საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1342(კ-19) 19 თებერვალი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ი“
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „...ის“ წარმომადგენელმა 2016 წლის 7 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №03/62 და №03-40 ოქმებისა და 2 ნოემბრის №დად-181/06 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე, შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვირტუალური უარის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის №დად-181/06 დადგენილება, მის საფუძვლებთან - 2015 წლის 2 ოქტომბრის №03/62 და №03-40 ოქმებთან ერთად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №81 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისთვის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების ნაწილში და იმავე სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული აირგასამართი სადგურის ტექნიკური ინსპექტირებისას გამოვლინდა დარღვევები, რაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად, კომპანიის დაჯარიმების საფუძველი გახდა. კასატორი მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის გამოვლენა და მასზე რეაგირება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების გზით. საკასაციო საჩივრის ავტორი, ასევე, აღნიშნავს, რომ სააგენტოს ინსპექტირებისას დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა არ ევალებოდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს აირგასამართი სადგურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის შპს „...ის“ სამართალდამრღვევად მიჩნევისა და მისთვის სანქციის დაკისრების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ობიექტის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, ოთხი I ხარისხის არსებითი შეუსაბამობის გამოვლენაზე მითითებით, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის №დად-181/06 დადგენილებით, შპს „...ი“ დაჯარიმდა 800 ლარით. მიჩნეულ იქნა, რომ კომპანიამ დაარღვია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №81 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე „რეგლამენტის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას სადავოდ არ ხდის.
საკასაციო სასამართლო, კომპანიის სამართალდამრღვევად მიჩნევის საკითხის კანონიერების შემოწმებისას, მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №81 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მოწყობილობა და გაზსადენები ექსპლუატაციაში მიღებამდე ექვემდებარება ინდივიდუალურ გამოცდებს სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაზსავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გაზსადენები სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოიცდება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური გამოცდების დროს დადებითი შედეგების მიღწევისას გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მთელი ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისი შეკუმშული ბუნებრივი გაზის მიღებას, ექვემდებარება კომპლექსურ მოსინჯვას. მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადგურის ექსპლუატაციის წესების დასაცავად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, რომ მოწყობილობა, მთელი ტექნოლოგიური სისტემა და გაზსადენები შესაბამისი წესით იქნეს გამოცდილი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სადგური ინდივიდუალურ გამოცდებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიღებამდე ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ, მართალია, მიიჩნია, რომ გაზსავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გაზსადენი არ იყო გამოცდილი სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე, ხოლო მთელ ტექნოლოგიურ სისტემას არ ჰქონდა ჩატარებული კომპლექსური მოსინჯვა, თუმცა აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას სააგენტოს არ შეუსწავლია კომპანიის ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ფაქტი, რომლისთვისაც საწარმოს უნდა ჰქონოდა ჩატარებული მოწყობილობისა და გაზსადენის ინდივიდუალური გამოცდები. გარდა ამისა, საყურადღებოა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, შპს „ს...ის“ 2014 წლის 17 ოქტომბრის „გაზსადენის სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდის შესახებ“ და კომპლექსური მოსინჯვის აქტები, რომლებითაც დასტურდება, რომ გამოცდილ იქნა შპს „...ის“ აირსავსები გაზსადენი, სიმტკიცის გამოცდის პერიოდში საგამოცდო მანომეტრზე წნევის ვარდნა არ დაფიქსირებულა, ხოლო ჰერმეტულობაზე გამოცდის პერიოდში გაზსადენის მილების შეერთების ადგილებში გაჟონვებს ადგილი არ ჰქონია, ასევე, კომპლექსური მოსინჯვისას გამშვები-სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდა სრულად, ხარვეზები და დაუსრულებელი სამუშაოები არ აღმოჩნდა. ამდენად, შპს „ს...ის“ დასკვნის მიხედვით, გაზსადენი და გაზგასამართი სადგურის დანადგარები მზად იყო ექსპლუატაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული დოკუმენტაცია სადგურის ინსპექტირებისას არ წარუდგენია, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას, რომ სააგენტოს შეეძლო, თავად გამოეთხოვა მთელი რიგი მტკიცებულებები, რაც გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში, კვლევის ვალდებულებას კი არ გამორიცხავს და პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის კანონიერებას არ ადასტურებს მხოლოდ ის გარემოება, რომ ინსპექტირების მიმდინარეობა დროში შეზღუდულია. შესაბამისად, სააგენტომ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს დასახელებული დოკუმენტაცია.
რაც შეეხება შპს „...ის“ მიერ „ტექნიკური რეგლამენტის“ მე-19 მუხლის დარღვევას, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტოტრანსპორტის გაწყობისას გაზის წნევა არ უნდა აღემატებოდეს გაზსავსები სვეტისათვის დადგენილს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ხსენებული წესის დარღვევა - გაზის წნევის დაშვებული ნორმის გადაჭარბება სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს მითითებული დარღვევის არსებობის საკითხი და საქმის გარემოებები ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების გარეშე, რაც ქმნიდა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე