გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 74-კოლ 8 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),
გ. ბორჩხაძე,
მ. ისაევი
განიხილა დაზარალებულ ლ. ტ-ძ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 16 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 16 მარტის განაჩენით:
ნ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 4 წლითა და 6 თვით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ა. თ-რს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
ვ. მ-ლს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
განაჩენით ნ. ს-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობითა და ძალადობის მუქარით; ხოლო ა. თ-სა და ვ. მ-ლს _ თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003წ. 14 ივლისს, დაახლოებით 10 საათზე, ნ. ს-ემ, ა. თ-მა, ვ. მ-მა და დ. ც-მა, ნ. ს-სათვის ცოლად შერთვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ქ. ჭიათურაში, --- მასწავლებლისაკენ მიმავალ ლ. ტ-ძეს, რომელიც ფიზიკური ძალის გამოყენებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩასვეს დ. ც-ის მართვის ქვეშ მყოფ ვაზ-21011 მარკის ავტომანქანაში და გაიტაცეს. მათ ლ. ტ-ძე მიიყვანეს თერჯოლის რაიონის სოფ. ---ში, ვ. მ-ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დატოვეს ნ. ს-სთან ერთად. ეს უკანასკნელი მიხვდა რა, რომ ლ. ტ-ძეს ცოლობაზე ვერ დაითანხმებდა, გადაწყვიტა, ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის მუქარით დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ნ. ს-ძე დაემუქრა ლ. ტ-ძეს, რომ თუ მანქანიდან არ გადმოვიდოდა, წაიყვანდა თავის დასთან ცხინვალის რაიონში და მშობლებს აღარ ანახებდა. ამით შეშინებული ლ. ტ-ძე გადმოვიდა ავტომანქანიდან და შეეცადა თავის დაღწევას. ამ დროს ნ. ს-ემ იგი ძალის გამოყენებით შეიყვანა ვ. მ-ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, სადაც ერთი ხელით გაუკავა ხელები, მეორეთი კი გახადა ტანსაცმელი და ძალადობით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. ამის შედეგად ლ. ტ-ძეს დაერღვა საქალწულე აპკის მთლიანობა და მარჯვენა მხარისა და მარცხენა ბარძაყის არეში სისხლნაჟღენთების სახით მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად.
დაზარალებული ლ. ტ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის, როგორც აშკარად ლმობიერის, გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად გადაცემას ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის.
მსჯავრდებული ნ. ს-ძე შესაგებლით ითხოვს საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
მსჯავრდებული ა. თ-რი შესაგებლით ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. რ-ძე შესაგებლით ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე დაზარალებულ ლ. ტ-ძის ადვოკატმა ი. გ-ემ მხარი დაუჭირა დაზარალებულის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად გადაცემა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის, სამივე მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გამკაცრების მიზნით.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ნ. ს-ის ადვოკატმა ნ. დ-მა მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა ნ. ს-ძე.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ა. თ-ის ადვოკატმა დ. მ-ემ ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა ა. თ-ი.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ვ. მ-ის ადვოკატმა თ. მ-მა ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა ვ. მ-ლი.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ბ. გ-ემ ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის ერთობლივი მტკიცებულებებით: დაზარალებულ _ ლ. ტ-ძის ჩვენებებით, მოწმეების _ ლ. ტ-ძის, ე. ს-ის, ე. მ-ის, ე. ს-ის, ლ. კ-ის ჩვენებებით, დაპირისპირების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური, სასამართლო-ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით მსჯავრდებულების _ ნ. ს-ის, ა. თ-სა და ვ. მ-ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულების _ ნ. ს-ს, ა. თ-სა და ვ. მ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი და არ შეესაბამება სამივე მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ მსჯავრდებულებს სასჯელი განსაზღვრული აქვთ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მათი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. მსჯავრდებულ ნ. ს-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად. მსჯავრდებულ ა. თ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითხოვს პატიებას და ბოდიშს უხდის დაზარალებულს, დანაშაულის ჩადენის მეორე დღესვე აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოებში და ხელი არ შეუშლია საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, ხასიათდება დადებითად, პირველადაა სამართალში, მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში, იყო ,,სამართლიანი არჩევნების” ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის წევრი. მსჯავრდებულ ვ. მ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითხოვს პატიებას და ბოდიშს უხდის დაზარალებულს, ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოებში, ხასიათდება დადებითად, პირველადაა სამართალში, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. არც ერთ მსჯავრდებულს ბრალის დამამძიმებელი გარემოებანი არ გააჩნია.
საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულების _ ა. თ-სა და ვ. მ-ის პიროვნული მახასიათებლებისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და ბრალის ხარისხის გათვალისწინებით, არ არის აუცილებელი მათი საზოგადოებისაგან იზოლაცია; მათი გამოსწორება, რეზოციალიზაცია, შესაძლებელია პირობითი მსჯავრის გამოყენებით. რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ. ს-ეს, პალატას სწორად მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გათვალისწინებით, მან სასჯელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის სახით.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის საფუძველი სასჯელის გამკაცრების მოტივით, ვინაიდან სასამართლო კოლეგიამ მსჯავრდებულების _ ნ. ს-ის, ა. თ-სა და ვ. მ-ლის დანაშაულებრივ ქმედებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და შეუფარდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სასჯელები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 16 მარტის განაჩენი მსჯავრდებულების _ ნ. ს-ის, ა. თ-სა და ვ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.