსით, რასაც მოსამსახურე გულისხმობდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სახეზე იყო ე. ფ-ის ორი განცხადება, სადაც ის ერთმნიშვნელოვნად გამოხატავდა ნებას, გარკვეული „ულტიმატუმის" გათვალისწინებით მომხდარიყო მისი სამსახურიდან გათავისუფლება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 04 მაისის (#7449) წერილი, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივ დასაბუთებას/განმარტებას ე. ფ-ის 2018 წლის 27 აპრილის განცხადების დაუკმაყოფილებლობასთან დაკავშირებით. წერილის მიხედვით, იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის სრულყოფილად შესწავლის სურვილი/მზაობა და შესაბამისი სამართლებრივი ქმედება, რომ განმცხადებელს ემოქმედა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და სწორი სამართლებრივი ფორმულირებით მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსათვის. 2018 წლის 04 მაისის წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელი და ადვილად განჭვრეტადია ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების/გადაწყვეტილების კანონიერება, ვინაიდან, განმცხადებელს სრულფასოვნად განემარტა, რომ წერილში დასახელებული გარემოებები არ იყო მოხელისათვის ანაზღაურებისგარეშე შვებულების მიცემის სამართლებრივი საფუძველი.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე წერილში გარკვევით მიუთითებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შვებულებასთან დაკავშირებით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ითხოვდა დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლებას 2018 წლის 10 მაისიდან. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 04 მაისის წერილით ე. ფ-ს მოთხოვნის მეორე ნაწილთან (გათავისუფლების მოთხოვნა) მიმართებით განემარტა, რომ აღნიშნულს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მხრიდან არ იქნა სპონტანურად და მყისიერად დაკმაყოფილებული ე. ფ-ის მოთხოვნა გათავისუფლებასთან დაკავშირებით და მას კიდევ ერთხელ მისცეს საშუალება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ჩამოეყალიბებინა მისი მოთხოვნა, სწორად გამოეხატა ნება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რის შემდეგაც მოხდებოდა საკითხის შესწავლა/განხილვა და მიღებული იქნებოდა შესაბამისი გადაწყვეტილება. კასატორის მითითებით, მოსარჩელისათვის 2018 წლის 04 მაისის წერილით უკვე ცნობილი იყო ანაზღაურებისგარეშე შვებულების დაკმაყოფილებაზე უარი. ამის მიუხედავად, მან ხელმეორედ - 2018 წლის 07 მაისის განცხადებით გამოხატა სამსახურიდან გათავისუფლების ნება. კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია რის საფუძველზე ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ, რომ ნება არ იყო გამოხატული თავისუფლად, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა რაიმე სახის ზეგავლენას ნების გამოვლენაზე, რამაც განაპირობა ე. ფ-ის მხრიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
კასატორმა აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე. ფ-ის მოთხოვნა არაანაზღაურებადი შვებულების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 4 მაისის #7449 ი/ა სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ მოხდა ნების გამოვლენის სწორად გაგება, როდესაც საქმე შეეხებოდა სრულიად ნათლად და გარკვევით გამოხატულ მოთხოვნას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ე. ფ-ის ნებაზე ზემოქმედების მიზნით ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ძალადობის პროვოცირებას, იძულებას, მუქარას, შანტაჟს, დაპირებას ან ნების გამოხატვა - სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გამოწვეული/განპირობებული იყო გათავისუფლებაზე უფლებამოსილი (ან სხვა) პირის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან იმაზე აპელირება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლიეს ნების გამოვლენის ნამდვილობა, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
კასატორის მითითებით, ე. ფ-ის მიერ 2018 წლის 27 აპრილის #6784 განცხადებით მოთხოვნილი იყო ორი საკითხი: არაანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის მოთხოვნა და სამსახურიდან გათავისუფლება. აღნიშნული განცხადება დეტალურად იქნა შესწავლილი და განმცხადებელს გაეცა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 04.05.2018 წლის #7449 წერილობითი პასუხი, რომლის თანახმად, მისი მოთხოვნა არაანაზღაურებადი შვებულებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო, რაც შეეხება სამსახურიდან მისი პირადი განცხადებით გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის ნაწილს, განემარტა იმ უფლებების/პროცედურის შესახებ, თუ როგორი სახის განცხადებით უნდა მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რასაც ითვალისწინებდა მოქმედი კანონმდებლობა. აღნიშნული წერილობითი პასუხის შემდეგ, ე. ფ-მა 2018 წლის 07 მაისს მეორე წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატს, სადაც აღნიშნავდა, რომ მან ჩაიბარა წერილობითი პასუხი მის მიერ 2018 წლის 27 აპრილს წარდგენილ განცხადებაზე და იქვე მიუთითებდა, რომ დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ანაზღაურებისგარეშე შვებულებაზე. ამავე განცხადებით ის კვლავ მოითხოვდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებას 2018 წლის 10 მაისიდან და აღნიშნავდა, რომ კანონი რაიმე სპეციალურ ფორმას საკუთარი განცხადებით სამსახურიდან წასვლის შესახებ, არ იცნობდა. ზემოაღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურა დაიწყო 2018 წლის 27 აპრილს, ე. ფ-ის პირველი განცხადების წარდგენით, რაზედაც საქართველოს პალამენტის აპარატის მიერ გაიცა წერილობითი პასუხი. აღნიშნული პროცესი გაგრძელდა 2018 წლის 04 მაისს ე. ფ-ის მიერ მეორე განცხადების წარდგენით და დასრულდა 2018 წლის 10 მაისს, გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემით, რაც კასატორის მოსაზრებით, ერთ მთლიან პროცესს წარმოადგენდა და ემსახურებოდა ერთ მიზანს - ე. ფ-ის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების საკითხის გადაწყვეტას. ამ პროცესში განმცხადებელ მხარეს არ შეზღუდვია რაიმე სახის უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 06 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ე. ფ-ი დასაქმებული იყო საქართველოს პარლამენტის ...ის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე. ე. ფ-მა 2018 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და აღნიშნა, რომ ე. ფ-სა და საქართველოს პარლამენტს, ნ. ნ-ესა და ს. კ-ეს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ე. ფ-მა გამოთქვა სურვილი, რომ ესარგებლა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებით და გამოეყენებინა ანაზღაურების გარეშე შვებულება ერთი წლის ვადით 2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 10 მაისამდე. ე. ფ-ი მიუთითებდა, რომ ამ პერიოდში დასრულდებოდა ზემოთ აღნიშნული სასამართლო დავა და არაანაზღაურებადი შვებულების შემდეგ შეეძლებოდა მუშაობა მშვიდ და არადისკრიმინაციულ გარემოში გაეგრძელებინა. ე. ფ-მა განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ შვებულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვდა დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლებას 2018 წლის 10 მაისიდან.
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 04 მაისის წერილით ე. ფ-ს უარი ეთქვა არაანაზღაურებადი შვებულების მიცემაზე და განემარტა, რომ არ არსებობდა მოხელისათვის ანაზღაურების გარეშე შვებულების მიცემის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, ამასთან, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნაც უნდა წარდგენილიყო შესაბამისი ფორმის დაცვით. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელემ განცხადებით კვლავ მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და აღნიშნა, რომ შვებულებაზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი, რის გამოც იძულებული იყო დაეტოვებინა სამსახური და მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება 2018 წლის 10 მაისიდან. 2018 წლის 10 მაისის #236/1 ბრძანების საფუძველზე ე. ფ-ი გათავისუფლდა საქართველოს პარლამენტის ...ის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 109-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად, მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოხელის პირადი განცხადების საფუძველზე, მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ აქტი პასუხობდეს გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და დასაბუთებულობის შესაბამის სტანდარტებს. განსახილველ შემთხვევაში, ე. ფ-ი თავდაპირველად ითხოვდა არაანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლების მინიჭებას, რასაც მასსა და საქართველოს პარლამენტს შორის დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მიმდინარე სასამართლო დავას უკავშირებდა. ამასთან იგი აღნიშნავდა, რომ იმ შემთხვევაში თუ შვებულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ითხოვდა დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლებას 2018 წლის 10 მაისიდან.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც უკვე არაერთგზის საკასაციო პალატის მიერ განიმარტა, იმ პირობებში, როდესაც გონიერ დამკვირვებელს წარმოეშვება ეჭვი განმცხადებლის ნების გამოვლენის ნამდვილობაზე, არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების განხილვისას უწყების მიერ მოხელის ნამდვილი ნების დადგენის საჭიროება. კონკრეტულ შემთხვევაში, შვებულების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელემ ხელმეორედ მიმართა მოპასუხეს და განმარტა, რომ იძულებული იყო დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. ამდენად, განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნას უკავშირებდა არა მის სურვილსა და შეგნებულ გადაწყვეტილებას, არამედ შესაძლო სხვა ფაქტობრივი გარემოებების არსებობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ პირობებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ე. ფ-ის ნების გამოხატვის ნამდვილობის გარკვევას, რაც ადასტურებს დავის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტის მართლზომიერებას. მნიშვნელოვანია, რომ სამსახურის დატოვების თაობაზე პირის გადაწყვეტილება იყოს მისი რეალური ნების გამოვლინება და არა გარკვეული პირობებიდან გამომდინარე იძულებითი ნაბიჯი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე