Facebook Twitter

№ბს-121(კ-20) 23 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - პ. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 19 თებერვალს პ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 თებერვლის №MES 3 19 00131946 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის პ. ნ-ის მიერ შპს „...ში", 1993-1997 წლებში, მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით პ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 თებერვლის №MES 3 19 00131946 გადაწყვეტილება; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, პ. ნ-ის მიერ „...ში” 1993-1997 წლებში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანთლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტა ევალება საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. ამასთან, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარება ხდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ნებისმიერ სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ განმარატა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” რეგულირებული საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების მიერ მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობა იმთავითვე გულისხმობს მათ მიერ მიღებული განათლების შესახებ სრულყოფილი დოკუმენტაციის არარსებობას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ბრძანებით რეგლამენტირებული განათლების აღიარების მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნული პირების მიერ მიღებული განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას სწორედ ამ პირობებში.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და რასაც არც მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ხდის სადავოდ, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები, მათ შორის შპს ,,...ის“ მიერ გაცემული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი სტუდენტის ბილეთის, ე. ს-ის, გ. ნ-ისა და თ. ბ-ის წერილობითი განცხადებით დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ნ-ე 1993-1997 წლებში ნამდვილად სწავლობდა შპს ,,...ში“ იურისტ-ეკონომისტის ფაკულტეტზე. სასამართლომ ყურადღება გამახვილა, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეროვნული არქივის წერილობით შეტყობინებაში აღნიშნულია იმის შესახებ, რომ შპს ,,...ის“ დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში დაცული არ ყოფილა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოსარჩელის მიერ ,,...ში” მიღებულ უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის წარმოებისას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ვერ იქნა მოძიებული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტაცია: მოსარჩელის მითითებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებები, კურსიდან-კურსზე გადაყვანის ბრძანებები, სახელმწიფო საგამოცდო ოქმები, კვალიფიკაციის მინიჭების ოქმები, დიპლომების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალის ასლები და სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხი სრულყოფილად არ გამოიკვლია, კომპლექსურად არ გააანალიზა და შესაბამისი შეფასება არ მისცა ადმინისტრაციული წარმოების დროს მოპოვებულ და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. ის გარემოება, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ვერ იქნა მოძიებული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტაცია: მოსარჩელის მითითებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანება, კურსიდან-კურსზე გადაყვანის ბრძანება, სახელმწიფო საგამოცდო ოქმი, კვალიფიკაციის მინიჭების ოქმი, დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალის ასლები და სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, ის გარემოება, რომ ხსენებული დოკუმენტები არც საქართველოს ეროვნულ არქივში არ ინახებოდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მიზნიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მითითებით, არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე-34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 თებერვლის №MES 3 19 00131946 გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს უნდა დავალებოდა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიერ ,,...ში” 1993-1997 წლებში მიღებული, უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ე. ს-მა, გ. ნ-ემ და თ. ბ-ემ წერილობით დაადასტურეს 1993-1997 წლებში შპს „...ში“ პ. ნ-ის სწავლა და იმ ფაქტის ნამდვილობა, რომ პ. ნ-ე იყო მათი კურსელი. №3/1173-19 საქმეში არ არსებობდა კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაადასტურებდა პ. ნ-ის მიერ განათლების მიღების ფაქტს. კასატორის მოსაზრებით, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს.

კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების დროს დადგინდა, რომ შპს ,,...ის“ დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში არ იყო დაცული. ამასთან, პ. ნ-ემ ვერ წარადგინა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული „წესით“ გათვალისწინებული დოკუმენტაცია კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე. წარდგენილია მხოლოდ სტუდენტის ბილეთი, რომელიც განათლების აღიარების მიზნებისთვის არ არის რელევანტური. განათლების მიღების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, რაც მოცემულ საქმეში თუნდაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებშიც სწორედ მოსარჩელის ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლებელია, ვინაიდან როგორც ადმინისტრაციული წარმოების დროს, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალწარმოების ფარგლებში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფდა მის მიმართ კონკრეტული კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს. საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემისას კი, აუცილებელი იყო, კონკრეტული კვალიფიკაციის დიპლომში მითითება, ვინაიდან, კასატორის განმარტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კასატორი მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე" და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს სწორედ წესის შესაბამისი რეგულაციებით იხელმძღვანელა ცენტრმა განათლების მიღების ფაქტის დადასტურების თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და ცალსახად დაადგინა, რომ არ არსებობდა ხსენებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პ. ნ-ის სწავლის თაობაზე ინფორმაცია, ასევე, ვერ მოიძებნა შპს ,,...ში'' 1993-1997 წლებში პ. ნ-ისთვის კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტები. კასატორის განმარტებით, სასამართლო პროცესზე პ. ნ-ის მიერ წარმოდგენილი მისი კურსელების წერილობითი განცხადებებითა და ჩათვლის წიგნაკებით/სტუდენტის ბილეთებით დასტურდება მხოლოდ ის, რომ ისინი სწავლობდნენ იურისტ-ეკონომისტის ფაკულტეტზე, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა არ ემთხვეოდეს შესაბამის კვალიფიკაციას, აღნიშნული კი, გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების აღიარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არ არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი პირობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

პ. ნ-ემ 2019 წლის 14 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს ,,...ში“ 1993-1997 წლებში მიღებული განათლების აღიარება მოითხოვა.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის 16 იანვრის №MES 0 19 00034004 წერილით პ. ნ-ეს მოსთხოვა შპს ,,...ში“, 1993-1997 წლებში, მიღებული განათლების აღიარებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა.

პ. ნ-ემ 2019 წლის 18 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა სტუდენტის ბილეთი.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის 16 და 18 იანვრის წერილებით მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს და მოითხოვა არქივში დაცული, შპს ,,...ში“ პ. ნ-ის მიერ უმაღლესი განათლების აღიარებისთვის საჭირო, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაციის წარდგენა.

საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 30 იანვრის წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ შპს ,,...ის“ დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში არ იყო დაცული. შესაბამისად, არქივი მოკლებული იყო შესაძლებლობას წარედგინა პ. ნ-ის მიერ აღნიშნულ დაწესებულებაში სწავლების ფაქტის შესახებ ინფორმაცია.

ე. ს-მა, გ. ნ-ემ და თ. ბ-ემ წერილობით დაადასტურეს, რომ პ. ნ-ე 1993-1997 წლებში ნამდვილად სწავლობდა შპს ,,...ში“ და იყო მათი კურსელი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რასაც არც მოპასუხე ხდიდა სადავოდ, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით, შპს „...ი“ წარმოადგენდა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. შესაბამისად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები, მათ შორის შპს „...ის“ მიერ გაცემული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. ამასთან, აღნიშნული არ გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებას, რომლებითაც განსაზღრული იქნება პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების საკითხი, რაც პირდაპირ უკავშირდება ხარისხიანი განათლების მიღებას.

სწორედ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეიქმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ცენტრი, ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულია, ცენტრის საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. ამავე კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს - პ. ნ-ის მიერ შპს „...ში", 1993-1997 წლებში, მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 თებერვლის №MES 3 19 00131946 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 თებერვლის №MES 3 19 00131946 გადაწყვეტილებას, საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვერ იქნა მოძიებული შპს ,,...ში'' 1993-1997 წლებში პ. ნ-ისთვის კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტაცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმეში მონაწილე პირებს უფლება აქვთ სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები (კანონით დადგენილი წესით), ამდენად, სააპელაციო სასამართლო, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს ან შეაფასოს მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის მონაწილეთა ვალდებულებას წარმოადგენს, მათ მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ. თავის მხრივ, სასამართლოს ვალდებულებაა, მხარეებს მისცეს მტკიცებულებათა წარდგენისა და საკუთარი პოზიციების დაცვის პროცესუალური შესაძლებლობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი მოსამართლეს პროცესში აქტიურ როლს ანიჭებს და აძლევს შესაძლებლობას, იზრუნოს საქმის მართებული გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციისა თუ მტკიცებულებათა დამატებით მოპოვებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე პ. ნ-ეს შპს ,,...ში'' 1993-1997 წლებში მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს მხოლოდ სტუდენტის ბილეთი და ე. ს-ის, გ. ნ-ის და თ. ბ-ის წერილობით დაადასტურება, რომ პ. ნ-ე 1993-1997 წლებში ნამდვილად სწავლობდა შპს ,,...ში“ და იყო მათი კურსელი, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებისათვის მიჩნეულ იქნა საკმარის მტკიცებულებად, რათა დაედგინათ პ. ნ-ის მიერ შპს ,,...ში'' 1993-1997 წლებში მიღებული უმაღლესი განათლების და შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საკმარისად არ არის დასაბუთებული არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით. საქმის ხელახალი განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა მოიპოვოს მოსარჩელის პ. ნ-ის მიერ შპს ,,...ში'' 1993-1997 წლებში მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში იმსჯელოს წარმოდგენილი სტუდენტის ბილეთი, რამდენად მიეკუთვნება წარსულში მიღებული განათლების და კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს, ვინაიდან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი დეტალურად განსაზღვრავს, თუ რა წესით გაცემულ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს მიიჩნევს სახელმწიფო აღიარებულად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარსულში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება/არაღიარების საკითხი მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა, რომლის საფუძველზეც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება. შესაბამისად, უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარი სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამ დოკუმენტის მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის „კანონიერების პრინციპი“, რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინონ ამ ორი პრინციპის შეპირისპირების გზით თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ წარსულში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარის თქმა სწავლის შედეგების ფაქტობრივი გაბათილებაა და ავტომატურად არ შეიძლება გახდეს ფიზიკური პირის მიერ უკვე მოპოვებული შრომის უფლების შეზღუდვის საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების ფარგლებში ასევე უნდა გამოარკვიოს სადავო აქტისადმი მოსარჩელის კანონიერი ნდობის საფუძვლები, კერძოდ, მოსარჩელე მუშაობს თუ არა იმ კვალიფიკაციით, რაც სტუდენტის ბილეთშია მითითებული და აღნიშნულის საფუძველზე, ახორციელებს თუ არა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე მოქმედებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებში წარმოდგენილი არასაკმარისი მტკიცებულებისა (სტუდენტის ბილეთი და მოწმეთა ჩვენება) და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საკითხზე ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პ. ნ-ის მიერ შპს „...ში” 1993-1997 წლებში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების კანონიერების საკითხზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი და დამატებით მოძიებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ და საბოლოოდ საქმეზე მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე