№ბს-447(კ-20) 16 დეკემბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. ა-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 01 თებერვალს ა. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის შეღავათიანი პერიოდის - 1992 წლის 2 ნოემბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდის ერთი დღის სამ დღედ ჩათვლის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა. ა-ასათვის შეღავათიანი პერიოდის - 1992 წლის 2 ნოემბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდის ერთი დღის სამ დღედ ჩათვლა დაევალა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის პირველ, მე-11, მე-16 მუხლებზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების“ 43-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ა. ა-ა მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგებში. მისი ნამსახურობა, 1985 წლის 25 ივნისიდან 1987 წლის 15 მაისამდე პერიოდის და 1992 წლის 2 ნოემბრიდან 2010 წლის 30 იანვრამდე პერიოდის გათვალისწინებით, ჯამში შეადგენდა 19 წელს, 1 თვეს და 18 დღეს. ამდენად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა 1992 წლის 2 ნოემბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდში საომარი მდგომარეობის დროს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობიდან გამომდინარე, შესაბამისი პერიოდის ერთი დღის ჩათვლა ნამსახურობის სამ დღედ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების კადრების მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდებოდა, რომ ა. ა-ა, 1992 წლის 1 ნოემბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, შეიარაღებული ძალების სარდლის - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 1993 წლის 27 თებერვლის №149 ბრძანების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ... ...ის ...-ე ...ის ...თან დაკავშირებით, ... ... - ა. ა-ა, ... ... ...ის ..., გაწვეული და ხელშეკრულებით დანიშნული იყო ... ...ში 1992 წლის 11 დეკემბრიდან. პალატის მითითებით, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნამსახურობის ნუსხით დგინდებოდა, რომ ა. ა-ა 1992 წლის 2 ნოემბრიდან 1994 წლის 20 იანვრის ჩათვლით იყო ... საარტელიო ...ის ... ... ...ის .... აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არასწორად ჩაეთვალა შეღავათიან პერიოდად 1992 წლის 2 ნოემბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდი ერთი დღე სამ დღედ. კასატორის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 35-ე მუხლზე და განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის, ან შეიარღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის, ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. კასატორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედებდა არა №560 ბრძანება, არამედ თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" №1 ბრძანება, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო ბრძანებები, რომელიც დაადასტურებდა ა. ა-ას საომარი მოქმედებების დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ან უშუალოდ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტს. ამასთანავე, სადავო პერიოდში (1992-1993 წლებში) მოქმედი აქტებით არ წესრიგდებოდა ზემოაღნიშნული საკითხი. კასატორმა აღნიშნა, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ხოლო სამართლებრივი აქტები, რომლებზეც დაფუძნებულია სასამართლოს გადაწყვეტილება, არ ითვალისწინებს დათქმას უკუძალის შესახებ. აღნშნულიდან გამომდინარე, ისინი ვერ გავრცელდება 1992-1993 წლებში არსებულ ურთიერთობებზე.
კასატორის განმარტებით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, კომპენსაცია ენიშნებათ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. აღნიშნული კანონის იმპერატიული მოთხოვნით, სახელმწიფო კომპენსაციის წარმოშობის სავალდებულო მოთხოვნაა, რომ ნამსახურობა შეადგენდეს 20 და 20-ზე მეტ კალენდარულ წელს. ა. ა-ას ნამსახურობა კი 1985 წლის 25 ივნისიდან 1987 წლის 15 მაისამდე და 1992 წლის 2 ნოემბრიდან 2010 წლის 30 იანვრამდე შეადგენს 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს, კონკრეტულად - 19 წელს, 1 თვესა და 18 დღეს.
კასატორის მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებით“ წესრიგდება თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის და არა წელთა ნამსახურობის დაანგარიშების საკითხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების“ 43-ე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის, ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის, ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლებათ ნამსახურობის სამ დღედ. კონკრეტულ შემთხვევაში, ა. ა-ას სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება საჭიროებს ზემოთ მითითებული ნორმით განსაზღვრული პირობების არსებობის დადასტურებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების კადრების მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ცნობითა და საბრძოლო მოკვლევით დასტურდება, რომ ა. ა-ა, 1992 წლის 1 ნოემბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში (ს. ფ. 17-18). ამასთან, შეიარაღებული ძალების სარდლის - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 1993 წლის 27 თებერვლის №149 ბრძანების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ... ...ის ...-ე ...ის ...თან დაკავშირებით, ... ... - ა. ა-ა, ... ... ...ის ..., გაწვეული და ხელშეკრულებით დანიშნული იყო ... ...ში 1992 წლის 11 დეკემბრიდან. გარდა ამისა, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ნამსახურობის ნუსხით დგინდება, რომ ა. ა-ა 1992 წლის 2 ნოემბრიდან 1994 წლის 20 იანვრის ჩათვლით იყო ... ......ის ... ... ...ის ... (ს. ფ. 15). აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. ამდენად, საქმეში დაცული მასალები ცალსახად ადასტურებს 1992 წლის 1 ნოემბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ა. ა-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტს, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას ქმნის.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტაზე გავლენას ვერ მოახდენს საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს ძალადაკარგულად ცნობილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების გამოყენება, რადგან მოქმედი 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების 43-ე მუხლი აგრეთვე ითვალისწინებს განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობის ერთი დღის სამ დღედ ჩათვლის შესაძლებლობას. ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, შესაბამისი შეღავათიანი პერიოდის 1992-1993 წლებში არსებულ ურთიერთობებზე გავრცელების დაუშვებლობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე