გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 195-დად 29 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),
ნ. გაბრიჩიძე,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საგარეჯოს რაიონის სასამართლოს 1996წ. 31 მაისის განაჩენით მ. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლითა და 238-ე მუხლის V ნაწილით, რისთვისაც მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული მ. გ-ლი სასჯელს იხდის 1995წ. 12 დეკემბრიდან.
2004წ. 19 მარტს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹3 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ მ. გ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აპრილის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹3 დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებულ მ. გ-ლს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
მსჯავრდებული მ. გ-ლი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივებით, რომ სასჯელის 3/4 მოიხადა 2004წ. 12 მარტს, დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად.
პროკურორი ო. რ-ია არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს გ. გ-ის მიმართ სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, მსჯავრდებულ მ. გ-ლს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გასანთავისუფლებლად, მაგრამ აღნიშნული გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საფუძველს. მოსამართლე, კანონის თანახმად, მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
მსჯავრდებული მ. გ-ლი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, განზრახ მკვლელობისათვის. მ. გ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995წ. 12 დეკემბრიდან, ე.ი. ამ დროისთვის მას მოსახდელი აქვს კიდევ 2 წელი, 5 თვე და 13 დღე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მსჯავრდებულ მ. გ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას მიზანშეუწონლად თვლის და მიაჩნია, რომ საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აპრილის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აპრილის დადგენილება მ. გ-ის პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.