№ბს-432(კ-19) 4 მარტი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. ტ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 12 დეკემბერს თ. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის თ. ტ-ის სასარგებლოდ 2016 წლის თებერვლიდან 2017 წლის აპრილამდე პერიოდის მიუღებელი პენსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თ. ტ-ის სასარგებლოდ 2016 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის აპრილამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით ანაზღაურება დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-12 და მე-16 მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების, მის საფუძვლად არსებული შეტყობინების შესახებ გადაწყვეტილებების მოსარჩელისთვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები. პალატის განმარტებით, კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენდა კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. გადაწყვეტილება, საქმე №ბს-365-360(კ-16)) და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პენსიის შეჩერება და შეწყვეტა ხდებოდა არა რეალაქტის, არამედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შედეგად, პენსიონერის მიერ საკუთარი საპენსიო ანგარიშის გადამოწმების შესაძლებლობა არ ათავისუფლებდა ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილი წესების დაცვით გადაწყვეტილების მიღებისა და დაინტერესებული მხარისათვის მისი ჩაბარების ვალდებულებისაგან. სააპელაციო პალატის განმარტებით, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობდა ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მოითხოვდა ადეკვატურ ადმინისტრირებას. აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა წარმოადგენდა ადმინისტრაციული წარმოების დასკვნით სტადიას. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის შემდეგ ხდებოდა შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან ეძლეოდა პირს გასაჩივრების შესაძლებლობა. ოფიციალურ გაცნობად ვერ ჩაითვლებოდა პირისათვის აქტის შინაარსის შეტყობინება არაოფიციალური წყაროდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 და მე-17 მუხლები, აგრეთვე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 და მე-9 მუხლები იმპერატიულად მიუთითებენ პენსიის შეჩერება/შეწყვეტის საფუძვლებზე, პენსიის შეჩერება/შეწყვეტის წყაროებსა და ვადებზე. კასატორის მოსაზრებით, ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პენსიის შეჩერება/შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე ვერ განხორციელდება ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის ჩართვა. ამასთან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს პენსიის შეჩერება/შეწყვეტის გადაწყვეტილებების გამოცემას.
კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სააგენტო პენსიის შეჩერება/შეწყვეტის გადაწყვეტილებების ასახვას ახორციელებდა ე.წ. „სამმართველო ინფორმაციაში“, რაც წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს. ბენეფიციარის დაინტერესების შემთხვევაში კი გაიცემოდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. კასატორის განმარტებით, პენსიის დანიშვნის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება გულისხმობს ყოველთვიური ფულადი სარგებლის მიღებას, ხოლო შეჩერება/შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებისას, წყდება ყოველთვიური სარგებლის დარიცხვა. შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირად გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არ ვრცელდება ამავე კოდექსის 52-58 მუხლების მოქმედება, მათ შორის, აქტის ოფიციალური გაცნობის პირობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 მარტის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ. ტ-ეს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის გამო, შეუჩერდა პენსიის გაცემა 2015 წლის 1 თებერვლიდან. თ. ტ-ემ 2017 წლის 27 აპრილს განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და შეჩერებული პენსიის განახლება მოითხოვა. სახელმწიფო გასაცემლის აღდგენა განხორციელდა 2017 წლის 1 მაისიდან და თ. ტ-ეს აუნაზღაურდა მიუღებელი პენსია 2015 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 1 თებერვლამდე იმ დასაბუთებით, რომ მიუღებელი თანხა ანაზღაურდებოდა წარსული დროისათვის არა უმეტეს ერთი წლისა, პენსიის შეჩერების დღიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსია შეჩერდება პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პენსია განახლდება პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსათვის პენსიის განახლების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განვითარებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, თ. ტ-ეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარებია სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ადმინისტრციული ორგანოს გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, მოპასუხეს საერთოდ არ წარმოუდგენია ამგვარი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობითი ან ზეპირი ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ ზეპირი ფორმით გამოცემული აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ზეპირი ფორმით გამოცემული აქტი 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით. სახელმწიფო პენსიის - სოციალური დახმარების შეჩერება წარმოადგენს პირის კანონიერი ინტერესების შემზღუდავ ადმინისტრცაიულ აქტს, რომელიც, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წერილობითი ფორმით უნდა გამოიცეს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთგზის გაკეთებულ განმარტებაზე, რომ პენსიის შეჩერების საფუძვლის არსებობა თავისთავად არ ადასტურებს გასაცემლის შეჩერებას, არამედ შეჩერება საჭიროებს აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლების დადგენა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გასაცემლის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლის არსებობისას ნორმატიული აქტის დებულების კონკრეტული შემთხვევისადმი მისადაგების და აღნიშნულთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და დაინტერესებული პირისათვის შეტყობინების ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ 25.05.2017წ. №ბს-365-360(კ-16), სუსგ 25.05.2017წ.¹№ბს-815-807(კ-16)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტაზე გავლენას ვერ იქონიებს კასატორის მიერ დასახელებული ე.წ. „სამმართველო ინფორმაციის“ არსებობა, რადგან ხსენებული დოკუმენტი შეიცავს მითითებას მხოლოდ სახელმწიფო გასაცემლის ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილისა და სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, აგრეთვე ზედამხედველი პირისა და პროექტის ავტორის ხელმოწერებს. ამდენად, ხსენებული დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს წერილობით გამოცემული აქტისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ მომხდარა მისი მოსარჩელისათვის სათანადო წესით გაცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას ქმნის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე