Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 196-კოლ 24 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგელია,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ი. რ-ის კერძო საკასაციო საჩივარი საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საგარეჯოს ¹3 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის განაჩენი ი. რ-ლი, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მეორე-მესამე ნაწილებით და სასჯეის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ი. რ-ლი სასჯელს იხდის 2002წ. 31 იანვრიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2005წ. 31 იანვარს.

2004წ. 2 თებერვალს ¹3 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა ი. რ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 მარტის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

პროკურორი ო. რ-ია მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და შუამდგომლობს ი. რ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მსჯავრდებულ ი. რ-ის პირად საქმეს, მოუსმინა პროკურორს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული ი. რ-ლი სასჯელს იხდის 2002წ. 31 იანვრიდან. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა. არ ყოფილა შემჩნეული შინაგანაწესის დარღვევაში. დირექტორის წარდგინებაში მითითებულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ი. რ-ლს ახასიათებს დადებითად და ადასტურებს მისი გამოსწორების გზაზე დადგომის ფაქტს.

საკასაციო პალატა მითითებული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ი. რ-ლს შეფარდებული სასჯელიდან – 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – ამჟამად მოსახდელად დარჩენილი აქვს 7 თვე და 7 დღე, მიზანშეწონილად თვლის, რომ მსჯავრდებული ი. რ-ლი დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. რ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 მარტის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართულებით, რომ მსჯავრდებული ი. რ-ლი დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.