საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-975(კ-19) 24 თებერვალი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. ნ-ი
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ნ-მა 2017 წლის 3 აპრილს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ამავე სამსახურის უფროსის 2017 წლის 2 მაისის №MIA91701036556 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის რ. ნ-ის სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის დავალება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება და ამავე სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 2 მაისის №MIA91701036556 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვს ისეთი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას, რომელსაც არ გააჩნია საიდენტიფიკაციო მონაცემი. ავტომობილზე საიდენტიფიკაციო ნომერი დატანილია არასრულად, სატრანსპორტო საშუალების ჩარჩოს კოჭას კი აღენიშნება მოხსნისთვის დამახასიათებელი კვალი. შესაბამისად, საიდენტიფიკაციო მონაცემის დადგენა შეუძლებელია, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნებიც. საკასაციო საჩივრის თანახმად, ასეთ პირობებში გამორიცხულია საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გადაწყვიტა დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საკითხის ხელახლა შესწავლა რ. ნ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მაინც ვერ გამოიწვევს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რ. ნ-ის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ ვერ დგინდება ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინსტრუქციაზე“ (სადავო პერიოდში ინსტრუქციის სახელწოდება იყო „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“). დასახელებული „ინსტრუქციის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, მესაკუთრე ან მოსარგებლე ვალდებულია განახორციელოს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე „ინსტრუქციის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალებების პირველადი რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარსადგენ სავალდებულო დოკუმენტთა ნუსხას, მათ შორისაა დათვალიერების აქტი. დათვალიარება, „ინსტრუქციის“ მე-3 მუხლის მე-18 პუნქტიდან გამომდინარე, გულისხმობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის მიზნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანხმლებ დოკუმენტებთან ვიზუალურ შედარებას.
სადავო შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ რ. ნ-ის მიერ მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებისა და დოკუმენტებთან შედარებით ვერ მოხდა, რის გამოც დათვალიერების აქტი არ შედგენილა. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის შედგენის შეუძლებლობა ავტომატურად არ გულისხმობს ავტომობოლის რეგისტრაციის შეუძლებლობასაც. კანონმდებლობით ასეთ შემთხვევაში პირს ეძლება საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის გზით ტრანსპორტის რეგისტრაციის შესაძლებლობა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „ინსტრუქციის“ 81 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სააგენტოში რეგისტრირებულ ან რეგიტრაციისათვის წარმოდგენილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც: ა) დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და ვიზუალურად ვერ ხერხდება მისი ამოკითხვა; ბ) შეცვლილი აქვს ის მონაკვეთი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი); გ) შეცვლილი აქვს ნომრიანი აგრეგატი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი). მითითებული მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით კი განსაზღვრულია, რომ საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სააგენტოს თანამშრომლის მიერ, სააგენტოს ან/და სხვა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის მიერ საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) გამოკვლევის და დადგენის (დაზუსტების) საფუძველზე. სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა ემსახურება პირის საკუთრების უფლების დაცვას, მისი უფლებების ხელყოფის გამორიცხვას იმ შემთხვევებში, როდესაც მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება ტრანსპორტის იდენტიფიცირებისთვის საკმარისი არ არის, რადგან საიდენტიფიკაციო ნომერი დაზიანებულია ან შეცვლილია მონაკვეთი, რომელზეც ნომერი იყო დატანილი, თუმცა საიდენტიფიკაციო ნომერი შეიძლება დადგინდეს/დაზუსტდეს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად. ასეთი შემთხვევებისთვის კანონქვემდებარე აქტი პირდაპირ მიუთითებს მოკვლევის ჩატარების აუცილებლობაზე, რაც გულისხმობს, რომ უფლებამოსილმა პირმა სრულყოფილად უნდა შეისწავლოს ყველა საჭირო და სათანადო მტკიცებულება და ინფორმაცია, რაც სატრანსპორტო საშუალებისა და ნომრის იდენტიფიცირებაში დაეხმარება, მათ შორის, შესაძლებელია, ნივთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს დაევალოს ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, შესაბამისად, იგი როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, ისე უნდა შეფასდეს, ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში. თუკი მიუხედავად ყველა ღონისძიების გატარებისა, სააგენტოს თანამშრომელი მაინც ვერ შეძლებს საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენას, „ინსტრუქციის“ 81 მუხლის მე-10 პუნქტიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იქნება, უარი თქვას საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სააგენტო მიიჩნევს, რომ ვერ მოხდება საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა, რადგან შეუძლებელია ნომრის დადგენა. მსგავს დასკვნას სააგენტო ძირითადად ასაბუთებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 თებერვლის №001107217 დასკვნით, რომლის მიხედვითაც, ვინაიდან ავტომანქანის ჩარჩოს კოჭაზე (რამაზე) საიდენტიფიკაციო ნომერი არ აღმოჩნდა, ასევე, ბირკაზე არასრულადაა დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი - ... და ბირკას აღენიშნება მოხსნისთვის დამახასიათებელი კვლები, ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა შეუძლებელია. ამავე დასკვნის გამოკვლევის ნაწილის თანახმად კი, ბირკაზე დატანილი საიდენტიფიკაციო ნომრის მაჩვენებლები დათვალიერებულ იქნა გამადიდებელი შუშით და დადგინდა, რომ საშუალოდ ნომრის ანბანურ და ციფრობრივ აღნიშვნათა ზედაპირებზე ვიზუალურად ხილვადი გადაკეთებისთვის დამახასიათებელი ზემოქმედების კვლები არ შეინიშნება. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას, საკვლევ ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეცვლილი აქვს თუ არა ის მონაკვეთი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო (VIN კოდი) ნომერი.
ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, საკასაციო პალატა მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების დოკუმენტაციაზე, მათ შორის, პასპორტზე, რომელშიც ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომრად აღნიშნულია ..., ხოლო განსაკუთრებულ აღნიშვნებში - ჩარჩო .... პასპორტის შესაბამისად, 2009 წლის 24 იანვარს სატრანსპორტო საშუალება გასხვისებულ იქნა, ავტომანქანის ბოლო მესაკუთრედ კი აღნიშნულია რ. ნ-ი, 2016 წლის 6 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სატვირთო საშუალების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, „კამაზ ...-ის“ მარკის სატვირთო თვითმცლელი, საიდენტიფიკაციო ნომრით ..., რუსეთის ფედერაციის გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით მოიხსნა აღრიცხვიდან. სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მითითებულია რ. ნ-ი.
საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს 2017 წლის 13 იანვრის მიმართვა, რომლის თანახმადაც, ავტომანქანა (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ არ იძებნება, იგი მოხსნილია რეგისტრაციიდან რუსეთის ფედერაციაში საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. ამათანავე, საქართველოში ან საქართველოს მოქალაქის მიერ ავტომანქანის დანაშაულებრივი გზით დაუფლების, საიდენტიფიკაციო ნომრისა და დოკუმენტების გაყალბება არ დადასტურდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 8 დეკემბრის N1090/დტ დასკვნის მიხედვით კი, ექსპერტიზაზე წარდგენილი, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სარეგისტრაციო სერტიფიკატი ... დამზადებულია სტამბური წესით, შეესაბამება ანალოგიური სახის მქონე ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს და აქვს ნამდვილი დოკუმენტისთვის დამახასიათებელი დამცავი ნიშნები; დოკუმენტის გრაფებში არსებულ ჩანაწერებში ცვლილებები შეტანილი არ არის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია ყველა ზემოთ მითითებული დოკუმენტისა და ინფორმაციის, ასევე, განმცხადებლის პოზიციის შესწავლა და შეფასება. სადავო შემთხვევაში კი, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების გარეშე, რადგან სააგენტომ იხელმძღვანელა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო სხვა დოკუმენტებს არ მისცა სათანადო შეფასება, არ დაასაბუთა, რატომ მიანიჭა უპირატესობა კონკრეტულ მტკიცებულებას და საკითხის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა სხვა ინფორმაცია. შესაბამისად, არსებობდა დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის წინაპირობები. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 205190513) დაუბრუნდეს 2019 წლის 7 ივნისის №14334 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე