Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1211(კ-19) 04 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: ე. შ-ი, ეკ. შ-ი, მ. შ-ი, ფ. შ-ი, ჯ. შ-ი (მესამე პირები);

მოწინააღმდეგე მხარეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე), ანა ქავთარაძე (მოსარჩელე);

მესამე პირები - ე. მ-ი, ჟ. ს-ე;

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ანა ქავთარაძემ 2017 წლის 27 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოპასუხის 2017 წლის 05 ივლისის N... და 2012 წლის 13 იანვრის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 აგვისტოსა და 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ე. მ-ი, ე. შ-ი, ეკ. შ-ი, მ. შ-ი, ფ. შ-ი და ჯ. შ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ანა ქავთარაძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება და მოპასუხეს, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ფ. შ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ჟ. ს-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ფ. შ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. შ-ის, ეკ. შ-ის, მ. შ-ის, ფ. შ-ისა და ჯ. შ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. შ-ის, ეკ. შ-ის, მ. შ-ის, ფ. შ-ისა და ჯ. შ-ის საკასაციო საჩივარი ე. შ-ის, ეკ. შ-ის, მ. შ-ისა და ჯ. შ-ის მოთხოვნის ნაწილში დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება და მოპასუხეს, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ფ. შ-ი, რაც მათ მიერ გამოხატულ იქნა სააპელაციო საჩივრის წარდგენით. საქმეში მესამე პირად ჩაბმულ ე. შ-ს, ეკ. შ-ს, მ. შ-სა და ჯ. შ-ს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ეტაპზე, საქმის განხილვის შედეგს სადავოდ არ ხდიდნენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს ე.წ. „ნახტომისებური კასაციის“ ინსტიტუტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, პირდაპირ საკასაციო სასამართლოსათვის მიმართვა არ დაიშვება. მართალია, ამ შემთხვევაში, მხარე ფორმალურად სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს და არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, მაგრამ, რეალურად, სადავოდ ხდის საქმის განხილვის იმ შედეგს, რომლის წინააღმდეგაც სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრმა და ფ. შ-მა გაასაჩივრეს. ე. შ-ს, ეკ. შ-ს, მ. შ-სა და ჯ. შ-ს საკუთარი ინტერესების დასაცავად სააპელაციო სასამართლოსათვის თავად უნდა მიემართათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგს სადავოდ არ ხდიდნენ. სააპელაციო სასამართლოს საქმეზე ახალი გადაწყვეტილება არ მიუღია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების გარეშე კი, ე. შ-ის, ეკ. შ-ის, მ. შ-ის, ფ. შ-ისა და ჯ. შ-ის საკასაციო საჩივარი ე. შ-ის, ეკ. შ-ის, მ. შ-ისა და ჯ. შ-ის მოთხოვნის ნაწილში, დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. შ-ის, ეკ. შ-ის, მ. შ-ის, ფ. შ-ისა და ჯ. შ-ის საკასაციო საჩივარი ე. შ-ის, ეკ. შ-ის, მ. შ-ისა და ჯ. შ-ის მოთხოვნის ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი