Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 241 20 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მ. ისაევი (თავმჯდომარე),

მ. გოგელია,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა დაზარალებულ ი. პ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მაისის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 მარტის დადგენილება ტ. ბ-ის მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით ტ. ბ-ლს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა იშუამდგომლა საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება, იმ საფუძვლით, რომ ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედება, დაპირისპირებები, დაზარალებულები ითხოვენ განსასჯელისათვის უფრო მძიმე ბრალდების წარდგენას, გასარკვევია კვალიფიკაციის საკითხი.

მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და 2004წ. 15 მარტის დადგენილებით, საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა დედოფლისწყაროს რაიონის პროკურორს.

მოსამართლის დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ბოსტოღანაშვილმა. საჩივარში იგი ითხოვდა მის მიმართ საქმის შეწყვეტას, ვინაიდან ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.

სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას აპელანტმა შეცვალა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და საქმის გადაცემას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის, რასაც მხარი დაუჭირა სახელმწიფო ბრალმდებელმაც.

კერძო საკასაციო საჩივარში დაზარალებული ი. პ-ლი აღნიშნავს, რომ საქმის სხვა მოსამართლისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი გახდა ის, რომ რაიონულ სასამართლოში თითქოსდა დაირღვა განასასჯელ ტ. ბ-ის დაცვის უფლება _ ადვოკატმა, რომელიც საქმის განხილვისას იცავდა განსასჯელის ინტერესებს, დაიკავა მისი საწინააღმდეგო პოზიცია. კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების ამ მითითებას მიიჩნევს უკანონოდ, რისთვისაც ითხოვს განჩინების გაუქმებასა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას.

პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ლ. ს-მა მხარი დაუჭირა ი. პ-ის საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

პროკურორი მ. ფ-ილი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

გამოიკვლია რა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის განჩინება მოცემულ საქმეზე სწორია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც ირკვევა რაიონულ სასამართლოში მოცემული საქმის განხილვისას პროკურორმა იშუამდგომლა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება პირისათვის უფრო მძიმე ბრალდების წაყენების მოტივით, განსასჯელმა ტ. ბ-მა და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს პროკურორის შუამდგომლობას. აღნშინულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ სწორია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მითითება იმის თაობაზე, რომ რაიონულ სასამართლოში დაირღვა სსკ-ის 84-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა _ დამცველს უფლება არა აქვს იმოქმედოს ბრალდებულის ინტერესების საზიანოდ, მითუმეტეს, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე განსასჯელ ტ. ბ-ის განცხადებით მას არ უნდოდა საქმის გამოძიებაში დაბრუნება, მაგრამ ის გლეხია და კანონები არ იცის _ გააკეთა ის რაც დამცველმა უთხრა, როცა გაერკვა დადგენილება გაასაჩივრა. ამდენად, დაზარალებულ ი. პ-ის საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე, პალატა არ იზიარებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაზარალებულ ი. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მაისის განჩინება ტ. ბ-ის ბრალდების საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნების თაობაზე დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.