საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-448(კ-20) 19 თებერვალი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - თ. გ-ი, ი. გ-ი, დ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - დ. ბ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
თ. გ-მა, ი. გ-მა და დ. გ-მა 2017 წლის 6 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად - რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელეებმა 2017 წლის 30 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს დაზუსტებული სარჩელი და მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 7 სექტემბრის №... და 25 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების, ამავე სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 22 სექტემბრის №..., 2014 წლის 23 ოქტომბრის №..., 2014 წლის 23 ოქტომბრის №..., 2017 წლის 12 სექტემბრის №... და 2017 წლის 25 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება დ. ბ-ე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის, ი. გ-ისა და დ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 7 სექტემბრის №... გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 22 სექტემბრის №..., 2014 წლის 23 ოქტომბრის №..., 2017 წლის 12 სექტემბრის №..., 2017 წლის 25 ოქტომბრის №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებს არ გაუსაჩივრებიათ და შევიდა კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 სექტემბრის №... გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. გ-ის, ი. გ-ისა და დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყეტილება თ. გ-მა, ი. გ-მა და დ. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორები მიიჩნევენ, რომ სადავო ქონებაზე დ. ბ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა უკანონოდ, შესაბამისი საფუძვლის გარეშე, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. კასატორები აღნიშნავენ, რომ არაერთხელ მიმართეს მარეგისტრირებელ ორგანოს ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა სააპელაციო პალატამ დასახელებული გარემოება არ გაითვალისწინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ თ. გ-ის, ი. გ-ისა და დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხებს წარმოადგენს უძრავ ნივთზე მესამე პირის - დ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და ამ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, დასახელებული აქტების კანონიერებას საკასაციო პალატა ვერ შეაფასებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამრიგად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ყველა საჭირო დოკუმენტისა და ინფორმაციის წარდგენა კი წარმოშობს მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას, დაარეგისტრიროს პირის საკუთრების უფლება. ამასთანავე, შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდეს, შეწყდეს, ან პირს უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, დეტალურადაა მოწესრიგებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები სადავოდ ხდიან დ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას. დასახელებული აქტის გამოცემის საფუძველს კი წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ დ. ბ-ის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტი - ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის გასაჩივრებული და მისი უკანონობა კანონით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული. ამასთან, საგულისხმოა, რომ მესამე პირის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვამდე სადავო ნივთის ¾ წილი სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე 2010 წლიდან რეგისტრირებული იყო დალი მაჩაიძის სახელზე, ხოლო ნივთის ¼ წილი 2013 წლის აუქციონზე შეიძინა რუსუდან მახარაშვილმა. საქმეზე დადგენილია, რომ დალი მაჩაიძისა და რუსუდან მახარაშვილის საკუთრების უფლების რეგისტრაცია კანონიერად განხორციელდა, რასაც ადასტურებს მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილი, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გარდა ამისა, მათი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე, არ არის გაუქმებული. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უკანონობა არ დასტურდება, ვინაიდან კანონიერ ძალაშია მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მიღებული, წინამორბედი რეგისტრაციის შესახებ აქტები, ასევე, კანონიერ ძალაშია სადავო ნივთზე საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტები. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ დ. ბ-ემ მარეგისტრირებელ ორგანოში მესაკუთრედ აღრიცხული პირისგან კანონით დადგენილი წესით შეიძინა ნივთი, რაც ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, ახალი მესაკუთრის რეგისტრაციის წინაპირობას წარმოშობდა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უკანონობას არ ადასტურებს.
რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული აქტის კანონიერებას, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. მართალია, დასახელებული ნორმა არ გამორიცხავდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას, თავადაც შეეფასებინა საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, თუმცა ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ცალსახად დადასტურებულია დ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება და საკითხი დამატებით კვლევასა და შესწავლას არ საჭიროებს, ამასთან, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მსგავსი აქტის კანონიერებაზე ადმინისტრაციული საჩივრის ადმინისტრაციულ ორგანოში ერთჯერადად წარდგენის გარეშეც, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტა და სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. გ-ის, ი. გ-ისა და დ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - ი. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 6 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე