Facebook Twitter

საქმე #ბს-594(კ-20) 10 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 12 თებერვალს გ. ჭ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 2014 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 12 ივლისამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის - 50 133,65 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდური ხელფასის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლებიდან - 2014 წლის 3 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე - 2017 წლის 12 ივლისამდე პერიოდისათვის, 50 133,65 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდური ხელფასის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლებიდან - 2014 წლის 3 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე - 2017 წლის 12 ივლისამდე პერიოდისათვის - 40 778 ლარისა და 09 თეთრის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის #... ბრძანებით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ...ი, პოლიციის ლეიტენანტი გ. ბ. ჭ-ი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტის, ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის (სამსახურიდან დათხოვნა), „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2014 წლის 3 აპრილიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის (საქმე #1/2858-14) თანახმად, გ. ჭ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა 2016 წლის 24 თებერვალს #20/17-468574 წერილით მიმართა გ. ჭ-ს და აცნობა, რომ მას შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, მისი დათხოვნის შესახებ 2014 წლის 17 ივნისის #... ბრძანების საფუძველზე, ერიცხებოდა დავალიანება თანხით - 1989,50 ლარი. ამავე წერილით გ. ჭ-ს განემარტა, რომ წერილის მიღებიდან 14 დღის ვადაში თანხა უნდა დაებრუნებინა ბიუჯეტში სახაზინო კოდზე #302003460.

2016 წლის 10 მარტის #... სალაროს შემოსავლის ორდერით დგინდება, რომ გ. ჭ-მა სახაზინო კოდზე 302003460 (ბანკის კოდი TRESGE22, გადახდის დანიშნულება - დავალიანების დაფარვა (ბრ #..., 17.06.2014 წელი) შეასრულა 1991,49 ლარის ოდენობით თანხის გადახდა.

2014 წლის 17 ივლისს გ. ჭ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის #... ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ...ის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის #... ბრძანება გ. ჭ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის (საქმე #ბს-863-855(კ-16)) განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინება.

„სამსახურში წოდებით აღდგენის და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 ივლისის #1662545 ბრძანებით, პოლიციის ლეიტენანტი გ. ბ. ჭ-ი (პ/ნ ...) აღდგენილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ...ის თანამდებობაზე 2017 წლის 12 ივლისიდან. ამავე ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ...ს, პოლიციის ლეიტენანტ გ. ბ. ჭ-ს მიენიჭა მორიგი საშუალო სპეციალური წოდება „პოლიციის უფროსი ლეიტენანტი“ 2014 წლის 9 ივლისიდან. პოლიციის ლეიტენან გ. ბ. ჭ-ს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვალა 2014 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 12 ივლისამდე პერიოდი.

გ. ჭ-მა 2017 წლის 24 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2014 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 12 ივლისამდე პერიოდის. ამავე განცხადებით გ. ჭ-მა მოითხოვა ცნობა, თუ რა თანხას შეადგენდა 2014 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 12 ივლისამდე მისი სახელფასო დავალიანება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 28 ნოემბრის #2856971 ცნობის თანახმად, გ. ჭ-ის ყოველთვიური საბიუჯეტო შემოსავალი 2014 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 12 ივლისამდე შეადგენდა: 2014 წელი - დარიცხული 11694,46 ლარი, ხელზე ასაღები - 9355,56 ლარი - 365 ლარი დაზღვევა, სულ 8990,56 ლარი; 2015 წელი - დარიცხული 15708 ლარი, ხელზე ასაღები 12566,40 ლარი; 2016 წელი - დარიცხული 15708 ლარი, ხელზე ასაღები - 12566,40 ლარი; 2017 წელი - დარიცხული 8318,49 ლარი, ხელზე ასაღები 6654,73 ლარი

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ სააქართველოს კანონის 112-ე მუხლზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველ პუქტზე და აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 28 ნოემბრის #2856971 ცნობის შესაბამისად, გ. ჭ-ის ხელზე ასაღები ყოველთვიური საბიუჯეტო შემოსავალი 2014 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 12 ივლისამდე შეადგენდა ჯამში - 40 778,09 ლარს, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა, იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული და არ არის სასამართლო პრაქტიკით გამყარებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გ. ჭ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის (ხელზე მისაღები) ანაზღაურების დაკისრების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით „სამსახურში წოდებით აღდგენის და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 ივლისის #1662545 ბრძანებით, პოლიციის ლეიტენანტი გ. ბ. ჭ-ი (პ/ნ ...) აღდგენილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ...ის თანამდებობაზე 2017 წლის 12 ივლისიდან. ამავე ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ...ს, პოლიციის ლეიტენანტ გ. ბ. ჭ-ს მიენიჭა მორიგი საშუალო სპეციალური წოდება „პოლიციის უფროსი ლეიტენანტი“ 2014 წლის 9 ივლისიდან. პოლიციის ლეიტენან გ. ბ. ჭ-ს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვალა 2014 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 12 ივლისამდე პერიოდი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანების მე-91 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი. ამავე წესის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უკანონოდ განთავისუფლებულ პოლიციელს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არ ყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში, ხოლო 68-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღდგენილ სამინისტროს მოსამსახურეს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლება დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული პოლიციელი ექვემდებარება აღდგენას და მას სამუშაო ადგილზე იძულებით არ ყოფნის პერიოდი სრულად ჩაეთვლება უწყვეტ სტაჟში და შესაბამისად, მას სრულად აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი/საკლასო დანამატი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდური არის ფულადი თანხა, რომელსაც მოსარჩელე აუცილებლად მიიღებდა გათავისუფლების ბრძანების გამოუცემლობის და შესაბამისად, მის მიერ თანამდებობაზე მუშაობის შემთხვევაში, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და ანაზღაურებაში შემავალი სხვა კომპონენტების ყოველთვიური ოდენობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 28 ნოემბერს გაცემული #2856971 ცნობის შესაბამისად, დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გ. ჭ-ის ყოველთვიური საბიუჯეტო შემოსავალი 2014 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 12 ივლისამდე იყო: 2014 წელი - დარიცხული 11694,46 ლარი, ხელზე ასაღები - 9355,56 ლარი - 365 ლარი დაზღვევა = 8990,56 ლარი; 2015 წელი - დარიცხული 15708 ლარი, ხელზე ასაღები - 12566,40 ლარი; 2016 წელი - დარიცხული 15708 ლარი, ხელზე ასაღები - 12566,40 ლარი; 2017 წელი - დარიცხული 8318,49 ლარი, ხელზე ასაღები - 6654,73 ლარი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. ჭ-ის სასარგებლოდ სწორად დაეკისრა იძულებითი განაცდური ხელფასის (ხელზე მისაღები) სამსახურიდან გათავისუფლებიდან - 2014 წლის 3 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე - 2017 წლის 12 ივლისამდე პერიოდისათვის - 40 778 ლარისა და 09 თეთრის ანაზღაურება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე