საქმე №ბს-186(კ-20) 23 დეკემბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ც. ღ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 2 აპრილს ც. ღ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 14 მარტის №04/14937 წერილის ბათილად ცნობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ც. ღ-ის სასარგებლოდ, მისი გარდაცვლილი მეუღლის - ზ. ღ-ის მიუღებელი პენსიის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 14 მარტის №04/14937 აქტი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - ც. ღ-ეს აუნაზღაურდებოდა გარდაცვლილი მეუღლის - ზ. ღ-ის მიუღებელი პენსია, 2009 წლის 1 მაისიდან (შეჩერებიდან) ზ. ღ-ის გარდაცვალებამდე (2016 წლის 27 მაისი) პერიოდზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ც. ღ-ე (დაბ. ... წ.) (ქორწინებამდელი გვარი ხ-ი) 1961 წლის 8 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ. ღ-ესთან (დაბ. ...წ.).
სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის №2/35-16 გადაწყვეტილებით, ზ. ვ. ღ-ე (დაბ. ... წლის ... ..ს) გამოცხადდა გარდაცვლილად 2016 წლის 27 მაისიდან. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღია - 2017 წლის 6 აპრილი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების 2017 წლის 30 მაისის №04-06-09/1199 წერილით საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ზ. ღ-ეს (პ/ნ: ...) სახელმწიფო გასაცემელი ჩაერიცხა 2009 წლის 1 აპრილის ჩათვლით. 2009 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო გასაცემელი შეჩერებული, შემდგომ კი შეწყვეტილია.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 14 სექტემბრის №04-06/14540 წერილით დგინდება, რომ ზ. ღ-ეს (პ/ნ: ...) სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენებითი ბარათის მიხედვით შეუჩერდა სახელმწიფო გასაცემელი 2009 წლის 1 მაისიდან, ბანკის ინფორმაციით - სახელმწიფო გასაცემლის 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის გამო, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ხონის რაიონულ განყოფილებაში არსებული ინფორმაციით მოქალაქე ზ. ღ-ე ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად), ხოლო იგივე კანონის მე-17 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით (პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ) 2012 წლის 1 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლის გაცემა.
2018 წლის 2 მარტს, ც. ღ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისი მეუღლის გარდაცვალების დროისათვის მიუღებელი პენსიის გაცემა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 14 მარტის №04/14937 წერილით ც. ღ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის №ბს-575-572(კ-17) გადაწყვეტილება).
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ" (პენსიის შეწყვეტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის თანახმად, პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს პენსიის გაცემის შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლა წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენდნენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდებოდა კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავდა იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობდა სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება. ამდენად, სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდებოდა ინდივიდუალური აქტის გამოცემით.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ იმ პირობებში როდესაც ბენეფიციარისთვის - ზ. ღ-ისთვის არ იყო ცნობილი სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე, კანონსაწინააღმდეგო იყო შემდგომში მისი შეწყვეტა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი მიუთითებს ც. ღ-ის სარჩელის ხანდაზმულობაზე და ამ მიზეზით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების არსებობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მისი მეუღლის - ზ. ღ-ის გარდაცვლილად გამოცხადებამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ აქტის კანონიერების შეფასება და შესაბამისი პენსიის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს ხონის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ც. ღ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ზ. ვ. ღ-ე (დაბადებული ... წლის ... ...ს) გამოცხადდა გარდაცვლილად 2016 წლის 27 მაისიდან; ზ. ვ. ღ-ის გარდაცვალების ადგილად ჩაითვალა ქალაქი ხონი. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 6 აპრილიდან.
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 14 მარტის №04/14937 წერილით ც. ღ-ეს განმეორებითი განცხადების პასუხად (რომელიც ეხებოდა გარდაცვლილი მეუღლის, ზ. ღ-ის გარდაცვალებამდე მიუღებელი პენსიის გაცემას) ეცნობა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა პენსიის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს, ხოლო მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, პენსიის გაცემა წყდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პენსიის შეწყვეტის შემდეგ, თვით ბენეფიციარი (და არა მემკვიდრე) მოითხოვდა პენსიის აღდგენა-გაცემას, საკითხი გადაწყდებოდა მხოლოდ მიმართვის შემდეგი თვიდან დანიშვნის კუთხით და არა აღდგენა-გაცემის კუთხით.
ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ც. ღ-ეს განემარტა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონულ განყოფილებაში დაცული მონაცემებით, სახელმწიფო გასაცემელი ზ. ღ-ეს შეუჩერდა 2009 წლის 1 მაისიდან ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის გამო, სს „...ის“ შეტყობინების შემდეგ, ხოლო 2012 წლის 1 მაისიდან, პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, პენსიის გაცემა შეწყდა ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად. ამდენად, ც. ღ-ეს ეცნობა, რომ მისი თხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირის გარდაცვალების შემთხვევაში პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურების შესაძლებლობას ითვალისწინებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს ზ. ღ-ისათვის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 14 მარტის №04/14937 წერილით მისი მეუღლის მიუღებელი პენსიის გაცემაზე უარის თქმის კანონიერებას და ითხოვს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 2009 წლის 1 მაისიდან ზ. ღ-ის გარდაცვალებამდე პენსიის თანხის დაკისრებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ეხება არა უშუალოდ საპენსიო უფლებას, არამედ, პენსიას, როგორც მემკვიდრეობით მიღებულ აქტივს, რომლის კანონიერება გარდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პენსიის შესახებ კანონმდებლობისა უნდა შემოწმდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გამოყენებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამასთან, იმავე კოდექსის 1330-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსიონერის გარდაცვალება წარმოადგენს აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსიის შეწყვეტის საფუძველს. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაცვალება განმარტებულია, როგორც პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 14 სექტემბრის №04-06/14540 წერილით სხვა გარემოებებთან ერთად დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ხონის რაიონულ განყოფილებაში არსებული ინფორმაციით მოქალაქე ზ. ღ-ე ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ამასთან, პალატის მიერ ც. ღ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ბენეფიციარისათვის - ზ. ღ-ისათვის არ იყო ცნობილი სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პენსიის შეჩერების პერიოდში მაინც უნდა მომხდარიყო ზ. ღ-ის ინფორმირება პენსიის გაცემის შეჩერებასთან და შეჩერების მიზეზთან დაკავშირებით. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, რომ მომხდარიყო მითითებულზე მოსარჩელის მეუღლის ინფორმირება, დროულად მოხდებოდა აღნიშნული შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრა და ბენეფიციარს დაერიცხებოდა პენსია.
საკასაციო სასამართლო განსახილველ საქმეზე უდავოდ დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ზ. ღ-ეს პენსია შეუწყდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის გამო. პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და არც გარდაცვლილად აღიარებამდე მიუმართავს ბენეფიციარს პენსიის აღდგენის მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის მართებულად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გარემოების დადგენა, ზ. ღ-ის გარდაცვლილად გამოცხადების მომენტისთვის, რა ოდენობის პენსიის მოთხოვნის უფლებას მოიცავდა სამკვიდრო ქონებაში შემავალი მისი ქონებრივი უფლებები. მოცემული საქმის დავის საგნის ფარგლებში ც. ღ-ის უფლება მიუღებელ პენსიაზე შესაძლოა არსებობდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ზ. ღ-ეს მის სიცოცხლეში კომპეტენტური ორგანოს მიერ უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელების შედეგად, შეეზღუდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პენსიის განახლების უფლება (მითითებული მუხლის თანახმად, პენსია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსათვის პენსიის განახლების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ).
ზემოაღნიშნული გარემოების დადგენამდე (იმ გარემოების კვლევამდე, თუ რამდენად ჩაბარდა 2016 წლის 27 მაისიდან გარდაცვლილად გამოცხადებულ პირს პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება) კი სასამართლოს უნდა გამოეკვლია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პენსიის შეჩერების საფუძველი (პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა), ხომ არ იყო ასევე განპირობებული ზ. ღ-ის უგზო-უკვლოდ დაკარგვით. აღნიშნული გარემოების არსებობის ვარაუდს ქმნის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების 2017 წლის 10 ივლისის №04-06-09/1562 შეტყობინება, რომლითაც ცარო ღვენცაძეს მისი წერილის პასუხად ეცნობა, რომ მისი მეუღლის ზ. ღ-ის სახელმწიფო გასაცემელი ჩარიცხულია 2009 წლის 1 აპრილის ჩათვლით, 2009 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო გასაცემელი შეწყვეტილია სხვადასხვა მიზეზით, თანხა ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 14 სექტემბრის №04-06/14540 წერილში მითითებულია ის გარემოება, რომ ხონის რაიონულ განყოფილებაში არსებული ინფორმაციით მოქალაქე ზ. ღ-ე ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. იმ გარემოებების ზუსტად დადგენას, თუ რა ფაქტობრივი მიზეზებით იყო შეჩერებული პენსიის გაცემა, რა დროს წარმოიშვა ეს მიზეზები და რა სამართლებრივი საფუძვლებით იყო განპირობებული, მნიშვნელობა ენიჭება უფლების შემდგომი რეალიზების თვალსაზრისით, რადგან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტერმინის - „გარდაცვალების“ განმარტების თანახმად, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ამ კანონის მიზნებისთვის წარმოადგენს პირის გარდაცვლილად მიჩნევის საფუძველს, რაც კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პენსიის შეწყვეტის საფუძველია, ხოლო თუ დადგინდება, რომ ზ. ღ-ისათვის პენსიის შეწყვეტის საფუძველი - უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ფაქტი არსებობდა 2009 წელს, მაშინ მისი გარდაცვლილად გამოცხადების მომენტში სამკვიდრო ქონებაში ვერ შევიდოდა ვერც 2012 წლის 1 მაისამდე მიუღებელი პენსიის მოთხოვნის უფლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არ მოიპოვება მოცემული დავის გადაწყვეტისთვის საჭირო სათანადო მტკიცებულებები. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში კი საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დგინდება ზ. ღ-ის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის საფუძველი, რაც იმ გარემოების დასადგენად ეცნობა თუ არა მას კანონით დადგენილი წესით პენსიის შეჩერების საფუძვლების შესახებ, არსებითი მნიშვნელობისაა. აღნიშნული გარემოების დადგენა ასევე შეუძლებელია კანონიერ ძალაში შესული სამტრედიის რაიონული სასამართლოს ხონის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილით, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილებით ზ. ღ-ის გარდაცვლილად გამოცხადება ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი და დამატებით მოძიებული მტკიცებულებების (მათ შორის, ხონის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების) ერთობლიობაში შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე, უნდა დაადგინოს ის გარემოება, ზ. ღ-ისათვის პენსიის შეჩერების საფუძველი იყო თუ არა მისი უგზო-უკლოდ დაკარგულად აღიარება ან უგზო-უკლოდ დაკარგვის ფაქტი (ვინაიდან, პირის გარდაცვლილად აღიარებისათვის აუცილებელია მისი მინიმუმ 5 წლის განმავლობაში დაკარგვის ფაქტი, სსკ-ის 22-ე მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო ამ ფაქტის გამორიცხვის შემთხვევაში, იმსჯელოს ც. ღ-ისათვის პენსიის ანაზღაურების საფუძვლებზე და ასანაზღაურებელი პენსიის შესაძლო ოდენობის თაობაზე (მათ შორის, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით), იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ცალკე სადავოდ არ ხდის ზ. ღ-ისათვის პენსიის შეჩერების და შეწყვეტის კანონიერებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ც. ღ-ის სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან, ც. ღ-ეს მისი მამკვიდრებლის, მეუღლის ზ. ღ-ის სიკვდილის მომენტისთვის არსებულ ქონებრივ უფლებებზე მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წარმოეშვა მისი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადების დღიდან (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი) - 2017 წლის 6 აპრილიდან. ც. ღ-ის მიერ გარდაცვლილად გამოცხადებული მეუღლის კუთვნილი პენსიის მოთხოვნის საფუძველს ქმნის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ც. ღ-ემ 1 წლის ვადაში მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მამკვიდრებლის მიუღებელი პენსიის მოთხოვნით. შესაბამისად, არ არსებობს ხანდაზმულობაზე მითითებით მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა აუცილებელია დადგინდეს ეკუთვნოდა თუ არა ზ. ღ-ეს გარდაცვალების დროისთვის პენსია და შესაბამისად, რა ოდენობის თანხის მიღების უფლება გადავიდა მის მემკვიდრეზე.
საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად არასწორად მიუთითეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის №ბს-575-572(კ-17) გადაწყვეტილებაზე, როგორც მსგავს საქმეებზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, ვინაიდან, შესაბამისი გადაწყვეტილება შეეხებოდა აბსოლუტურად განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე