საქმე #ბს-820(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 17 ივლისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - შპს „...-ის“ მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ 9483,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა (უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „...-ს“ შორის 14.06.2007წ. დაიდო იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს 71850 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 ტრაქტორი და 2 სხვა მოწყობილობა. საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს 2014 წლის 14 ივნისისა.
მოპასუხე 28.03.2016წ.-დან გათავისუფლდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან (საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გარდა), ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მ/შ საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო; საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე; გათავისუფლდა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისგან; ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. შესაბამისად, მოპასუხეს განესაზღვრა საპრივატიზებო თანხის, საიჯარო ქირისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის საბოლოო ვადა -2016 წლის 31 დეკემბერი.
მოსარჩელის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში არ შესრულდა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება 01.01.2017წ-დან, შესაბამისი მოძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო 9483,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლებზე, „სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის #1-3/152 ბრძანების 5.3 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმატიული აქტისა და მხარეთა შორის ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვას.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...-ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 948,36 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის ფარგლებში, რომლითაც მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ვალდებულების დარღვევას, რისთვისაც ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს (მოვალეს) დააკისრა მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებული ფულადი თანხა (პირგასამტეხლო), თუმცა მისი ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ თანხად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, შეამცირა მისი ოდენობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, თუმცა არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების საწინააღმდეგოდ, ნაცვლად 9483,6 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებისა, მხოლოდ 948,36 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე, 417-ე, 420-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებიდან არ დგინდება, რა ფაქტობრივი გარემოებებისა თუ სამართლებრივი საფუძვლების ანალიზის შედეგად მიიჩნია სასამართლომ, რომ პირგასამტეხლოს თანხა უნდა განსაზღვრულიყო 948,36 დოლარის ექვივალენტი ლარით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა (უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „...-ს“ შორის 14.06.2007წ. დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით (რომლითაც მოპასუხეს 71850 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 ტრაქტორი და 2 სხვა მოწყობილობა) გათვალისწინებული ვალდებულებები. ამასთან, მოპასუხე ითხოვს მოსარჩელეს დაეკისროს პირგასამტეხლო 9483,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (საპრივატიზებო საფასურის 53884 აშშ დოლარის გადაუხდელობისთვის ამ თანხის 0,1% 01.01.2016წ-დან 28.03.2016წ-ის ჩათვლით (88 დღე), რამაც შეადგინა 4741,8 აშშ დოლარი, ხოლო ყოველ 6 თვეში ერთხელ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის - 4741,8 აშშ დოლარის ექცივალენტი ლარში).
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ 9483,6 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა და შესაბამისად, სახეზეა მისი შემცირების წინაპირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე