საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-648(კ-19) 26 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეები)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2019წ. განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
08.06.2016წ. შპს „...ი“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.02.2016წ. N1 შერჩევითი შემოწმების შუალედური აქტისა და შპს ,...ის” ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04-156/ო ბრძანებით შექმნილი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 06.05.2016წ. №04/36380 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, 26.02.2016წ. ჩაბარდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.02.2016წ. შერჩევითი შემოწმების შუალედური აქტი N1, რომლის თანახმად, შპს „...მა“, როგორც ...მა დაწესებულებამ, 107 დაფინანსებულ შემთხვევაზე არასწორად მოითხოვა მომსახურების ღირებულება, შესაბამისად, დაარღვია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანების მოთხოვნები. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებას დაეკისრა 198474,2 ლარის ანაზღაურება (მათ შორის - ანაზღაურებული შემთხვევის უკან დასაბრუნებელი თანხა - 180432 ლარი და დამატებითი ფინანსური ჯარიმა 18043,2 ლარი). სააგენტოს 06.05.2016წ. N04/36380 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა 26.02.2016წ. №1 შერჩევითი შემოწმების აქტი. მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაიზიარა მისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო დაწესებულების საწოლების რაოდენობა და ფასი არ წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით გათვალისწინებულ „შემთხვევას“. ამასთანავე, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმსჯელა იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო დაწესებულებამ შემთხვევის ღირებულება განსაზღვრა სახელმწიფო უწყების მხრიდან მიღებული კონსულტაციის შედეგად, საბიუჯეტო თანხების გაცემის სისწორე სადავო არ გამხდარა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.02.2017წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია უფლებამოსილი ორგანოს მიერ შპს ,...ში” 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში შემთხვევების შერჩევითი შემოწმების ფაქტი, რის შედეგადაც გამოვლინდა „კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.03.2015წ. №04-92/ო ბრძანების მოთხოვნათა დარღვევა (114 შემოწმებული შემთხვევიდან 107 დაფინანსებულ შემთხვევაზე შპს „...ს“ მომსახურების ღირებულება მოთხოვნილი ჰქონდა არასწორად). სასამართლოს განმარტებით, ფიზიკური პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ გახდება იურიდიული პირის ადმინისტრაციული ან/და სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. საქმეზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი შპს „...ის“ მხრიდან სამედიცინო შემთხვევების შესახებ ისეთი მონაცემებისა და დოკუმენტაციის წარდგენა მოპასუხისათვის, რომლებიც არ ასახავდა სინამდვილეს. აღნიშნულმა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. სამედიცინო დაწესებულების კონტროლისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, გამოყენებული დამატებითი ფინანსური ჯარიმები შემსრულებელს არ ათავისუფლებს გამოვლენილი დარღვევით მოთხოვნილი თანხების უკან დაბრუნებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,...მა“ დაარღვია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით” გათვალისწინებული ვალდებულებები, შესაბამისად, საფუძვლიანია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნისა და დამატებითი საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.02.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...მა“. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო შუალედური აქტი შედგენილია საგამოძიებო ორგანოს სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე და მასში ასახულია არა 2016 წლის 1 ინვრამდე, არამედ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების შედეგი. სასამართლომ არ გაითვალისწინა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შეუსაბამობა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანების ნორმებთან. სასამართლო გადაწყვეტილება დაეყრდნო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებას და უგულებელყო ის გარემოება, რომ შუალედური აქტის სამოტივაციო ნაწილში შემოწმების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანება გასაჩივრებული აქტების უპირობოდ ბათილად ცნობის საფუძველს წარმოშობს. მითითებული ბრძანება ვრცელდება 2015 წლის პირველი აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო სადავო აქტი ასახავს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებულ შემთხვევებს. სადავო პერიოდზე 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანებით განსაზღვრული სატარიფო მოთხოვნების გავრცელება კანონის დარღვევაა, შესაბამისად, შპს „...ს" კანონშეუსაბამოდ აქვს დაკისრებული 198474,2 ლარის ანაზღაურება. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ დარღვევებმა, რომლებზეც საგამოძიებო ორგანოები ედავებოდნენ შპს „ ...ის" დირექტორს, გამოიწვია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლიდან გამომდინარე, შპს „...ის" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი აღარ უნდა დამდგარიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2019წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,...ის“ სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.02.2017წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ 20.1 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება - სოციალური მომსახურების სააგენტო, ვალდებულია განახორციელოს პროგრამების ზედამხედველობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და პროგრამის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას დააკისროს მიმწოდებელს ფინანსური ჯარიმა დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია, ზედამხედველობის, ინსპექტირების და რევიზიის საფუძველზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, მოსთხოვოს მიმწოდებელს კონტროლის (ინსპექტირების) საფუძველზე გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. მითითებული „პროგრამების“ 151.3 მუხლის შესაბამისად, კონტროლი შესაძლებელია განხორციელდეს შერჩევითი შემოწმების გზით, პროგრამის განმახორციელებლის მიერ, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე, ხოლო მე-151.5 მუხლის თანახმად, კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი, რომლითაც მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. ამავე „პროგრამების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 19.3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველი არსებობს, თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს, ხოლო 19.11 მუხლის თანახმად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის ან რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უფლებამოსილმა ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ შპს ,...ში“ განახორციელა შერჩევითი შემოწმება 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებულ შემთხვევებზე. შემოწმდა ინტენსიური მკურნალობა-მოვლის 114 შემთხვევა და შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ შპს „...ი“ წარმოადგენდა ...ი სტაციონარული ტიპის დაწესებულებას, სადაც საწოლების მთლიანი რაოდენობა შეადგენდა 29 ერთეულს. აღნიშნულის მიუხედავად, შპს ,...ს” ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, „კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანებით დადგენილი ტარიფების უგულებელყოფით, კალკულაციით მოთხოვნილი ჰქონდა 270 ლარი თითოეულ პროგრამულ შემთხვევაზე/მკურნალობის ეპიზოდზე, როგორც მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც აქვს 50 საწოლზე მეტი. ამდენად, ვინაიდან 114 შემოწმებული შემთხვევიდან 107 დაფინანსებულ შემთხვევაზე შპს ,...ს“ მომსახურების ღირებულება მოთხოვნილი ჰქონდა არასწორად, მას დაეკისრა საჯარიმო სანქცია, სულ 198 474.2 ლარის ოდენობით (მათ შორის, ანაზღაურებული შემთხვევის უკან დასაბრუნებელი თანხა - 180 432 ლარი, ხოლო ფინანსური ჯარიმა - 18 043.2 ლარი).
სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ფიზიკური პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ გახდება იურიდიული პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი თუ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ერთად, პირს ეკისრება მისი ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება შპს ,...ის“ მიერ სამედიცინო შემთხვევების შესახებ ისეთი მონაცემებისა და დოკუმენტაციის წარდგენა მოპასუხისათვის, რომელიც არ ასახავდა სინამდვილეს. აღნიშნულმა გამოიწვია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და დიდი ოდენობით ზიანი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამედიცინო დაწესებულების კონტროლისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში გამოყენებული დამატებითი ფინანსური ჯარიმა შემსრულებელს არ ათავისუფლებს გამოვლენილი დარღვევით მოთხოვნილი თანხის უკან დაბრუნებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, შპს „...მა“ დაარღვია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით” მასზე დაკისრებული ვალდებულებები, შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნასა და დამატებითი საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე, საფუძვლიანია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2015 წლის თებერვალში შეტანილი ცვლილების შემდეგ, საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით პროგრამის მონაწილის შემოწმების ვადა 3 წლის ნაცვლად განისაზღვრა 5 წლით. ნორმატიულ აქტში არავითარი დათქმა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ ცვლილებას გააჩნია უკუქმედების ძალა და ვრცელდება 2013 წლის თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. გარდა ამისა, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებაში 2015 წლის ოქტომბრის ცვლილების განხორციელებამდე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება, განეხორციელებინა კონტროლის ღონისძიებები. ამ შემთხვევაშიც ნორმატიულ აქტში არავითარი დათქმა არ არსებობს, რომ ცვლილება ვრცელდება 2013 წლის თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, შპს „...ის“ შემოწმება განეხორციელებინა 2013 წლის 28 თებერვლიდან არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული უფლებამოსილება, შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით, გააჩნდა მხოლოდ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2019წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2020წ. განჩინებით შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და სსკ-ის 408.3 მუხლის საფუძველზე, დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა. ამავე სასამართლოს 26.01.2021წ. განჩინებით, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს კასატორის მოსაზრების უსაფუძვლობაზე, რომელიც სადავო შემოწმების პერიოდთან მიმართებაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილების არარსებობას შეეხება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის შესაბამისად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. ამასთან, „პროგრამის“ 2015 წლის 23 თებერვლის ცვლილებამდე მოქმედი რედაქციის 9.2. მუხლის თანახმად, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებდნენ პროგრამის განმახორციელებელი (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. მითითებულ „პროგრამებს“ 23.02.2015წ. ცვლილებით დაემატა 151 მუხლი, რომელიც პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლს შეეხება. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტით დადგინდა, რომ კონტროლი შესაძლებელია განხორციელდეს შერჩევითი შემოწმების გზით, პროგრამის განმახორციელებლის მიერ, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე, ხოლო 151.5 მუხლის შესაბამისად, კონტროლის განხორციელებისას უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს შემოწმების აქტს, რომლითაც მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულების შემოწმების პროცესი დაიწყო 2016 წელს და შესაბამისი შედეგები აისახა 26.02.2016წ. შერჩევითი შემოწმების აქტში. ამდენად, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ 23.02.2015წ. განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო სადავო ადმინისტრაციული წარმოების დროს უკვე წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს. ის გარემოება, რომ შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდს, ეჭვქვეშ არ აყენებს აღნიშნული ორგანოს უფლებამოსილებას 23.02.2015წ. ცვლილებამდე გამოვლენილ შემთხვევებთან მიმართებაში, რამდენადაც არ დგინდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მინიჭებული კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების შეუსაბამობა ნორმატიულ აქტში 23.02.2015წ. ცვლილებამდე სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებულ უფლებამოსილებასთან.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არარელევანტურად მიიჩნევს კასატორის მხრიდან იმ გარემოებაზე მითითებას, რომ სადავო პერიოდზე არ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებაში 2015 წლის ცვლილებით ამოქმედებული კონტროლის განხორციელების ხუთწლიანი ვადა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში განსაზღვრული შემოწმების პერიოდის გათვალისწინებით (28.02.2013-01.01.2016წწ.), მოსარჩელისათვის საუარესო მდგომარეობას არ ქმნის ის გარემოება, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 151.2 მუხლი 26.10.2015წ. ცვლილების განხორციელებამდე ითვალისწინებდა კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას შემთხვევის დასრულებიდან 3 (სამი) კალენდარული წლის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის 26.10.2015წ. ცვლილების შემდეგ ამოქმედებული რედაქციით, შესაბამისი კონტროლის განხორციელების ვადად განსაზღვრულია შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარული წელი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაზე ნორმატიული აქტის ძველი რედაქციის გავრცელების შემთხვევაშიც, 2015 წლის 26 ოქტომბრამდე უკუთვლით სამწლიანი პერიოდი სრულად მოიცავს სადავო შემთხვევაში შესამოწმებლად არჩეულ პერიოდს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის გაზრდა პირდაპირ გავლენას არ ახდენს მხარის იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მიზნებისათვის, ამ დედგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. ამასთან, შემთხვევათა ზედამხედველობის ეტაპებს წარმოადგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი და პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი. („პროგრამის“ 9.4 მუხლი). მითითებული „პროგრამის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 151.3 მუხლის შესაბამისად, კონტროლის განხორციელება შესაძლებელი იყო შერჩევითი შემოწმების გზით, პროგრამის განმახორციელებლის მიერ, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კონტროლის განხორციელებისას ხდებოდა მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, კონტროლის განხორციელებისას უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენდა შემოწმების აქტს, პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომლითაც მიმწოდებელს შეიძლებოდა დაკისრებოდა ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. „პროგრამის“ მე-19 მუხლი ადგენს კონტროლის განხორციელების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისათვის საჯარიმო სანქციის დაკისრების წესს. სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 19.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისათვის გამოსაყენებელი საჯარიმო სანქციის სახეს წარმოადგენდა უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება, ხოლო 19.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა დამატებითი ფინანსური ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობას. 19.3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველი არსებობს, თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს. ამასთან, 19.11 პუნქტის თანახმად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის ან რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით.
უდავოა, რომ მოსარჩელე - შპს „...ი“ წარმოადგენს ზემოაღნიშნული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ სუბიექტს - პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო სადავო პერიოდში წარმოადგენდა პროგრამის განმახორციელებელს და უფლებამოსილი იყო, ზემოაღნიშნული პროცედურის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებაში განეხორციელებინა შემოწმება, შესაბამისი აქტის შედგენით. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების საფუძველზე, შპს ,...ში” განხორციელდა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმება. 26.02.2016წ. N1 შერჩევითი შემოწმების შუალედური აქტით დგინდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ შეამოწმა ინტენსიური მკურნალობა-მოვლის 114 შემთხვევა და დაადგინა, რომ შემოწმებულთაგან 107 დაფინანსებულ შემთხვევაზე შპს ,...ს“ მომსახურების ღირებულება მოთხოვნილი ჰქონდა არასწორად, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შპს „...ი“ ...ი სტაციონარული ტიპის დაწესებულებაა და მისი საწოლების მთლიანი რაოდენობა 29 ერთეულს შეადგენს, მითითებული პროგრამის ფარგლებში, კალკულაციით მოითხოვა 270 ლარი თითოეულ პროგრამულ შემთხვევაზე/მკურნალობის ეპიზოდზე, როგორც მრავალპროფილურმა სამედიცინო დაწესებულებამ, 50-ზე მეტი საწოლით. ამდენად, მიჩნეულ იქნა, რომ შპს „...მა“ მომსახურების ღირებულება მოითხოვა არასწორად, დარღვეულია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში „კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები, რომლითაც 50 ან ნაკლები ოდენობის საწოლზე, ...ი დაწესებულებებისათვის (გარდა ...სა და ქ. ...სა), კრიტიკული მდგომარეობის/ინტენსიური თერაპიის I დონის ღირებულებად განსაზღვრულია 170 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებას საჯარიმო სანქციის სახით დაეკისრა 198 474.2 ლარის ანაზღაურება (მათ შორის, ანაზღაურებული შემთხვევის უკან დასაბრუნებელი თანხა - 180 432 ლარი და ფინანსური ჯარიმა - 18 043.2 ლარი). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.05.2016წ. №04/36380 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა 26.02.2016წ. N1 შერჩევითი შემოწმების შესახებ შუალედური აქტი.
საკასაციო სასამართლო, განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის საყურადღებოდ მიიჩნევს სადავო 26.02.2016წ. აქტით სამედიცინო დაწესებულების შესამოწმებელად განსაზღვრულ პერიოდს და შესაბამის პერიოდში გამოვლენილ დარღვევებთან მიმართებაში დაწესებულებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად მითითებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანებას.
როგორც აღინიშნა, საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, ამ პროგრამის მიზნებისათვის ადგენს სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის საფუძვლებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ „პროგრამის“ 20.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულების შესაძლებლობას, ზედამხედველობის ეტაპების მიხედვით, ამ დადგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი პირობები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დადგენილებით და მოქმედი კანონმდებლობით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანება, რომლის მოთხოვნებთან შეუსაბამობაც საფუძვლად დაედო სადავო შემოწმების აქტით მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულების სანქცირებას, სწორედ ზემოაღნიშნული პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი პირობების შემცველი აქტია - „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ საფუძველზე, პროგრამის ადმინისტრირების ეფექტურობისა და განხორციელების პროცესის რიგი საკითხების დაზუსტების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანებით დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის ტარიფები. ბრძანებაში მითითებულ იქნა, რომ დადგენილების დანართი N1.2-ის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) განსაზღვრული მომსახურების (მათ შორის: კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის შემთხვევაში უწყვეტად 21 დღის შემდეგ დაყოვნება, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და ჰემოტრანსფუზია) ანაზღაურება უნდა მოხდეს დადგენილების 22.4 მუხლის მიხედვით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს განმახორციელებლის მიერ ამ ბრძანების N1 დანართით დადგენილი ტარიფით (თავის მხრივ, „პროგრამის“ 22.4 მუხლი მიუთითებს, რომ 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის თანახმად (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ), განმახორციელებელთან წარადგინოს დანართი №1.1-ით, დანართი №1.2-ით, დანართი №1.3-ით და დანართი №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე, ხოლო შემდგომ - დოკუმენტური ფორმით. ამავე „პროგრამის“ N1.2 დანართი შეეხება გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობებს).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე და დადგინდა, რომ მისი მოქმედება უნდა გავრცელდეს 2015 წლის პირველი აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამდენად, „პროგრამის“ ფარგლებში შემოწმებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, მითითებული ბრძანებით განსაზღვრულ პირობებთან მხოლოდ იმ შემთხვევების შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობა მიეცა, რომლებიც 2015 წლის პირველი აპრილიდან წარმოიშობოდა. მოცემულ შემთხვევაში, „პროგრამის“ ფარგლებში სამედიცინო დაწესებულების შემოწმების პერიოდი მოიცავდა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე დაფიქსირებულ შემთხვევევებს, თუმცა სადავო შემოწმების აქტი, გამოვლენილი დარღვევების შეუსაბამობას მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით პირობებთან მიმართებაში ადგენს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. Nბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, 26.02.2016წ. N1 შერჩევითი შემოწმების შუალედური აქტი არ იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, შესამოწმებელი პერიოდის რომელ ნაწილს მოიცავდა გამოვლენილ შემთხვევათა ჯამი (მხოლოდ 2015 წლის პირველი აპრილის შემდგომ თუ 2015 წლის პირველ აპრილამდე პერიოდსაც), შესაბამისად, გაურკვეველია - შემთხვევებზე სწორედ გავრცელდა თუ არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანების მოქმედება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევა არსებითი მნიშვნელობისაა, რამდენადაც, გავლენას ახდენს მოსარჩელისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის მოცულობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ გამოვლენილი შემთხვევები 2015 წლის პირველ აპრილამდე პერიოდსაც მოიცავს, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს ამ შემთხვევებთან მიმართებაში 31.03.2015წ. N04-92/ო ბრძანების გავრცელების შესაძლებლობა და შემცირებას უნდა დაექვემდებაროს საჯარიმო სანქციის ოდენობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის და შეფასების შედეგად, გამოვლენილ შემთხვევათა პერიოდის გათვალისწინებით, დადგენილი წესის შესაბამისად, ზუსტად უნდა განსაზღვროს როგორც ანაზღაურებული შემთხვევის უკან დასაბრუნებელი თანხის, ისე ფინანსური ჯარიმის ოდენობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები: გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.02.2016წ. N1 შერჩევითი შემოწმების შუალედური აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამასთან, სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნული აქტი, ამასთან, ვინაიდან „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მოქმედი რედაქციით, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 06.05.2016წ. №04/36380 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე: საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04-156/ო ბრძანებით შექმნილ სათათბირო ორგანოს (კომისიას) გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გააკეთა დასაბუთებული დასკვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.02.2016წ. №1 შერჩევითი შემოწმების შუალედური აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04-156/ო ბრძანებით შექმნილი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 06.05.2016წ. №04/36380 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სადავო საკითხის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შპს „...ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სულ 550 ლარის) ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04-156/ო ბრძანებით შექმნილი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2016 წლის 6 მაისის №04/36380 გადაწყვეტილება;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.02.2016წ. №1 შერჩევითი შემოწმების შუალედური აქტი და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
6. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 ლარის (100+150+300) ანაზღაურება;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე