საქმე №ბს-67(კ-21) 26 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2020წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2020წ. განჩინებით შ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.08.2020წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შ. რ-ის მიერ.
საკასაციო სასამართლოს 12.02.2021წ. განჩინებით შ. რ-ს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს 12.02.2021წ. განჩინება გაეგზავნა შ. რ-ის წარმომადგენელ ს. ა-ეს, რომლის უფლებამოსილება დასტურდება საქმეში დაცული, ძალაში მყოფი, 28.10.2020წ. გაცემული N200881034 მინდობილობით(ს.ფ. 275-277). ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება პირადად ჩაბარდა 26.02.2021წ. ს. ა-ეს. დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად. ამასთანავე, სასკ-ის 13.2 მუხლის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი მიიჩნევა მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ. რ-ის წარმომადგენელს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა 26.02.2021წ., ამდენად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო - 05.03.2021წ. (პარასკევი), აღნიშნულ ვადაში კასატორს ან მის წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, საკასაციო საჩივარი ნ. შველიძის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2020წ. განჩინებაზე შ. რ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე