Facebook Twitter

№ბს-788(კ-20) 10 თებერვალი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 8 აგვისტოს გ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ,,მიწის ნაკვეთზე გ. გ-ას (პ/ნ ...) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №1077 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №1077 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. გ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 16 ოქტომბერს გ. გ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №24-ის მიმდებარედ მდებარე 1737 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

2017 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპენტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განსახილველად გადაუგზავნა გ. გ-ას მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთთან დაკავშირებით - მდებარე: ...ის ქ. №24-ის მიმდებარედ.

საქმეში წარმოდგენილი იყო 2017 წლის 09 სექტემბერს და 27 სექტემბერს სანოტარო წესით დამოწმებული დ. რ-ის, ე. მ-ის, ბ. ნ-ისა და ბ. ზ-ის განცხადებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ გ. გ-ა 1994 წლიდან დღემდე ფლობდა 1737 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს, მდებარე ქ.თბილისი, ...ის ქ. №24-ის მომიჯნავედ. აღნიშნული პირები თანახმანი იყვნენ გ. გ-ას მოეხდინა აღნიშნული ნაკვეთის დარეგისტრირება საკუთარ სახელზე.

ამასთან, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 იანვრის №67-01190223546 წერილით ირკვევა, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ქ.თბილისში, ...ის ქ. №24-ის მიმდებარედ 1737 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში.

მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ას უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისში, ...ის 24-ის მიმდებარედ, საერთო ფართი 1737.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. გადაწყვეტილების თანახმად, კომისიის მიერ დამატებით მოძიებული, საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციის, საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად არ დადგინდა გ. გ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღების) და ფოტოსურათების მიხედვით დადგინდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, განთავსებული იყო მშენებარე ნაგებობა. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა გ. გ-ას საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 08 ნოემბრის №007847019 დასკვნაზე (რომლის თანახმადაც, ქ. თბილისი, ...ის ქ. №24-ის მიმდებარედ არსებული შენობა ნაგებობა წარმოადგენდა ბეტონის ბლოკითა და აგურით ნაშენ კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს. შპს ,,...“-ის მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის 2006 წლის ორთოფოტოებთან შედარების შედეგად დადგინდა, რომ 2006 წელს მომზადებულ ორთოფოტოზე შპს ,,...“ მიერ შესრულებულ ნახაზზე ნაჩვენები მიწის ნაკვეთის ფარგლებში ფიქსირდებოდა შენობა-ნაგებობა, თუმცა ორთოფოტოს დაბალი ხარისხის გამო შეუძლებელი იყო შენობის სართულიანობის დადგენა, ასევე იმის დადგენა აღნიშნული შენობა იყო თუ არა დასრულებული) და მიიჩნია, რომ მოპასუხეს სათანადოდ არ გამოუკვლევია და შეუფასებია საქმის გარემოებები, რითაც მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადასტურდებოდა გ. გ-ასთვის ქალაქ თბილისში, ...ის №24-ის მიმდებარედ, მდებარე 1737.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს განმცხადებელი, ხსენებული კანონის ამოქმედებამდე განთავსებული უნდა იყოს აშენებული ანუ დასრულებული შენობა-ნაგებობა. ამასთან, განმცხადებლის მიერ უნდა დასტურდებოდეს აღნიშნული მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.

კასატორის მითითებით, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს გ. გ-ას საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს და ამავდროულად, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, მასზე განთავსებული იყო მშენებარე ნაგებობა. ასეთი მიწის ნაკვეთის დაკანონებას კი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რის გამოც კასატორის მოსაზრებით არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის - გ. გ-ას საკუთრების უფლების აღიარება წარმოადგენს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს გ. გ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №24-ის მიმდებარედ მდებარე 1737 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

2017 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპენტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განსახილველად გადაუგზავნა გ. გ-ას მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთთან დაკავშირებით - მდებარე, ...ის ქ. №24-ის მიმდებარედ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №1077 განკარგულებით გ. გ-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დადგინდა გ. გ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მშენებარე ნაგებობა. ამასთან, კასაციის ძირითად მოტივსაც მითითებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე ობიექტის არსებობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ კომისიის სადავო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაედგენა ის გარემოება, გ. გ-ა 2007 წლამდე სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ქ. თბილისში, ...ის ქ.№24-ის მიმდებარედ მდებარე - 1737.00 კვ.მ მიწის ნაკვეთით და ჰქონდა თუ არა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, რამეთუ აღნიშნულ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 08 ნოემბრის №007847019 დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისი, ...ის ქ.№24-ის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ბეტონის ბლოკითა და აგურით ნაშენ კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს. შპს ,,...“ მიერ შესრულებული აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა შედარდა 2006 წლის ორთოფოტოებთან, აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ 2006 წელს მომზადებულ ორთოფოტოზე შპს ,,...“ მიერ შესრულებულ ნახაზზე ნაჩვენები მიწის ნაკვეთის ფარგლებში ფიქსირდება შენობა-ნაგებობა, თუმცა ორთოფოტოს დაბალი ხარისხის გამო შეუძლებელი გახდა შენობის სართულიანობის დადგენა, ასევე იმის დადგენა აღნიშნული შენობა იყო თუ არა დასრულებული.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო შეფასება არ მიუცია საქმეში წარდგენილი სხვა მტკიცებულებებისათვის, კერძოდ, დ. რ-ის, ე. მ-ის, ბ. ნ-ისა და ბ. ზ-ის 2017 წლის 09 სექტემბერს და 27 სექტემბერს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებისათვის, სადაც აღნიშნული პირები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ არიან გ. გ-ას მეზობლები და გ. გ-ა 1994 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს 1737 კვ.მ. მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. №24-ის მომიჯნავედ. აღნიშნული პირები თანახმანი არიან გ. გ-ამ მოახდინოს აღნიშნული ნაკვეთის დარეგისტრირება საკუთარ სახელზე.

ამდენად, საკასაციო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საკუთრების უფლების აღიარებას დაექვემდებარა 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებული ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი - აშენებული, მშენებარე ან დანგრეული. შესაბამისად, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე ნაგებობის არსებობა არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონისმიერ საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კასატორი თავადვე ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთზე შესაბამისი ნაგებობის 2007 წლამდე არსებობის ფაქტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე