#ბს-187(კ-20) 23 დეკემბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჩ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინება.
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 19 აპრილს გ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის მიუღებელი სუბსიდიის - 242 (ორასორმოცდაორი) ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 1 აპრილიდან, როგორც 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულ პირს, დანიშნული ჰქონდა საყოფაცხოვრებო სუბსიდია 22 ლარის ოდენობით. გ. ჩ-ას განმარტებით, 2011 წლის 1 აგვისტოდან შეუწყდა დახმარება, პატიმრობაში ყოფნის გამო. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საპატიმრო დატოვა 2012 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო სასჯელის სრული მოხდისაგან გათავისუფლდა 2013 წლის 2 ოქტომბერს. გ. ჩ-ას მითითებით, მან სასამართლოს გზით მოითხოვა მიუღებელი სუბსიდიის ანაზღაურება, რის შედეგადაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით, გ. ჩ-ას აუნაზღაურდა მიუღებელი სუბსიდია მხოლოდ 2013 წლის 2 ოქტომბრიდან, რადგან სარჩელის აღძვრის პერიოდისათვის იგი ვერ წარადგენდა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების ცნობას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ, ვინიდან პატიმრობიდან გათავისუფლდა 2012 წლის 20 ოქტომბერს, ანაზღაურებას აგრეთვე ექვემდებარება 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდის მიუღებელი სუბსიდია სულ 242 ლარის ოდენობით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა შეწყვეტილი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის განახლებას და 2013 წლის ოქტომბრამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურებას იყო ხანდაზმული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით გიორგი ჩიჩუას სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ 242 (ორას ორმოცდაორი) ლარის ოდენობით მიუღებელი სუბსიდიის გადახდა დაეკისრა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2018 წლის 12 თებერვლის №1260 მიმართვით, გ. ჩ-ას, 2018 წლის 12 თებერვლის №1/3213 განცხადების პასუხად გაეგზავნა „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 ოქტომბრის №20/10/02 განკარგულებიდან ამონაწერი, რომლითაც დგინდებოდა, რომ შეწყალებული იქნა 1953 წელს დაბადებული გ. ჩ-ა, რომელიც მსჯავრდებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან. 2012 წლის 20 ოქტომბრის №0689628 ცნობის (№5674 პირადი საქმე) თანახმად, 1953 წლის 21 ივლისს დაბადებული გ. ჩ-ა იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 2011 წლის 24 ივნისიდან 2012 წლის 20 ოქტომბრამდე, საიდანაც განთავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის სასჯელის და სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ №02/10/01 განკარგულებით დგინდება, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად შეწყალებული იქნა გ. ჩ-ა. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოსარჩელე - გ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე - გ. ჩ-ასათვის ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირის სტატუსიდან გამომდინარე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 2017 წლის 2 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 22 ლარის ოდენობით აღდგენის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასევე დაევალა მოსარჩელე - გ. ჩ-ას სასარგებლოდ ზიანის - 2013 წლის ოქტომბრიდან უკანონოდ შეწყვეტილი მიუღებელი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ანაზღაურება - 1 056 ლარის ოდენობით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 3 აპრილის №04/17964 წერილით დგინდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ განიხილა გ. ჩ-ას განცხადება 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდში (11 თვე) საყოფაცხოვრებო სუბსიდიის თანხის ანაზღაურების შესახებ და განმცხადებელს აცნობა, რომ მის მიმართ შეწყვეტილი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ხელახლა დანიშვნისა და გასული პერიოდის მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე სააგენტომ იხელმძღვანელა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის (საქმე №3/6617-17) გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალების შესაბამისად, რომლის აღსრულებაც განხორციელდა სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის №04-305/ო ბრძანებით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე, ევროპის სოციალურ ქარტიაზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ„ პაქტზე და აღნიშნა, რომ „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ჰქონდათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს - ყოველთვიურად 22 ლარის ოდენობით.
სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე - გ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე - გ. ჩ-ასათვის ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირის სტატუსიდან გამომდინარე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 2017 წლის 2 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 22 ლარის ოდენობით აღდგენის შესახებ. ამასთანავე, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს გ. ჩ-ას სასარგებლოდ ზიანის - 2013 წლის ოქტომბრიდან უკანონოდ შეწყვეტილი მიუღებელი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის - 1 056 ლარის ანაზღაურება - დაევალა. სასამართლოს მითითებით, ხსენებულ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირის სტატუსიდან გამომდინარე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს განსაზღვრავენ, არ ითვალისწინებდნენ აღნიშნული სუბსიდიის მიღების უფლების შეწყვეტას სასამართლოს განაჩენის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის გამო, თუმცა ასეთი სუბსიდიის შინაარსიდან გამომდინარე, რამდენადაც იგი პირის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული, ხოლო თავისუფლების აღკვეთის პირობებში პრაქტიკულადაც შეუძლებელი იყო პირის მიერ საყოფაცხოვრებო ხარჯების გაწევა, ამ პერიოდში შესაძლებელი იყო შეჩერებულად ჩათვლილიყო მისი გაცემა, მაგრამ სასჯელ-აღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ აღნიშნული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი დადგენილი არ იყო.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ერთის მხრივ სასამართლომ, 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით უკანონოდ სცნო მოსარჩელე - გ. ჩ-ასათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაავალა 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირის სტატუსიდან გამომდინარე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის აღდგენა 2017 წლის 2 ოქტომბრიდან, ყოველთვიურად 22 ლარის ოდენობით და ამასთან ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გ. ჩ-ას სასარგებლოდ ზიანის სახით - 2013 წლის ოქტომბრიდან უკანონოდ შეწყვეტილი მიუღებელი სუბსიდიის - 1056 ლარის ანაზღაურება, ხოლო მეორეს მხრივ, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლდა 2012 წლის 20 ოქტომბერს, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მას ასევე უნდა ანაზღაურებოდა მითითებული თარიღიდან 2013 წლის ოქტომბრამდე პერიოდის სუბსიდიის თანხა - 242 ლარი.
სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კოლეგიამ სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ გ. ჩ-ას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2018 წლის 12 თებერვლის №1260 მიმართვით გაეგზავნა ,,სასჯელის სხვადახვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 ოქტომბრის №20/10/02 განკარგულებიდან ამონაწერი, რომლითაც დგინდებოდა, რომ შეწყალებულ იქნა 1953 წელს დაბადებული გ. ჩ-ა. სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია, მოსარჩელეს სადავო მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2018 წლის 12 თებერვალს. სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იყო 2019 წლის 19 აპრილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მისი დანიშვნა-გაცემის წესი და პრინციპები“ მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება წარმოეშობა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები პირები, რომლებიც არ ითვლებიან სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებად და არ იმყოფებიან კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხვაზე, ვალდებული არიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართონ კომპეტენტურ ორგანოს.
კასატორის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა იწყება დამოუკიდებლად, რაც მოსარჩელის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით 2012-2013 წლების გასაცემლის ანაზღაურების მოთხოვნა ხანდაზმულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გ. ჩ-ას, როგორც 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულ პირს, დანიშნული ჰქონდა საყოფაცხოვრებო სუბსიდია თვეში 22 ლარის ოდენობით. „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მისი დანიშვნა-გაცემის წესი და პრინციპების“ მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვთ ქ. თბილისში 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს. სუბსიდია შეადგენს ყოველთვიურად 22 ლარს.
დადგენილადაა ცნობილი ის გარემოება, რომ 2011 წლის 24 ივნისიდან 2012 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში მოსარჩელე იყო მსჯავრდებული და იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამ პერიოდში შეწყდა მისთვის სოციალური დახმარების გაცემა. საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 20 ოქტომბრის №02/10/02 განკარგულებით გ. ჩ-ა შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის განკარგულებით იგი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოხდისაგან და მოეხსნა ნასამართლობა. გ. ჩ-ამ სოციალური სუბსიდიის გაცემის განახლება ჯერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, შემდგომ კი სასამართლოს გზით მოითხოვა. საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე - გ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე - გ. ჩ-ასათვის ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირის სტატუსიდან გამომდინარე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 2017 წლის 2 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 22 ლარის ოდენობით აღდგენის შესახებ. ამასთანავე, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს გ. ჩ-ას სასარგებლოდ ზიანის სახით - 2013 წლის ოქტომბრიდან უკანონოდ შეწყვეტილი მიუღებელი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის - 1 056 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანს მოსარჩელისათვის 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდის მიუღებელი სუბსიდიის - 242 ლარის ანაზღაურება წარმოადგენს. კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინების გაუქმების საფუძვლად მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. ამდენად, საკასაციო პალატის ძირითადი მსჯელობის საგანს სწორედ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის დადგენა წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 130-ე მუხლის მიხედვით კი ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადასაწყვეტად გათვალისწინებულ უნდა იქნეს სადავო სამართალურთიერთობის ბუნება. მნიშვნელოვანია, დადგინდეს ხანდაზმულობის ვადის მოცულობა და გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების მომენტი. ამასთანავე, უნდა გამოირიცხოს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის წინაპირობების არსებობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამდენად, სარჩელის წარდგენის გზით უფლების დაცვა მხოლოდ დროის გარკვეულ პერიოდშია შესაძლებელი. ხსენებული ვადის გასვლის შედეგად მოთხოვნა ხანდაზმული ხდება, რაც მისი სასარჩელო წესით დაცვას გამორიცხავს არა მატერიალური, არამედ პროცესუალური თვალსაზრისით. დარღვეული უფლების იძულებით დაცვის კანონით განსაზღვრული ვადით შემოფარგვლის არარსებობა საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვასა და საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმას გამოიწვევდა. ამდენად, უფლების სასარჩელო წესით დაცვის დროში შეზღუდვა განპირობებულია სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების გამარტივებით, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვით, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეების აქტიურობის სტიმულირებითა და ვალდებულების შესრულებაზე ორმხრივი კონტროლის გაძლიერებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მისი დანიშვნა-გაცემის წესი და პრინციპების“ მე-2 მუხლის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდია არის ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი. ამავე წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა განხორციელდება პირის მიერ განაცხადის შეტანიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამდენად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემთხვევაში, ადრესატს სუბსიდია მიეცემა გარკვეული პერიოდულობით, კერძოდ თვეში ერთხელ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კანონმდებლობა სპეციალურ ვადას ადგენს. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხსენებული ტიპის ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნებისათვის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაა გათვალისწინებული. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგ., ყოველთვე, კვარტალში ერთხელ) შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება. გამომდინარე იქიდან, რომ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, სადავო სამართალურთიერთობაზე გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველი სარჩელით სადავოდაა გამხდარი 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდის მიუღებელი სუბსიდიის ანაზღაურება. სარჩელი კი წარდგენილია 2019 წლის 19 აპრილს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დარღვევის საკითხის დასადგენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტი დაკავშირებულია იმ დროსთან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოთხოვნის წარმოშობა და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, კერძოდ დაინტერესებული პირის მიერ თავისი უფლების დარღვევის ფაქტის გაგებასთან. დადგენილია, რომ მოსარჩელე შეწყალებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა 2012 წლის 20 ოქტომბერს. ამასთან, გ. ჩ-ას შეწყალების შესახებ აქტი გამოიცა 2013 წლის 2 ოქტომბერს.
ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებით, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 ოქტომბრის განკარგულების შესახებ (რომლის საფუძველზეც იგი გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან) გ. ჩ-ას ეცნობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2018 წლის 12 თებერვლის №1260 წერილით, მოსარჩელეს 11 თვის სუბსიდიის თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სწორედ 2018 წლის 12 თებერვლიდან. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ხსენებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2018 წლის 12 თებერვლის №1260 წერილით მოსარჩელეს არ მისცემია რაიმე დამატებითი განმარტება საყოფაცხოვრებო სუბსიდიის სადავო ნაწილის ანაზღაურების შესაძლებლობის თაობაზე. ხსენებული წერილი შეიცავდა მითითებას მხოლოდ მოსარჩელის შეწყალების თაობაზე გამოცემული აქტების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია კი მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 2012 წელსაც ანუ მაშინ, როდესაც მან ფაქტობრივად დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2018 წლის 12 თებერვლის №1260 წერილთან დაკავშირება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც - 2017 წელს გ. ჩ-ას პირველი სასარჩელო წარმოების ფარგლებში უკვე მიმართული ჰქონდა სასამართლოსათვის და მას 2012-2013 წლის მიუღებელი სუბსიდიის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა არ დაუყენებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე