Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 21I 20 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),

გ. ბორჩხაძე,

თ. ლალიაშვილი

განიხილა დაზარალებულების _ ი. და ნ. ც-ების და დაზარალებულების კანონიერი წარმომადგენლის _ ლ. შ-ის კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 2 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც ცნობილ იქნა, რომ გ. ე-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 109-ე მუხლის “ა" პუნქტით, 109-ე მუხლის “ვ" პუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მაგრამ იგი ფსიქიურად დაავადდა და შეურაცხადი გახდა ამ ქმედებების ჩადენის შემდეგ. ამ მოტივით მას დაენიშნა იძულებითი მკურნალობა ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

საჩივარი ითხოვს სასამართლო კოლეგიის 2004წ. 2 ივნისის განჩინების გაუქმებას, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევასა და საქმიდან ამოღებას, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განსასჯელის წარდგენით ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნებას უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ვაკე-საბურთალოს პროკურატურის მიერ გ. ე-ლს ბრალი დაედო შემდეგი სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში:

2001წ. 19 მაისს, თბილისში, ფიზიკის ინსტიტუტის ეზოში მდებარე საბანკეტო დარბაზში გაშლილი იყო მ. ც-ის დაბადების დღის აღსანიშნავი სუფრა, სადაც სხვა პირებთან ერთად მიპატიჟებული იყო მისი შეყვარებული ნ. ბ-ძე მეგობრებთან _ ქ. რ-თან და თ. ნ-ილთან ერთად. ქეიფის დროს ნ. ბ-ძე ზემოხსენებულ თავის მეგობარ გოგონებთან ერთად წავიდა --- ქუჩის შესახვევში მცხოვრები ნაცნობების _ გ. ძ-ას, ნ. ე-ლის, რ. ა-სა და გ. ე-ის სანახავად. გოგონებს გზაში დაეწია მ. ც-ლი და შეკამათების შემდეგ ნ. ბ-ძე ტაქსით წამოიყვანა საბანკეტო დარბაზში. გარკვეული დროის შემდეგ გ. ე-ის მანქანით დარბაზში დაბრუნდნენ ქ. რ-ლი და თ. ნ-ლი. ამის შემდეგ გ. ე-ლი გ. ძ-სთან ერთად ავიდა რესტორან “---ში", სადაც ქეიფობდნენ ნ. ე-ლი და რ. -ლი. დაახლოებით 20 საათზე ისინი ჩამოვიდნენ თბილისში და გ. ე-ის ინიციატივით მივიდნენ ფიზიკის ინსტიტუტის ეზოში მ. ც-თან ურთიერთობის გასარკვევად და ეს უკანასკნელი გამოიძახეს ეზოში. მ. ც-ლს საბანკეტო დარბაზიდან გარეთ გამოჰყვნენ მშობლები _ ი. და ნ. ც-ები, ბიძა _ ნ. ც-ლი, არასრულწლოვანი და _ თ. ც-ლი და დარბაზში მყოფი სტუმრების გარკვეული ნაწილი. მას შემდეგ, რაც გ. ე-ლმა მ. ც-საგან უარი მიიღო სასაუბროდ მათ ავტომანქანაში ჩაჯდომაზე, ეს უკანასკნელი ეზოში შეკრებილი ხალხისაგან მოშორებით გაიყვანეს და დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა. მათი საუბარი გადაიზარდა კამათში, რომლის დროსაც გ. ე-მა ამოიღო თანნაქონი, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი “ჩეზეს" მარკის პისტოლეტი და განსაკუთრებული სისასტიკით, მშობლებისა და დის თვალწინ, მოკვლის მიზნით, ზურგის არეში განზრახ ესროლა მ. ც-ლს და მ. ს-სათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგად ეს უკანასკნელი იქვე გარდაიცვალა. დაჭრილი მ. ც-ის მიმართულებით წასვლა დააპირეს იქ შეკრებილმა ნათესავებმა, რა დროსაც გ. ე-მა ისევ, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთნაქონი იარაღიდან ესროლა ნ. ც-ლს და ბარძაყის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

გ. ე-მა, ეზოში მყოფი პირების გამოდევნების თავიდან აცილების მიზნით, კვლავ რამდენიმეჯერ გაისროლა და ავტომანქანაში მსხდომ თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი დააკავეს 2002წ. 30 ნოემბერს.

ბრალდებულ გ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე გამოძიებამ დანიშნა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა მ. ა-ის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილებას. ექსპერტიზა ჩაატარა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ა. მ-ილი, ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი გ. ნ-ლი, განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ი. ს-ძე და ექსპერტ-ფსიქიატრი დ. მ-ძე. 2002წ. 25 დეკემბერს გაცემული დასკვნის მიხედვით ზემოაღნიშნული საექსპერტო კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ე-ლს აღენიშნებოდა არაფსიქოზური რეგისტრის ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა. მისთვის დამახასიათებელია ემოციური ლაბილობა და არამდგრადობა, კონფლიქტურობა, აფექტურობა და აუტოტრავმებისადმი მიდრეკილება, რამაც განაპირობა მისი ფსიქიატრიული მკურნალობა, მაგრამ გამოკვლევის დროს რაიმე ფსიქოზური აშლილობა მის ფსიქიკურ მდგომარეობაში არ შეინიშნება, არის შერაცხადი და სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გატარებას არ საჭიროებს.

საექსპერტო დასკვნის გაცნობის შემდეგ დაზარალებულების _ ი. ც-სა და ნ. შ-ის სახელით ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის სახელზე დაიწერა განცხადებები, რომლითაც, იმ მოტივით, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას ყოველგვარი ეჭვი გ. ე-ის ფსიქიური დაავადების თაობაზე და ბრალდებულის მხარეს არ დარჩეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ითხოვეს იმავე საექსპერტო დაწესებულებაში სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარება (ორთავე განცხადება დაწერილი არის ნ. შ-ის მიერ).

გამოძიებას ანალოგიური შუამდგომლობით მიმართა გ. ელიზბარაშვილის ადვოკატმაც.

აღნიშნულ შუამდგომლობათა დაყენების შემდეგ გამომძიებელმა დაკითხა საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე ა. მ-ი, რომელმაც დაადასტურა შემოწმების დროისათვის გაცემული დასკვნის სისწორე, მაგრამ მას შემდეგ, შეიცვალა თუ არა გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური მდგომარეობა, ამის დასადგენად საჭიროდ მიიჩნია სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება.

2003წ. 24 იანვარს გამომძიებელმა დანიშნა სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორ გ. ნ-ის ბრძანებით ექსპერტიზის ჩასატარებლად შეიქმნა გაფართოებული კომისია, რომელშიც სხვა წევრებთან ერთად დაზარალებული მხარის მოთხოვნით შეყვანილ იქნა ორი ექსპერტი: ზ. ბ-ია _ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების გენერალური მდივანი და თ. გ-ლი _ ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის ექსპერტ-ფსიქიატრი.

ერთი წლის განმავლობაში დაკვირვების, მკურნალობისა და გამოკვლევის შემდეგ საექსპერტო კომისიამ 2004წ. 15 იანვარს გასცა დასკვნა, რომლის მიხედვით ინკრიმინირებული ქმედების შემდეგ გ. ე-ლი დაავადდა ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, რის გამოც ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეუძლია სწორი ჩვენების მიცემა და საგამოძიებო-სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ. ე-ლი წარმოადგენს განსაკუთრებულ სოციალურ საშიშროებას და ესაჭიროება იძულებითი მკურნალობა ფოთის მკაცრი რეჟიმის მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირობებში.

აღნიშნული დასკვნის სააფუძველზე გ. ე-ის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად სათანადო დადგენილებით პროკურორმა საქმე გაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქმის სასამართლო განხილვის დროს დაზარალებულმა მხარემ იშუამდგომლა სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2004წ. 15 იანვრის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევა და სასამართლოს განჩინებით ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება უცხოელი სპეციალისტების მოწვევით იმ მოტივით, რომ გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილება სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ არ გაცნობია ყველა დაზარალებულს, ამასთან, ექსპერტიზის ჩატარება საეჭვოდ გაჭიანურდა.

სასამართლო კოლეგიამ დაზარალებულთა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მოთხოვნის უსაფუძვლობის მოტივით და საბოლოოდ მიიღო დადგენილება გ. ე-ის მიმართ მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობის შესახებ.

პალატის სხდომაზე დაზარალებულთა ადვოკატებმა _ თ. გ-მა და მ. ს-ემ დააზუსტეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლეს სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2004წ. 15 იანვრის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევა, სასამართლო კოლეგიის 2004წ. 2 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იმ მიზნით, რომ საქმე გ. ე-ის მიმართ სასამართლოში საბრალდებო დასკვნით წარიმართოს. ადვოკატთა შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს კასატორებმა _ ი. ც-ლმა, ნ. ც-ლმა და ლ. შ-ლმა.

ადვოკატმა გ. გ-ამ ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

პროკურორმა მ. ჯ-ემ იშუამდგომლა სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნება იმ მოტივით, რომ დაინიშნოს დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

სამოტივაციო ნაწილი:

პლატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაზუსტებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სახელდობრ, სასამართლო კოლეგიის შემაჯამებელი განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს კოლეგიის სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათაAგამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ე-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოსაკვლევად ორჯერ ჩატარდა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მათგან პირველად _ ამბულატორიული წესით, მეორედ _ სტაციონარული. ორივე ექსპერტიზა ჩატარდა კომისიურად. პირველი დასკვნით მიჩნეულ იქნა, რომ გ. ე-ლი მცირე გადახრების მიუხედავად, ფსიქიკურად ჯანმრთელია და შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო-სასამართლო მოქმედებებში. მეორე დასკვნის მიხედვით, ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის შემდეგ გ. ე-ლი დაავადდა ქრონიკული ფსიქიკური დაავადებით, რის გამოც არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებებში და საჭიროებს იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას. ამ დასკვნაში მითითებული არ არის, როდის განუვითარდა გამოსაკვლევ პირს ეს დაავადება. ასეთი ვითარების გამო პალატა მიიჩნევს, რომ ორივე (ამბულატორიული და სტაციონარული) ექსპერტიზის ჩამტარებელი კომისიის წევრთა ან საჭიროებისა და მხარეთა მოთხოვნის გათვალისწინებით სხვა ექსპერტთაA მონაწილეობით, საქართველოს სსსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის და 362-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული უნდა იქნეს დამატებითი კომისიური სტაციონარული ექსპერტიზა და მიღებულ იქნეს საექსპერტო დასკვნა გ. ე-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. ამის საჭიროებას ისიც განაპირობებს, რომ ბოლო ექსპერტიზის ჩატარებიდან უკვე გასულია 6 თვეზე მეტი.

დაზარალებულთა საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ გ. ე-ლი არის ნარკოტიკულ საშუალებათაA აქტიური მომხმარებელი (ამის თაობაზე საქმის მასალებშიც არის მინიშნება) და არა ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით დაავადებული. ამის გამო ითხოვენ საექსპერტო კომისიაში კლინიცისტი ფსიქოლოგისა და ექსპერტ ნარკოლოგის მონაწილეობას. პალატა ეთანხმება აღნიშნულ მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ ექსპერტ-ფსიქიატრებთან ერთად საექსპერტო კომისიაში ფსიქოლოგისა და ნარკოლოგის მონაწილეობა გამორიცხავს შემდგომში ეჭვების წარმოშობის საფუძველს და დააჩქარებს საქმეზე შემაჯამებლი გადაწყვეტილების მიღებას.

ამრიგად, პალატა თვლის, რომ საქმეზე უნდა ჩატარდეს დამატებითი, საკომისიო, კომპლექსური ექსპერტიზა, რომლის დასანიშნად საჭირო არ არის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება და ამის სრულყოფილად შესრულება შესაძლებელია საქმის სასამართლო კოლეგიაში განხილვის დროს. მიღებული დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიამ უნდა მიიღოს შესაბამისი კანონიერი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება საკასაციო მოთხოვნას სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის შესახებ, პალატა თვლის, რომ ამის თაობაზე სასამართლო კოლეგიას მიღებული აქვს განჩინება, რომლის გაუქმებისათვის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაზარალებულთა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს გ. ე-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 2 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.