Facebook Twitter

საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქმე ბს-90(კ-21) 10 მარტი, 2021 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2020წ. გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. თ-მა 29.11.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.06.2018წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 03.08.2018წ. ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 30.10.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და თ. თ-ისათვის სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ჩამორთმეული 1320 ლარის ღირებულების ხე-ტყის დაბრუნების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2019წ. გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.06.2018წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 03.08.2018წ. ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 30.10.2018წ. გადაწყვეტილება, დადგინდა თ. თ-ისათვის ჩამორთმეული 1320 ლარის ღირებულების ხე-ტყის დაბრუნების საჭიროება, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება, ხოლო ზედმეტად გადახდილი ბაჟი - 50 ლარი დაუბრუნდა თ. თ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2020წ. გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.06.2018წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 03.08.2018წ. ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 30.10.2018წ. გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება, ხოლო ზედმეტად გადახდილი ბაჟი - 50 ლარი, დაუბრუნდა თ. თ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 01.03.2021წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, რითაც მოახდინა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სსკ-ის 378.2 მუხლის, 272-ე მუხლის `გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (სასკ-ის 3.2 მუხ.). ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებას ხელს აწერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გ. თინიკაშვილი, რომლის საგანმკარგულებო უფლებამოსილება დასტურდება განცხადებაზე თანდართული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20.02.2018წ. N71 ბრძანებით, რომლის თანახმად, გ. თინიკაშვილი აღჭურვილია სარჩელზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმის უფლებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 378.2, 272-ე მუხლის `გ~ ქვეპუნქტისა და სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;

3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე