Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-409(კ-20) 19 თებერვალი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ს-ა

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ს-ამ 2017 წლის 20 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №04/65316 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ოთხი თვის მიუღებელი შემწეობის - 400 ლარის გაცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №04/65316 გადაწყვეტილება და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა მოსარჩელისათვის ოთხი თვის მიუღებელი საარსებო შემწეობის - 400 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭება წარმოადგენს კომპლექსური ხასიათის პროცედურას და დამოკიდებულია სხვადასხვა ცვლადზე, რომლებიც ასახულია ოჯახის დეკლარაციაში. სარეიტინგო ქულის სიდიდეზეა დამოკიდებული სოციალური დახმარების მიღების უფლების მოპოვება. სააგენტოში დაცული ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულა 2013 წლის 4 ივნისს განისაზღვრა 31790 ერთეულით, 2017 წლის 5 მაისის გადამოწმებისას კი - 67050 ერთეულით და ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა. ამასთან, მოსარჩელის ოჯახს 2017 წლის 14 ივლისს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 55130 ერთეული და მოიპოვა ფულადი სოციალური დახმარების მიღების უფლება ორ წევრზე 100 ლარის ოდენობით.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სადავო შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სააგენტოს თანამშრომელმა დეკლარაციაში ასახა სრულად, მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე კი მოსარჩელე იყო პასუხისმგებელი. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ოჯახს ოთხი თვის განმავლობაში მართებულად ჰქონდა საარსებო შემწეობა შეწყვეტილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „წესის“ მიხედვით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახისთვის, დეკლარაციის არასწორად შევსების გამო, საარსებო შემწეობის შეწყვეტის კანონიერება და მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ხოლო მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, ხოლო იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანხმად, გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საარსებო შემწეობის დანიშვნა/შეჩერება/შეწყვეტა პირდაპირ უკავშირდება ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობას, აუცილებელია, რომ ოჯახის როგორც პირველი, ისე ყოველი შემდეგი შემოწმებისას ოჯახის დეკლარაცია შეივსოს სწორად, ინფორმაციის ზუსტად და დეტალურად მითითებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. ს-ას ოჯახი 2013 წლიდან იღებდა საარსებო შემწეობას, თუმცა 2017 წლის 6 მაისს მოსარჩელის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შედეგად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემებიდან გამომდინარე, მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 67050 ერთეულით და შეუწყდა სოციალური დახმარება. ამასთან, დადგენილია, რომ ოჯახის დეკლარაციაში მონაცემები არასწორად იქნა შეტანილი, კერძოდ, არ იქნა მითითებული, რომ მოსარჩელის მეუღლე - იგორ ზორინი სიცოცხლისთვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას. მოსარჩელის ოჯახის დეკლარაციაში მონაცემების არასწორად მითითებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ 2017 წლის 23 ივნისს განხორციელდა ოჯახის დეკლარაციაში მონაცემების კორექტირება და გადაითვალა სარეიტინგო ქულა, რომელმაც შეადგინა 55130 ერთეული და შედეგად, ოჯახს აღუდგა საარსებო შემწეობა. ამრიგად, უდავოა, რომ მოსარჩელეს 4 თვის განმავლობაში შემწეობა შეწყვეტილი ჰქონდა დეკლარაციაში მონაცემების არასწორად შეყვანის გამო, ვინაიდან არ მიეთითა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. ამასთანავე, მართალია, მოსარჩელემ მოაწერა ხელი ოჯახის დეკლარაციას, თუმცა მოცემული გარემოება არ გამორიცხავდა სააგენტოს თანამშრომლის მიერ ფაქტობრივი ვითარების სრულყოფილად გამოკვლევის, ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და გადამოწმების ვალდებულებას. შესაბამისად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადასტურებულია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, მოსარჩელის ოჯახს, ასევე, უნდა აუნაზღაურდეს ოთხი თვის მიუღებელი შემწეობა 400 ლარის ოდენობით. ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობას, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე