Facebook Twitter

საქმე №ბ-956-20 10 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. გ-ის №ბ-956-20 განცხადების დასაშვებობა და საფუძვლიანობა, 2009 წლის 3 დეკემბრის №ბს-1280-1224(კს-უს-09) და 2011 წლის 16 დეკემბრის №ბს-1063-1054(კს-11) სააღსრულებო ფურცლებზე დაწყებული აღსრულების გადავადების თაობაზე.

2020 წლის 10 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა გ. გ-ემ, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის №ბს-1280-1224(კს-უს-09) და 2011 წლის 16 დეკემბრის №ბს-1063-1054(კს-11) სააღსრულებო ფურცლებზე დაწყებული აღსრულების გადავადება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიმართვის საფუძველზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილი იქნა 2009 წლის 3 დეკემბრის №ბს-1280-1224(კს-უს-09) და 2011 წლის 16 დეკემბრის №ბს-1063-1054(კს-11) სააღსრულებო ფურცლებზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების მასალების დამოწმებული ასლები სრულად.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სრულად გადმოეგზავნა 2011 წლის 16 დეკემბრის №ბს-1063-1054(კს-11) სააღსრულებო ფურცელზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების მასალების ასლები, ხოლო 2009 წლის 3 დეკემბრის №ბს-1280-1224(კს-უს-09) სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით მიეთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში არ იძებნებოდა.

საკასაციო სასამართლო გ. გ-ის განცხადებისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გადმოგზავნილი სააღსრულებო წარმოების მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის განცხადებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 დეკემბრის №ბს-1063-1054(კს-11) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების გადავადების მოთხოვნის ნაწილში უნდა შეწყდეს წარმოება, ხოლო გ. გ-ის განცხადება 2009 წლის 3 დეკემბრის №ბს-1280-1224(კს-უს-09) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების გადავადების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ გვთავაზობს აღსრულების გადავადების თაობაზე განცხადების განხილვის სპეციალურ წესს, სასამართლოს მიერ ამ საკითხის განხილვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №12129 წერილზე და სააღსრულებო წარმოების მასალებზე, რომლის გაცნობის შედეგად დასტურდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2020 წლის 1 სექტემბრის №2877 ბრძანებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის გ. გ-ის მოთხოვნა თანხის განაწილვადების თაობაზე და გ. გ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 დეკემბრის №ბს-1063-1054(კს-11) სააღსრულებო ფურცელზე დაწყებული იძულებითი აღსრულების ფარგლებში დაკისრებული თანხა განუწილვადდა 12 თვეზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს გ. გ-ის განცხადებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 დეკემბრის №ბს-1063-1054(კს-11) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების გადავადების მოთხოვნის ნაწილში მსჯელობის საფუძველი, რის გამოც განცხადების ამ ნაწილში უნდა შეწყდეს წარმოება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმცხადებლის - გ. გ-ის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს №12129 წერილის თანახმად, 2009 წლის 3 დეკემბრის №ბს-1280-1224(კს-უს-09) სააღსრულებო ფურცელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში არ იძებნება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად, იმსჯელოს გ. გ-ის განცხადების საფუძვლიანობაზე, 2009 წლის 3 დეკემბრის №ბს-1280-1224(კს-უს-09) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების გადავადების მოთხოვნის ნაწილში, რის გამოც განცხადება ამ ნაწილში განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 263-ე, 272-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განმცხადებლის - გ. გ-ის განცხადებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 დეკემბრის №ბს-1063-1054(კს-11) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების გადავადების მოთხოვნის ნაწილში შეწყდეს წარმოება;

2. გ. გ-ის განცხადება, 2009 წლის 3 დეკემბრის №ბს-1280-1224(კს-უს-09) სააღსრულებო ფურცელზე დაწყებული აღსრულების გადავადების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე