საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-102(ს-21) 19 თებერვალი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შევამოწმე ლ. ჯ-ას საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის დადგენილებაზე.
2020 წლის 14 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პატიმარმა ლ. ჯ-ამ საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2020 წლის 1 აპრილის დისციპლინური ღონისძიების - გაფრთხილების შესახებ №20/106582 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით ლ. ჯ-ას საჩივარი სადავო განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს დადგენილება ლ. ჯ-ამ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით ლ. ჯ-ას საჩივარი დაუშვებლობის მოტივით დარჩა განუხილველი. ამავე დადგენილებით საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დადგენილება საჩივრით გაასაჩივრა ლ. ჯ-ამ. საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საჩივრის და გასაჩივრებული დადგენილების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ას საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსის XIV თავით მოწესრიგებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები. ამავე კოდექსის 86-ე მუხლით მოწესრიგებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელის გასაჩივრების წესი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის დისციპლინურ სახდელთან დაკავშირებით საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, ანუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ პენიტენციური დაწესებულების დისციპლინური ღონისძიების შესახებ განკარგულების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, დავა პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვით სრულდება. რაიონული/საქალაქო სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და ზემდგომი ინსტანციის მიერ, მით უფრო, საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. სწორედ ამიტომ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით ლ. ჯ-ას საჩივარი დაუშვებლობის მოტივით დარჩა განუხილველი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დადგენილებით მხარეს მართებულად განემარტა, რომ დადგენილება საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ას საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით, პატიმრობის კოდექსის 86-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ლ. ჯ-ას საჩივარი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე