Facebook Twitter

№ბს-974 (კს-20) 17 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე; ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი სასკ 16.2) – შპს „...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი

მესამე პირი (სასკ 16.2) - სს „...ი“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 21 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ სენაკში, ...ის ქ. №12ა-ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შპს ,,...“-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 22 ივლისის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ (1032კვ.მ-ის ნაწილში) ბათილად ცნობა მოითხოვა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საქმეში შპს ,,...“ და სს ,,...ი“ ჩაბმულ იქნენ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ სენაკში, ...ის ქ.№12-ში მდებარე 1032 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (5032 კვ/მ მიწის ნაკვეთიდან) (საკადასტრო კოდი - ...) შპს „...“-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 22 ივლისის №... გადაწყვეტილება.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა და შპს „...“-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შპს „...“-ის სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და აპელანტს დაევალა ხარვეზის შევსების მიზნით, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის CD დისკზე (ან სხვა ელექტრონულ მატარებელზე) ჩაწერილი სახით წარდგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განჩინებით შპს „...“-ის სააპელაციო საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინების ასლი შპს „...“-ის დირექტორს პირადად ჩაბარდა 2020 წლის 26 თებერვალს. მითითებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა საპროცესო ვადა და ხარვეზის შევსების ვადად 10 დღე მიუთითა. შესაბამისად, შპს „...“ ვალდებული იყო ხარვეზის შევსების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში წარედგინა 2020 წლის 09 მარტის ჩათვლით (ვინაიდან 2020 წლის 08 მარტი წარმოადგენდა დასვენების დღეს), რაც აპელანტის მხრიდან არ შესრულებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...“-ის საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, შპს „...“-ის 2020 წლის 24 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმით, დირექტორი ტ. ბ-ე, ამავე თარიღიდან, განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, მისთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების დროს, 2020 წლის 26 თებერვალს, იგი აღარ წარმოადგენდა შპს „...“-ის დირექტორსა და საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. ამავდროულად, მისი მხრიდან არ განხორციელებულა საზოგადოების ახალი ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე სასამართლო დავის შესახებ, რის მიზეზადაც კერძო საჩივარში დასახელებულია ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემია და მასთან დაკავშირებული გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს „...“-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის, დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით განუხილველად დატოვებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინების ასლი ტ. ბ-ეს ჩაბარდა 2020 წლის 26 თებერვალს, რაც დასტურდება საქმეზე არსებული წერილობითი კორესპონდენციის უკუგზავნილით (ს.ფ. 195), ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 მარტის განჩინებით შპს „...“-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილების ვადა. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში აღრიცხული მონაცემები საჯაროა, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმადაც, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთან, ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-71 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ: ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე;ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე; გ) რეგისტრირებული პირი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად, მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერა აქვს დანიშნული.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან, ხოლო, ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინება, ტ. ბ-ეს ჩაბარდა 2020 წლის 26 თებერვალს. კერძო საჩივარზე თანდართული შპს „...“-ის პარტნიორთა კრების ოქმი და ტ. ბ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება დათარიღებულია 2020 წლის 24 თებერვლით. ამასთან, კერძო საჩივარს ასევე ერთვის შპს „...“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად, შპს „...“-ის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის დირექტორი - გ. დ-ე. თუმცა, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული ამონაწერი და დირექტორის ცვლილების რეგისტრაცია განხორციელებულია 2020 წლის 14 აგვისტოს, შესაბამისად, 2020 წლის 14 აგვისტომდე ძალაში მყოფი და რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, შპს „...“-ის დირექტორს და შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინების ჩაბარებაზე უფლებამოსილების მქონე პირს წარმოადგენდა ტ. ბ-ე.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინება ადრესატმა - ტ. ბ-ემ პირადად ჩაიბარა, როგორც შპს „...“-ის დირექტორმა, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის უკუგზავნილზე დატანილი ინფორმაციითა და შესრულებული ხელმოწერით (ს.ფ. 195).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა შეიძლება აღდგეს, თუ მხარე დაადასტურებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას - მხარის ბრალის გარეშე ხსენებულ ვადაში კონკრეტული ქმედების განხორციელების ობიექტურ შეუძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მხარეს ჰქონდა დადგენილი ხარვეზის შევსების ან/და სასამართლოსათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართვის მცდელობა, რაც შეუძლებელი გახდა ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების გამო. ამასთან, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან, 2020 წლის 26 თებერვლიდან - კერძო საჩივრის წარდგენამდე, 2020 წლის 17 აგვისტომდე, არ დასტურდება შპს „...“-ის მიერ სასამართლოსთვის რაიმე შუამდგომლობით მიმართვის მცდელობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „...“-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 მარტის განჩინება შპს „...“-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 65-ე, 368-ე, 374-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე