გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 65-კოლ 6 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულების _ ვ. გ-სა და დ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. ი-ის, ნ. კ-ის, დაზარალებულების _ გ. ს-სა და ტ. კ-ის ადვოკატ თ. ლ-ის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 22 მარტის განაჩენსა და იმავე სასამართლოს 2004წ. 9 მარტის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 22 მარტის განაჩენით მიესაჯათ:
ვ. გ-ეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 5 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით _ 15 წლით, 109-ე მუხლის “თ”, “ი”, “ლ” ქვეპუნქტებით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 8 თვე, 18 დღე და ვ. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში მოხდით.
დ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით _ 13 წლით, 109-ე მუხლის “თ”, “ი”, “ლ” ქვეპუნქტებით _ 20 წლით. სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით დ. ა-ეს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 24 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ვ. გ-ძე და დ. ა-ძე გამართლდნენ სსკ-ის მე-19, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. ისინი სასჯელს იხდიან 2003წ. 9 ივნისიდან.
ამავე განაჩენით მსჯავრდებულნი არიან ხ. ა-ძე და ი. ა-ძე, რომლებიც განაჩენს არ ასაჩივრებენ.
განაჩენით ვ. გ-სა და დ. არჯევანიძეს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
2003წ. 22 მაისს, დაახლოებით 18 საათზე, ვ. გ-ძე, დ. ა-სთან ერთად ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ქონების დაუფლების მიზნით, ტ. კ-ის კუთვნილ “ოპელ-ვექტრას” მარკის ავტომანქანაში, ყაჩაღურად თავს დაესხა რ. ს-ს და შეეცადა მისთვის ფულის, შემდეგ კი ავტომანქანის წართმევას. როდესაც ეს უკანასკნელი გაუძალიანდა, მან, დ. ა-სთან ერთად, ჯგუფურად, ანგარებით, ავტომანქანის ყაჩაღურად დაუფლების გაადვილების მიზნით, დანის გულმკერდში ჩარტყმით ჩაიდინა რ. ს-ის განზრახ მკვლელობა, რის შემდეგ ისინი დაეუფლნენ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 2003წ. 8 ივნისს, დაახლოებით 23 საათსა და 40 წუთზე, ვ. გ-ემ, დ. ა-ემ, ი. ა-ემ და ა. კ-ემ იმ პერიოდში არასრულწლოვან ხ. ა-ის დახმარებით, ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღების _ გადაჭრილი სანადირო თოფების გამოყენებით, რომლებიც უკანონოდ ჰქონდათ შეძენილი და ატარებდნენ, შეაღწიეს სამტრედიაში მცხოვრებ თ. ჯ-ას საცხოვრებელ სახლში. ყაჩაღური თავდასხმის დროს მათ თოფის კონდახით სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს თ. ჯ-ას და მის მეუღლეს _ რ. გ-ლს, რის შემდეგაც დაეუფლნენ მათ კუთვნილ, 3900 ლარად ღირებულ ქონებას და მიიმალნენ.
ადვოკატი ნ. ი-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს რ. ს-ის მკვლელობისა და ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდებში მსჯავრდებულ ვ. გ-ის ქმედების სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 184-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებას. ადვოკატი თვლის, რომ ვ. გ-ძე უკანონოდ არის მსჯავრდებული რ. ს-ის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისა და ყაჩაღური თავდასხმით მისთვის ავტომანქანის გატაცების ბრალდებით. საჩივარში მითითებულია, რომ შემთხვევის მომენტში ვ. გ-ეს დანა საერთოდ არ ჰქონია და არც დაურტყამს დაზარალებულისათვის, რომელმაც იმ მომენტში, როცა მსჯავრდებულმა ფეხის დარტყმით მიუჯახუნა ავტომანქანის კარი, თავისივე დანა მოიხვედრა სხეულში და მიიღო დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი. ადვოკატი სადავოდ არ ხდის ვ. გ-ის მიერ რ. ს-ის ავტომანქანის გატაცებას, მაგრამ მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა იგი გაიტაცა არა მისაკუთრების, არამედ დროებით გამოყენების მიზნით. ამ მოსაზრებას იგი ადასტურებს იმ გარემოებით, რომ მსჯავრდებულებმა რ. ს-ის ავტომანქანა დატოვეს სურამთან ახლოს, ე.წ. “--- სასაფლაოზე”.
ადვოკატი ნ. კ-ვი საკასაციო საჩივრით ითხოვს დ. ა-ის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას რ. ს-ის განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღური თავდასხმით ავტომანქანის გატაცების ბრალდების ეპიზოდებში. ადვოკატი მიუთითებს, რომ განაჩენი ბრალდების ამ ეპიზოდში ემყარება ვარაუდებს და არა _ უტყუარ მტკიცებულებებს. მისი აზრით, ამ ეპიზოდში დ. ა-ძე უკანონოდ არის მსჯავრდებული, მას რ. ს-ის მიმართ განხორციელებულ ქმედებაში რაიმე მონაწილეობა არ მიუღია და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.
საკასაციო საჩივრებით ადვოკატები ითხოვენ სასამართლო კოლეგიის 2004წ. 9 მარტის განჩინების გაუქმებას და აღნიშნავენ, რომ სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა მოსამართლე გ. ქ-ას საქმის განხილვიდან ჩამოცილების შესახებ. ისინი აღნიშნავენ, რომ მოსამართლემ წინასწარ გამოთქვა აზრი მსჯავრდებულთა ბრალეულობაზე და მას კანონით აღარ ჰქონდა საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება.
საკასაციო საჩივრით დაზარალებულების ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ლ-ძე ითხოვს დ. ა-ის მიმართ სასჯელის გამკაცრებას. იგი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მას დაუნიშნა მეტისმეტად მსუბუქი და აშკარად უსამართლო სასჯელი.
პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ ნ. ი-მა და ნ. კ-მა მოითხოვეს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილება. მსჯავრდებული ვ. გ-ძე დაეთანხმა ადვოკატის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს დაზარალებულს შეეკამათა ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით. დანა იმ მომენტში არ ჰქონია და რ. ს-სათვის არ დაურტყამს. მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ რ. ს-ემ დანა ამოიღო და შეეცადა ავტომანქანიდან გადასვლას, მან ფეხით მიუჯახუნა ავტომანქანის კარი და ამ დროს რ. ს-ემ თავისივე დანით მიიღო დაზიანება. მსჯავრდებულმა არ უარყო რ. ს-ის ავტომანქანის გატაცება, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი მისაკუთრების სურვილი არ ჰქონია და ავტომანქანა გამოიყენა დროებითი გამოყენების მიზნით, რათა სწრაფად გასცლოდა შემთხვევის ადგილს.
მსჯავრდებულმა დ. ა-ემ აღნიშნა, რომ მას რაიმე მონაწილეობა რ. ს-ის მიმართ განხორციელებულ ქმედებაში არ მიუღია. იგი თვლის, რომ ამ ეპიზოდში უკანონოდ არის მსჯავრდებული და ითხოვს თავისი ადვოკატის საჩივრის დაკმაყოფილებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა თ. ლ-ემ შეცვალა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება. დაზარალებულები _ გ. ს-ძე და ტ. კ-ძე დაეთანხმნენ თავიანთი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. ნ-ემ საკასაციო საჩივრებს მხარი არ დაუჭირა. მან განაჩენი ვ. გ-სა და დ. ა-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქმეში არ მოიპოვება არსებითი ხასიათის ისეთი პროცესუალური დარღვევა, რომელიც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას. საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარემ წინასწარ გამოთქვა აზრი მსჯავრდებულთა ბრალეულობაზე და ამის გამო არ ჰქონდა საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება, პალატა ვერ გაიზიარებს. სასამართლო კოლეგიის 2004წ. 9 მარტის დადგენილება _ კოლეგიის თავმჯდომარის საქმის განხილვიდან ჩამოცილებაზე უარის თქმის შესახებ _ დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოტივებს, რომ დ. ა-ეს რ. ს-ის მიმართ განხორციელებულ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია; რომ მსჯავრდებულ ვ. გ-ეს რ. ს-სათვის დანა არ დაურტყამს და თითქოს მან სხეულის დაზიანება მიიღო საკუთარ ხელში არსებული დანით მას შემდეგ, რაც ვ. გ-ემ ავტომანქანის კარი მიუჯახუნა. ამ ვერსიების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება და იგი უარყოფილია როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით, რ. ს-ის გვამზე არსებული ჭრილობა, თავისი ხასიათის, ლოკალიზაციისა და არხის მიმართულების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ვ. გ-ის მიერ აღწერილ ვითარებაში შეუძლებელია განვითარებულიყო.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით მსჯავრდებულების _ ვ. გ-სა და დ. ა-ის მიერ მათზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. განაჩენი ამ მიმართებით დასაბუთებულია და არ არსებობს მისი შეცვლისა და საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან ერთად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების _ ვ. გ-სა და დ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელები მეტისმეტად მკაცრია და განაჩენი ამ მიმართებით უნდა შეიცვალოს. სასამართლო კოლეგია განაჩენში ზოგადად უთითებს მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე, მაგრამ სათანადოდ არ ასაბუთებს, თუ რა აუცილებლობით იყო განპირობებული მსჯავრდებულ ვ. გ-სათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, რომელიც სასჯელის განსაკუთრებულ ღონისძიებას წარმოადგენს. ის გარემოება, რომ დ. ა-ძე ნასამართლევია, ხოლო ვ. გ-ემ ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების პერიოდში, არ იყო საკმარისი საფუძველი სსკ-ის 109-ე მუხლის “თ”, “ი”, “ლ” ქვეპუნქტებით ვ. გ-სათვის უვადო, ხოლო დ. არჯევანიძისათვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისათვის. პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულთა მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, თითოეულის ბრალის ხასიათს და შესაძლებლად თვლის, რომ სსკ-ის 109-ე მუხლის “თ”, “ი”, “ლ” ქვეპუნქტებით ვ. გ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს 20, ხოლო დ. ა-ეს _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე, მე-60 მუხლების შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებისა და წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის დამატების პრინციპით, საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროთ: ვ. გ-ეს _ 25, ხოლო დ. ა-ეს _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 22 მარტის განაჩენი ვ. გ-სა და დ. ა-ის მიმართ შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
ვ. გ-ეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “თ”, “ი”, “ლ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვროს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე და მე-60 მუხლების შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებისა და წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლის დამატებით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
დ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “თ”, “ი”, “ლ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.