Facebook Twitter

№ბს-721(კ-20) 10 თებერვალი , 2021 წელი ქ.2თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. ფ-ა, ი. შ-ა, მ. შ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 25 მარტს თ. ფ-ამ, ი. შ-ამ და მ. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 თებერვლის №04-331/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ფ-ას, ი. შ-ას და მ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 თებერვლის №04-331/ო ბრძანება და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. ფ-ას, ი. შ-ას და მ. შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები - თ. ფ-ა, ი. შ-ა და მ. შ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

2017 წლის 25 იანვრის დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დევნილთა აღწერის თანახმად, ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. №6-ში, მდებარე „...ის“ მე-3 სართულზე ფაქტობრივად ცხოვრობენ მოსარჩელეები თ. ფ-ა, ი. შ-ა და მ. შ-ა.

თ. ფ-ამ, 2017 წლის 18 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელე თ. ფ-ამ შეავსო შესაბამისი კითხვარი, სადაც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №6-ში მდებარე „...ის“ შენობა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის №22 ოქმის მიხედვით, ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. №6-ში მდებარე, „...ის“ შენობა არის ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი. ამავე ოქმით, მოსარჩელეებს - თ. ფ-ას, ი. შ-ას, მ. შ-ას და არადევნილ დ. შ-ას უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე, მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი მისამართის და სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ (დახურულ) ფართში განსახლების გამო.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 20 თებერვალს გამოსცა №04-331/ო ბრძანება მოსარჩელე თ. ფ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის წერილის თანახმად, მოსარჩელის - თ. ფ-ას მეუღლის დ. შ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული.

საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს იმ პოზიციაზე, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ (დახურულ) ფართში, აღნიშნა, რომ კონკრეტული ფართიდან, კრიტერიუმების გარეშე დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ფართში მცხოვრებ დევნილებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს გრძელვადიანი საცხოვრებლით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქალაქო სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 18 ივნისის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 17 მარტის №23 და 2018 წლის 5 ივნისის №22 ოქმების საფუძველზე განხორციელდა ქ. ზუგდიდში, ი. ...ის ქ. №6 მისამართზე მდებარე, ყოფილი „...ის“ ნგრევად შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების ახალაშენებულ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე შესახლება.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, ვინაიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები.

ამდენად, მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 თებერვლის №04-331/ო ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თ. ფ-ას, ი. შ-ას და მ. შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ალტერნატიული საცხოვრებლისადმი ხელმისაწვდომობა არანაირ კავშირში არ არის საჯარო რეესტრის ამონაწერთან. სუბიექტი შეიძლება ათწლეულების განმავლობაში იყოს უზრუნველყოფილი კონკრეტული საცხოვრებელი ფართით, თუმცა, რეალურ სინამდვილეში, ეს ქონება არათუ ფართით მოსარგებლის ან სხვა პირის საკუთრებად არ ირიცხება, არამედ შეიძლება საერთოდაც არ ფიქსირდებოდეს საჯარო რეესტრის მონაცემებში. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს ამგვარი ქონებით მოსარგებლე პირისათვის ამ ქონებით რეალურად სარგებლობის შეუძლებლობას. შესაბამისად, კასატორის მითითებით, მხოლოდ საჯარო რეესტრზე მითითება ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად არ არის დასაბუთებული და სამართლიანი.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტო №320 ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე განხორცილდა მონიტორინგი, რომლის მასალები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარედგინა დევნილთა საკითხის განმხილველ კომისიას. კომისის 2018 წლის 5 ივნისის №22 ოქმის თანახმად, მოსარჩელის ოჯახს მიმდინარე ეტაპზე უარი ეთქვა კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლითა და სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ ფართში თვითნებურად განსახლების გამო.

კასატორის მითითებით, კომპაქტური ობიექტის გამოთავისუფლება განხორციელდა ორ ეტაპად: 2017 წელს კომპაქტური ობიექტი ...ის შენობა დაიცალა და გამოთავისუფლებული იქნა, როგორც საფრთხის შემცველი ობიექტი. 2018 წელს განხორციელდა მეორე ეტაპი და შენობაში დარჩენილი ფაქტიური მაცხოვრებელები დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში. 2017 წელს მოსარჩელის მშობლები - ვ. ფ-ა და მ. წ-ა დაკმაყოფილებულნი იქნენ საცხოვრებლით, მშობლების მიერ გამოთავისუფლებულ ფართში განსახლდა მოსარჩელე და მონიტორინგის განხორციელების დროს ადგილზე დახვდა ოჯახი. აქვე კასატორი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის განხორციელების შესახებ წინასწარ იცოდნენ დევნილთა ოჯახებმა და ამით აიხსნება მონიტორინგის განხორციელებისას ოჯახების სრული შემადგენლობით ადგილზე ყოფნა კომპაქტურ ობიექტში. რეალურად კი, კასატორის მითითებით, მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს სოფელ ...ში მეუღლის მამაპაპისეულ სახლში. მოსარჩელის მეუღლეს სოფელ ...ში გააჩნდა საკუთრებაში სახლი, რომელიც ფორმალურად გაასხვისა მამიდის სახელზე. სოფელ ...ში 2017 წლის 21 თებერვალს განხორციელებული მონიტორინგისას მოსარჩელე მეუღლესთან ერთად იყო სახლში და განმარტა, რომ ამჟამად ცხოვროდა მეუღლის მამიდის სახლში, რადგან მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ფართი, რომელიც მდებარეობს მამიდის მეზობლად გასარემონტებელია. ამავე ოქმში, კასატორის მითითებით, თ. ფ-ამ დააფიქსირა მოთხვნა, რომ მისი ოჯახის საკითხის განხილვა მომხდარიყო როგორც ...ის შენობაში მაცხოვრებელი მისი მშობლების საკითხთან ერთად ერთ ოჯახად. აღნიშნულით, კასატორის მითითებით, დასტურდება, რომ იმ პერიოდში ოჯახმა ფორმალურად გაასხვისა თავისი საკუთრება მამიდის სახელზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად/თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ფართს, რომლიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები. ასეთი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება, ამგვარად დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლების შემდგომ. შესაბამისად, კასატორის მითითებით, სამინისტროს უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე მიმდინარე ეტაპზე კანონიერია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით წესი განსაზღვრავს, ერთის მხრივ, კრიტერიუმებს, ხოლო, მეორეს მხრივ, საგამონაკლისო შემთხვევებს რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად/თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები. ასეთი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება, ამგვარად დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლების შემდგომ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის №22 ოქმის მიხედვით, ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. №6-ში მდებარე, „...ის“ შენობა არის ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი. ამავე ოქმით, მოსარჩელეებს - თ. ფ-ას, ი. შ-ას, მ. შ-ას და არადევნილ დ. შ-ას უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე, მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი მისამართის და სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ (დახურულ) ფართში განსახლების გამო.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 20 თებერვალს გამოსცა №04-331/ო ბრძანება მოსარჩელე თ. ფ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მოსარჩელის - თ. ფ-ას მეუღლის საკუთრებაში არსებული ალტენატიული საცხოვრებლის არსებობაზე და ამ საკუთრების თვალთმაქცურ გასხვისებაზე და აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის რაიმე საკუთრება მოსარჩელის - თ. ფ-ას მეუღლის სახელზე არ ირიცხებოდა. ამასთან, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად, მოსარჩელის ან სხვა რომელიმე მასთან დაკავშირებული პირის მხრიდან თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სხვისი საკუთრებით დროებით სარგებლობა არ შეიძლება გახდეს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, ექპერტიზის დასკვნით დადასტურებულია რომ ქ. ზუგდიდში ...ის გამზ. №6-ში მდებარე „...ის“ შენობაში მდებარე კორპუსებიდან, მობინადრეთა უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია მათი დროული გაყვანა, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს მობინადრეთა ვალდებულებას საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად მუდმივად იცხოვრონ შესაბამის ავარიულ შენობაში.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას, რომ მოსარჩელეები არიან „...ის“ შენობის არამართლზომიერ/თვითნებური დამკავებლები და ისინი მას შემდეგ შესახლდნენ ქ. ზუგდიდში, ი. ...ის ქ. №6-ში მდებარე „...ის“ ნგრევად შენობაში, რაც აღნიშნული შენობა გამოთავისუფლდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი, 2017 წლის 25 იანვრის დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა აღწერის თანახმად, უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ქ. ზუგდიდში ...ის გამზ. №6-ში მდებარე „...ის“ შენობაში, 18 კვ.მ ფართში, 1998 წლიდან რეგისტრირებულები იყვნენ და ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მოსარჩელე თ. ფ-ას მშობლები - ვ. ფ-ა და მ. წ-ა და თავად თ. ფ-ა შვილებით (შვილები - ი. შ-ა და მ. შ-ა).

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე