გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 201 8 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე,),
ი. ბიბილაშვილი, მ. ისაევი
განიხილა ო. შ-ის კერძო საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 8 აპრილის კერძო განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 8 აპრილის განაჩენით მ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის მე-19 109-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო კოლეგიამ განაჩენის დადგენასთან ერთად, ცრუ ჩვენების მიცემის გამო, გამოიტანა კერძო განჩინება ო. შ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად მასალების აჭარის ა/რ პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ.
განაჩენი და კერძო განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2003წ. 1 ივლისს მ. ა-ეს სასჯელი შეუმცირა 10 წლამდე. ო. შ-ს კერძო საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 8 აპრილის კერძო განჩინებაზე არ განხილულა.
წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ო. შ-ძე ითხოვს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მ. ა-ის სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლოს მისცა სწორი ჩვენება, ამავე დროს ახსნა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებების შეცვლის მიზეზი. ამიტომ სასამართლოს არ უნდა გამოეტანა განჩინება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად პროკურატურაში მასალების გაგზავნის შესახებ.
პალატის სხდომაზე, მიუხედავად შეტყობინებისა, ო. შ-ძე არ გამოცხადდა. პროკურორმა თ. ჭ-ამ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მ. ა-ის სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ო. შ-ემ, მართალია, შეცვალა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, მაგრამ ამ გარემოებას არსებითი გავლენა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისათვის არ მოუხდენია. პალატა ითვალისწინებს რა ამ გარემოებას და იმასაც, რომ სასამართლო კოლეგიის განჩინების მიღებიდან გასულია 1 წელზე მეტი, თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003წ. 8 აპრილის კერძო განჩინება ო. შ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 8 აპრილის კერძო განჩინება მოწმე ო. შ-ის ცრუ ჩვენების მიცემის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად მასალების აჭარის ა/რ პროკურატურისათვის გადაგზავნის შესახებ.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.