Facebook Twitter
#ბს-697(კს-20) 4 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – თ. თ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – კერძო აღმასრულებელი დ. ე-ი

მესამე პირები (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) –
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
2. სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ...ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 19 თებერვალს თ. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - კერძო აღმასრულებლის დ. ე-ის მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის ქონების შეფასების სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელების დავალდებულება მოითხოვა. მოსარჩელემ სარჩელით ასევე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე #A18179513 სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით თ. თ-ას სარჩელი და შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით თ. თ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებში არსებული #A18179513 სააღსრულებო წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით თ. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. თ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით თ. თ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება ჩაიბარა თ. თ-ას წარმომადგენელმა ხ. კ-ემ 2019 წლის 25 ოქტომბერს. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაზე თ. თ-ამ წარადგინა 2019 წლის 11 ნოემბერს ფოსტის საშუალებით. კონვერტის მიხედვით ფოსტაში ჩაბარების თარიღად დაფიქსირებულია - 09 ნოემბერი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. თ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული, ვინაიდან, დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. თ-ას წარმომადგენელმა ხ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2019 წლის 25 ოქტომბერს და სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილ იქნა ...ს ფოსტის მეშვეობით კანონით დადგენილ ვადაში - 2019 წლის 8 ნოემბერს. თუმცა, აღნიშნული გზავნილის დარეგისტრირება ...ს ფოსტის მიერ გაურკვეველი მიზეზების გამო მოხდა 2019 წლის 9 ნოემბერს.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას ...ს ფოსტასთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და ...ს ფოსტა მომსახურების საფასურს და გაგზავნილი წერილების რეესტრს უგზავნის მომსახურების მომდევნო თვის დასაწყისში. შესაბამისად, ნოემბრის თვის მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტით #... ეცნობა, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს მიტანილი გზავნილი დარეგისტრირდა 2019 წლის 9 ნოემბერს.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნად ...ს ფოსტაში ჩააბარა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიან ვადაში, მაგრამ ფოსტის ტექნიკური შეცდომის გამო აღნიშნული გზავნილი დარეგისტრირდა 2019 წლის 9 ნოემბერს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით თ. თ-ას (წარმომადგენელი ხ. კ-ე) კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. თ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება ჩაიბარა თ. თ-ას წარმომადგენელმა ხ. კ-ემ (წარმომადგენლობის უფლებამოსილება ვადაშია) 2019 წლის 25 ოქტომბერს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა 2019 წლის 8 ნოემბერს ოცდაოთხსაათზე იწურებოდა. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაზე თ. თ-ას წარმომადგენელმა ხ. კ-ემ, ფოსტაში დაფიქსირებული თარიღის მიხედვით - 2019 წლის 9 ნოემბერს წარადგინა.
სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა იმ მოტივით, რომ თ. თ-ამ გაუშვა სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი, საჩივრის ძირითადად საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაგზავნად ...ს ფოსტას 2019 წლის 8 ნოემბერს ჩაბარდა, თუმცა ...ს ფოსტის ტექნიკური შეცდომის გამო, საჩივარი დარეგისტრირდა 2019 წლის 9 ნოემბერს, რაც გახდა წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივრის ვადაში წარდგენის დასადასტურებლად წარმოადგინა ...ს ფოსტის ქუთაისის #... განყოფილებაში გზავნილის ჩაბარების დასტური, ...ს ფოსტის #... გზავნილის რეესტრი და ...ს ფოსტის 2019 წლის 2 დეკემბრის #... მიღება-ჩაბარების აქტი დანართი #1-ით.
...ს ფოსტის ქუთაისის #... განყოფილებაში გზავნილის ჩაბარების დასტურის თანახმად, ხ. კ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგზავნილი საფოსტო გზავნილის თარიღად მითითებულია 8 ნოემბერი, ხოლო ...ს ფოსტის #... გზავნილის რეესტრის და ...ს ფოსტის 2019 წლის 2 დეკემბრის მიღება-#... ჩაბარების აქტის ნომერი #1 დანართის თანახმად - 9 ნოემბერი.
ამდენად, განსახილველ საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებათა არსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. თ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლითა და მე-19 მუხლის პირველ ნაწილით მინიჭებული საპროცესო კომპეტენციის ფარგლებში უნდა გამოიკვლიოს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტაში ჩაბარების რეალური თარიღი, კერძოდ, ...ს ფოსტიდან გამოითხოვოს წერილობითი ინფორმაცია თ. თ-ას წარმომადგენლის ხ. კ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტაში ჩაბარების თარიღის შესახებ და კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ...ს ფოსტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხელახლა იმსჯელოს თ. თ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. თ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რამდენადაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მტკიცებულებათა მოპოვების საპროცესო კომპეტენცია საკასაციო სასამართლოს არ აქვს მინიჭებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 369-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. თ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება და საქმე თ. თ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;





თავმჯდომარე ქ. ცინცაძე



მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე



ნ. სხირტლაძე