№ბს-589(კს-20) 10 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ჯ. ა. ა. ჰ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება -თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მარტის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 4 ივლისს ჯ. ა. ა. ჰ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ „ჯ. ა. ა. ჰ. დ-ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ჯ. ა. ა. ჰ. დ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ა. ა. ჰ. დ-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მარტის განჩინებით ჯ. ა. ა. ჰ. დ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე №3/5204-19) გაეგზავნა სააპელაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ა. ს-ეს სარჩელში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №2.
საქმეში წარმოდგენილია ,,...ის“ უკუგზავნილი (ფოსტის გზავნილის კოდი ...), რომლის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გზავნილი - წერილობით კორესპონდენცია გადაწყვეტილება №3/5204-19, 09.10.2019 წელს გაეგზავნა ადრესატს - ჯ. ა. ა. ჰ. დ-ის (..., დაბ. ... წ.; ეროვნული პასპორტი ..., ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა) წარმომადგენელს - ა. ს-ეს, სარჩელში მითითებულ მისამართზე (...ის ქ. №2, ...ი) და ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს ა. კ-ეს (პ/ნ - ..., ...ის ოფის მენეჯერი), 2019 წლის 11 ოქტომბერს.
ამრიგად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სასამართლო გზავნილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე №3/5204-19) მოსარჩელე მხარეს ჩაბარდა 2019 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. შესაბამისად, სადავოდ გამხდარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე №3/5204-19) გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 12 ოქტომბერს და დასრულდა 2019 წლის 25 ოქტომბერს, 24:00 საათზე. ამდენად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2019 წლის 20 დეკემბერს - სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის (14 დღე) დარღვევით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ა. ა. ჰ. დ-მა.
კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენლის, ა. ს-ის, სამუშაო ორგანიზაციის (შპს „...ი“; ს/ნ ...) მისამართზე (თბილისი, ...ის ქ. №2) ჩაბარდა ამავე ორგანიზაციის ოფის მენეჯერს ა. კ-ეს, ვინაიდან, აღნიშნული პიროვნება მითითებულ ორგანიზაციაში არ მუშაობს და არც არასოდეს უმუშავია. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს გზავნილის გაგზავნისა და ჩაბარების ფაქტს სარჩელში მითითებულ მისამართზე, თუმცა, მისი განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე ფუნქციონირებს რამდენიმე ორგანიზაცია და მოცემული გზავნილი ჩაბარდა ამავე მისამართზე მომუშავე სხვა ორგანიზაციის - შპს „პ...“-ის (ს/ნ ...) წარმომადგენელს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ჯ. ა. ა. ჰ. დ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ა. ა. ჰ. დ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ. ა. ა. ჰ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, გაეგზავნათ და ჩაბარდათ გადაწყვეტილება, ხოლო ჯ. ა. ა. ჰ. დ-ის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა გადაწყვეტილების გასაჩივრების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაიგზავნა და ჩაბარდა სარჩელში, მოსარჩელის წარმომადგენლების მისამართად მითითებული ორგანიზაციის მისამართზე, თუმცა აღნიშნავს, რომ პირი, რომელმაც ჩაიბარა გადაწყვეტილება არ წარმოადგენს და არასოდეს წარმოადგენდა სარჩელში მოსარჩელის წარმომადგენლების სამუშაო ადგილად მითითებული ორგანიზაციის თანამშრომელს და შესაბამისად ორგანიზაციის სახელით ოფიციალური კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (განჩინებით) ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (განჩინება) მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ჯ. ა. ა. ჰ. დ-ის წარმომადგენელს ა. ს-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა, სამუშაო ადგილის მიხედვით, სარჩელში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ...ის ქ. №2 (შპს „...ი“) და როგორც უკუგზავნილის კომენტარშია მითითებული, გზავნილი ჩაბარდა ორგანიზაციის ოფის მენეჯერს ა. კ-ეს. ამასთან, ამავე უკუგზავნილზე დაფიქსირებულია მიმღები პირის ხელმოწერა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებაზე (საქმე №ას-374-2019), სადაც განიმარტა, რომ ,,ორგანიზაციისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ანალოგიური უფლებამოსილების მქონე სტრუქტურულ ერთეულს ან პირს და მხოლოდ მათი არყოფნის შემთხვევაში ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც გზავნილს ადრესატს გადასცემს, ამასთან, გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება, უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩანაწერი. მხოლოდ ამ შემთხვევაშია სასამართლო უფლებამოსილი, გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნიოს. კანცელარიის ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე პირის არყოფნისას გზავნილის მიმღებად ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მიჩნეულია ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, შესაბამისად, ცალსახაა, რომ გზავნილის მიმღები ადრესატი ორგანიზაციის თანამშრომელი უნდა იყოს."
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივარზე თანდართული შპს „...ის“ დირექტორის მიერ (რომელიც ამავდროულად არის აპელანტის წარმომადგენელი) გაცემული ცნობის თანახმად, ა. კ-ე (პ/ნ ...) არ არის და არასოდეს ყოფილა შპს „...ის“ თანამშრომელი. ამასთან, კერძო საჩივარს ასევე ერთვის შპს „პ...ის“ (ს/ნ ...) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 10/08/2017 14:16:54), რომლის თანახმად, ა. კ-ე (პ/ნ ...) არის ამავე ორგანიზაციის დირექტორი. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების საქმეში არ არსებობის პირობებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. კ-ე მოსარჩელის წარმომადგენლისათვის განკუთვნილი კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა, შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელს შესაბამისი გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად არ ჩაბარებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ა. ა. ჰ. დ-ისათვის სასამართლო გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობის პირობებში, არ არსებობს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მარტის განჩინება და საქმე ჯ. ა. ა. ჰ. დ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 70-ე-78-ე, 369-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ა. ა. ჰ. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მარტის განჩინება და საქმე ჯ. ა. ა. ჰ. დ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე