Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1232(კ-19) 24 თებერვალი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ლ. ბ-ე, ზ. ბ-ე, გ. ყ-ა, დ. ბ-ე

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ბ-ემ, ზ. ბ-ემ, გ. ყ-ამ და დ. ბ-ემ 2017 წლის 30 იანვარს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისთვის 2007 წლის 3 მაისის კონტრაქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების - მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის, ზ. ბ-ის, გ. ყ-ასა და დ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის, ზ. ბ-ის, გ. ყ-ასა და დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ბ-ის, ზ. ბ-ის, გ. ყ-ასა და დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა 2007 წლის 3 მაისს დადებული კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - მოსარჩელეებისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2007 წლის 3 მაისის კონტრაქტებიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეებს კონტრაქტებით განსაზღვრული პირობებით, 5 წლის განმავლობაში, კეთილსინდისიერად უნდა ემსახურათ სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტროს უნდა უზრუნველეყო ისინი საცხოვრებელი ბინებით. ამასთან, დ. ბ-ესთან, დამატებით, 2008 წლის 1 ოქტომბერს დაიდო 8-წლიანი კონტრაქტი. დადგენილია, რომ 2011 წელს თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეებს შორის შედგა შეთანხმების ოქმები და ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით, თუმცა მითითებული ვადის ამოწურვამდე, 2015-2016 წლებში კონტრაქტების მოქმედება შეწყდა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, რადგან მოსარჩელეებმა არ იმსახურეს კონტრაქტებით გათვალისწინებული ათწლიანი ვადის განმავლობაში, მათთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის წინაპირობები არ არსებობს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტებიდან გამომდინარე, მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის წინაპირობების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, რომლის 317-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია, ხოლო 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2007 წლის 3 მაისს ლ. ბ-ესთან, ზ. ბ-ესთან, გ. ყ-ასა და დ. ბ-ესთან, თითოეულთან დამოუკიდებლად, გააფორმა „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტები. აღნიშნული ხელშეკრულებებით სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, რომ სამხედრო მოსამსახურეებს კონტრაქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინებით, რომლებიც მათ უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდათ ამავე კონტრაქტებით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ. სამხედრო სამსახურის ვადად კი განისაზღვრა 5 წელი.

საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ 2011 წელს სამინისტროსა და მოსარჩელეებს შორის დაიდო შეთანხმების ოქმები, რომლებითაც 2007 წლის 3 მაისის კონტრაქტების მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან. ამასთან, აღნიშნული ათწლიანი ვადის გასვლამდე, 2015 წელს - გ. ყ-ა, დ. ბ-ე და ზ. ბ-ე, ხოლო 2016 წელს - ლ. ბ-ე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან და დათხოვნილ იქნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში.

საკასაციო პალატა, 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტების შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ ხუთწლიანი სამხედრო სამსახურის კეთილსინდისიერ შესრულებას უნდა გამოეწვია სამინისტროს მიერ სამხედრო მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემა. რაც შეეხება 2011 წელს კონტრაქტების მოქმედების ვადის 10 წლამდე გაგრძელებას, მხარეთა შორის დადებული შეთანხმებები ეხებოდა მხოლოდ სამუშაოს ხანგრძლივობას და არ შეიცავდა დათქმას ბინების საკუთრებაში გადაცემის წინაპირობების შეცვლაზე/გაუარესებაზე. შესაბამისად, ვინაიდან 2011 წელს დადებული შეთანხმების ოქმები უშუალოდ ბინების საკუთრებაში გადაცემის საკითხს არ აწესრიგებდა, ისინი არ უნდა იქნეს გათვალისწინებული სადავო საკითხის გადასაწყვეტად. ამდენად, რადგან მოსარჩელეებმა 2012 წელს ამოწურეს ბინების საკუთრებაში გადაცემისთვის აუცილებელი სამსახურის ხუთწლიანი ვადა, მათ მიერ ამავე პერიოდში მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება კი არ დასტურდება, სამინისტროს მართებულად დაევალა კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე