№ბს-1140(კ-19) 10 თებერვალი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. დ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 7 თებერვალს ლ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელემ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ლ. დ-ის განაცდური თანამდებობრივი სარგოს - 34 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ლ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლ. დ-ის სასარგებლოდ 34 500 (ოცდათოთხმეტი ათას ხუთასი) ლარის გადახდა დაეკისრა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2004 წლიდან დასაქმებული იყო ბათუმის მერიის ადმინისტრაციაში, სხვადასხვა თანამდებობაზე. ...-... წლებში, ეკავა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის ...ის, მოგვიანებით კი, ...ის განყოფილების ...ის პოზიცია.
მოსარჩელემ 2015 წლის 16 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისათვის გამოცხადებულ ატესტაციაში, რომელიც მოიცავდა ორ ეტაპს: ტესტურ დავალებასა და გასაუბრებას. ლ. დ-ემ ატესტაციის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა, ხოლო, გასაუბრების მეორე ეტაპზე მოსარჩელე შეფასებული იქნა არადამაკმაყოფილებლად. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ... წლის ... ...ის №... ბრძანებით, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, მოსარჩელე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის №3/188-15 გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა ატესტაციის მეორე ეტაპის - გასაუბრების დანიშვნა.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიამ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩაატარა ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ლ. დ-ე შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 2017 წლის 20 ოქტომბერს მიიღო ბრძანება №06/54, რომლის საფუძველზევ „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე 2017 წლის 01 ნოემბრიდან მოსარჩელე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მოსარჩელეზე 6 თვის განმავლობაში გაიცემოდა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.
2017 წლის 01 დეკემბერს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ... წლის ... ...დან 2017 წლის 01 ნოემბრამდე განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ლ. დ-ეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 11 იანვარის წერილით ეცნობა, რომ 2017 წლის 20 ოქტომბრის №06/54 ბრძანებით მოსარჩელე ჩარიცხული იყო მოხელეთა რეზერვში და მასზე გაცემული იყო კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 6 თვის ოდენობით. ამავე აქტით კი უარი ჰქონდა ნათქვამი განაცდურის ანაზღაურებაზე. მოცემულ წერილში, განმცხადებელს განემარტა, რომ ვინაიდან, ერთი თვის ვადაში არ ჰქონდა გასაჩივრებული 2017 წლის 20 ოქტომბრის №06/54 ბრძანება, მას უარი ეთქვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ლ. დ-ე ... წლის ...დან ... წლის ... ...მდე მუშაობდა ...ის განყოფილების ...ად და მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენდა ... (...ი) ლარს. მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან ... წლის ... ...დან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვამდე 2017 წლის 01 ნოემბრამდე, გასული იყო 30 თვე და რამდენიმე დღე. მოსარჩელე ითხოვდა 30 თვის განაცდურის ანაზღაურებას, რაც შეადგენდა 34 500 ლარს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოზიცია, მასზედ, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 ოქტომბერს №06/54 ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 ოქტომბრის №06/54 ბრძანებით ლ. დ-ე 2017 წლის 01 ნოემბრიდან ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. აღნიშნული ბრძანებით, ასევე დადგენილი იქნა, რომ ლ. დ-ეს 2017 წლის 01 ნოემბრიდან 06 თვის განმავლობაში მიეცემოდა კომპენსაცია, მისი ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. აღნიშნული ბრძანება საერთოდ არ შეიცავდა მსჯელობას მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 2017 წლის 20 ოქტომბრის №06/54 ბრძანებით მოსარჩელე „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე 2017 წლის 01 ნოემბრიდან ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მას არ მიუღია განაცდური ხელფასი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. მოცემული მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მითითებით, კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად ადგენდა, რომ საჯარო მოხელეს უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევაში უნდა მისცემოდა განაცდური თანამდებობრივი სარგო. შესაბამისად, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. დამატებით კი აღნიშნა, რომ ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ლ. დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისად მისი ბათილად ცნობით მოწინააღმდეგე მხარე აღდგა იმ უფლებებში, რაც ამ აქტის გამოცემამდე გააჩნდა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ლ. დ-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის პირობებში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მოხელის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო მის მიმართ წარმოეშვა სხვადასხვა სახის კომპენსაციის, მათ შორის, განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ვალდებულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი. კასატორი აღნიშნავს, რომ 2018 წლის 11 იანვარს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №24-12 წერილით ლ. დ-ეს ეცნობა პასუხი მის განცხადებაზე, რომელიც შეეხებოდა განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებას, რომლის შესახებაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2017 წლის 20 ოქტომბრის №06/54 ბრძანებით. კასატორის განმარტებით, ხსენებული ბრძანების შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს არ მიეცა განაცდური შრომითი გასამრჯელო, რაც იყო კანონის სრული დაცვით მიღებული გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ლ. დ-ის მოთხოვნას, განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ არ გააჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან, ატესტაციის მეორე ეტაპის წარმატებით გავლაზე იყო დამოკიდებული მოწინააღმდეგე მხარის სამსახურში მიღების და არა აღდგენის საკითხი. ატესტაციის მეორე ეტაპი კი, ჩატარდა 2017 წლის 16 აგვისტოს. შესაბამისად, შეუძლებელია განაცდური ხელფასის ათვლა დაწყებულიყო 2015 წლის 20 ოქტომბრიდან. ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დარღვეულია სარჩელის წარდგენის ვადები, რაც სარჩელის განხილვაზე უარის თქმის საფუძველია.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ, თავად მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, მისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 ოქტომბრის №06/54 ბრძანების ოფიციალურად გაცნობა მოხდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის 2017 წლის 24 ოქტომბრის №595-12 წერილით, რომელიც მას ჩაბარდა 2017 წლის 26 ოქტომბერს. 2017 წლის 01 დეკემბრისათვის ლ. დ-ეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ბრძანებასთან დაკავშირებით სამართლებრივი პრეტენზია უნდა წარედგინა დასახელებული ბრძანების ჩაბარებიდან (ოფიციალური გაცნობიდან) 1 თვის ვადაში. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის სამართლებრივი პრეტენზია დაგვიანებით იყო წარმოდგენილი და ხანდაზმულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი.
მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს კასატორის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - ... წლის ... ...დან, მოხელეთა რეზერვში ჩარიხცვამდე - 2017 წლის 1 ნოემბრამდე, განაცდური ხელფასის 34 500 ლარის ანაზღაურების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი, ლ. დ-ის ატესტაციის შედეგებისა და აქედან გამომდინარე, სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა დაენიშნა ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება (ს.ფ. 22-38).
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიამ ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაატარა ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება და 2017 წლის 16 აგვისტოს №36 ოქმით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ლ. დ-ე შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას (ს.ფ. 56-57).
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 ოქტომბრის №06/54 ბრძანების საფუძველზე, „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 01 ნოემბრიდან ლ. დ-ე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და განესაზღვრა კომპენსაციის გაცემა 6 თვის განმავლობაში, ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით (ს.ფ. 59).
2017 წლის 01 დეკემბერს ლ. დ-ემ განცხადებით მიმართა კასატორს და მოითხოვა ... წლის ... ...დან 2017 წლის 01 ნოემბრამდე განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 11 იანვრის №24-12 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ 2017 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით იგი ჩარიცხული იყო მოხელეთა რეზერვში, მასზე გაცემული იყო კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 06 თვის ოდენობით. იმავე აქტით კი უარი ჰქონდა ნათქვამი განაცდურის ანაზღაურებაზე. ამავე წერილის თანახმად, ვინაიდან, ერთი თვის ვადაში ლ. დ-ეს არ ჰქონდა გასაჩივრებული 2017 წლის 20 ოქტომბრის №06/54 ბრძანება, მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, განაცდური ხელფასის 2015 წლის 20 ოქტომბრიდან ათვლის უსაფუძვლობის შესახებ და მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმად, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ლ. დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ამ აქტის ბათილად ცნობის, ლ. დ-ის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობისა და მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის პირობებში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამსაქმებელ ადმინისტრაციულ ორგანოს, ლ. დ-ის მიმართ წარმოეშვა კანონით გათვალისწინებული კომპენსაციისა და იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ვალდებულება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში (საქართველოს კონსტიტუციის, დღეის მდგომარეობით მოქმედი რედაქციის, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი) ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, გათავისუფლებისას დაირღვა თუ არა მატერიალური თუ საპროცესო ნორმების მოთხოვნები, უკანონობა უკავშირდება გათავისუფლების საფუძვლის უკანონობას თუ გათავისუფლების პროცედურის მარეგულირებელი ნორმების უხეშ დარღვევას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
საკასაციო სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდური არის ფულადი თანხა, რომელსაც მოსარჩელე აუცილებლად მიიღებდა გათავისუფლების ბრძანების გამოუცემლობის და შესაბამისად, მის მიერ თანამდებობაზე მუშაობის შემთხვევაში, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და ანაზღაურებაში შემავალი სხვა კომპონენტების ყოველთვიური ოდენობით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ბს-733(კს-20); 23/12/2020). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს და აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან განაცდური თანამდებობრივი სარგო ექვემდებარება ლ. დ-ისთვის სრულად ანაზღაურებას.
საკასაციო პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის შეფასებას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის წარდგენის ვადის გაშვებისა და ამ მოტივით საქმის დაუშვებლობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ოქტომბრის №06/54 ბრძანების „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ...ის განყოფილების ყოფილი ...ის - ლ. დ-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ საფუძველზე, ლ. დ-ეს წარმოეშვა როგორც 6 თვიანი კომპენსაციის მიღების, ასევე განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების უფლება. თუმცა, ხსენებული ბრძანება არ ეხებოდა ლ. დ-ისთვის განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების საკითხს. რეალურად, განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარისთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 11 იანვრის №24-12 წერილით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე