გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 78-კოლ 8 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
ნ. გვენეტაძე,
მ. გოგელია
განიხილა ადვოკატ თ. თ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 23 აპრილის განაჩენზე, რომლითაც ზ. ხ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19, 109-ე მუხლის “დ” და “ლ” პუნქტებით, 138-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი პატიმრობაში იმყოფება 2002წ. 18 სექტემბრიდან.
საკასაციო საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ზ. ხ-ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მისი უდანაშაულობის მოტივით.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენის მიხედვით ზ. ხ-ლს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით ჩაიდინა წინასწარი შეცნობით მცირეწლოვანისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მოკვლის მცდელობა. მანვე ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი. ყოველივე ეს გამოიხატა შემდეგში:
2002წ. 14 სექტემბერს, დაახლოებით 18 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ზ. ხ-მა ქ. თბილისში, ვარკეთილის დასახლების მესამე _ “ა” მიკრორაიონის 322-ე კორპუსის ეზოში შენიშნა ამავე კორპუსში მცხოვრები მცირეწლოვანი _ 1998წ. 28 მარტს დაბადებული მ. მ-შვილი, რომელიც თამაშობდა მცირეწლოვან ძმასთან და მეზობლის ბავშვთან ერთად. ზ. ხ-მა გადაწყვიტა მცირეწლოვანი მ. მ-შვილი მოტყუებით ჩაეყვანა იმავე კორპუსის სადარბაზოში და მის მიმართ განეხორციელებინა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება. ამ მიზნით მივიდა მ. მ-თან და ჰკითხა თუ რას აკეთებდა. ბავშვმა უპასუხა ეძებდა ლიმონათის ბოთლის საცობებს. ზ. ხ-მა მოატყვილა ბავშვი, უთხრა, რომ სარდაფში შენახული ჰქონდა ბევრი საცობი და შესთავაზა გაჰყოლოდა მას. ამ მოტივით მან მცირეწლოვანი მ. მ-შვილი ჩაიყვანა მე-9 სადარბაზოს სარდაფის სიღრმეში არსებულ ოთახში და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების გასაადვილებლად და შემდგომში ჩადენილი დანაშაულის დასაფარად თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ქვა, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მარჯვენა თხემის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობით, თავის ტვინის დაჟეჟილობით, დაჟეჟილი ჭრილობებით თხემისა და მარჯვენა თვალბუდის მიდამოში. დაზიანებების მიღების შედეგად მ. მ-მა დაკარგა გონება. ზ. ხ-მა ისარგებლა გოგონას უმწეო მდგომარეობით, გახადა საცვალი და თითი შეუყო სასქესო ორგანოში, რითაც დაურღვია საქალწულე აპკის მთლიანობა, ჩაუხია საშოს შესავალი ხვრელი და დაუზიანა შორისი სწორ ნაწლავამდე. ამის შემდეგ ზ. ხ-მა, დარწმუნებულმა იმაში, რომ მცირეწლოვანი მ-შვილი მოკვდებოდა, მიატოვა იგი უგონო მდგომარეობაში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამოდენიმე წუთის შემდეგ მ. მ-შვილი მოვიდა გონს და სარდაფიდან გამოვიდა, თუმცა შემდეგ სიარული ვერ შეძლო და დავარდა სადარბაზოს შესასვლელში. იქ იგი იპოვეს მოქალაქეებმა და კვალიფიციური სასწრაფო სამედიცნო დახმარების შედეგად სიკვდილს გადარჩა.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა თ. თ-მა ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
1. წინასწარი გამოძიება ჩატარდა საპროცესო ნორმების დარღვევით. სახელდობრ _ გამომძიებელმა ზ. ლ-ამ ისე შეფუთა და დალუქა დაზარალებულის ბებიის მიერ წარმოდგენილი მ. მ-შვილის ჩასაცმელები, რომ არ მოუხდენია მათი დათვალიერება და დათვალიერების ოქმის შედგენა. ეჭვმიტანილის ბინაში გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების დადგენილება საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის ნაცვლად გამოიტანა ჯგუფის წევრმა გამომძიებელმა, რითაც დარღვეულ იქნა სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნა. ამავე გამომძიებელმა დამსწრე პირთა მონაწილეობით არ შეფუთა და არ დალუქა ჩხრეკის დროს ამოღებული ეჭვმიტანილის კუთვნილი ჩასაცმელები. 2002წ. 15 სექტემბერს ზ. ხ-მა თავისი ტრუსი წარუდგინა გამომძიებელ ზ. ლ-ას. ამ უკანასკნელმა ისე შეადგინა წარმოდგენის ოქმი, რომ არ მოუხდენია ტრუსის დათვალიერება. გამომძიებლის 2002წ. 16-18 სექტემბრის დადგენილებები სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზების დანიშვნის შესახებ ბრალდებულ ზ. ხ-ლს გაეცნო 19 სექტემბერს, მაშინ როცა ამ დროისათვის ზოგიერთი ეს ექსპერტიზა უკვე ჩატარებული იყო. საგამოძიებო ჯგუფის წევრმა ნ. გ-მა 2002წ. 18 სექტემბერს გამოიტანა დადგენილებები დაზარალებულის წარმომადგენლად ცნობისა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. აღნიშნული დადგენილებები საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელს უნდა გამოეტანა და არა წევრს.
ზემოაღნიშნული საპროცესო დარღვევები სასამართლო კოლეგიამ რეაგირების გარეშე დატოვა.
2. საქმის განმხილველმა სასამართლო კოლეგიამ სათანადო შეფასება არ მისცა მცირეწლოვანი დაზარალებულის დედის _ ე. ვ-ს და ბებიის _ ჯ. მ-შვილის მიერ ჩვენებების არაერთგზის შეცვლას.
3. მსჯავრდებულის ყოფილი ადვოკატი ერაძე მოქცეული იყო გამომძიებლის გავლენის ქვეშ და ის ხელს აწერდა ადრინდელი თარიღით გაფორმებულ საგამოძიებო მოქმედებათა ოქმებს.
4. გენერალური პროკურატურის განყოფილების პროკურორმა თ. მ-მ ჩაიდინა სიყალბე, რაც იმაში გამოიხატა, რომ ბრალდებულის მამას პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე 2003წ. 13 მაისს აცნობა თითქოს საქმე უკვე გადაგზავნილი იყო სასამართლოში, მაშინ როცა, საქმე სასამართლოს 31 მაისს გადაეცა.
5. ზ. ხ-ლს მცირეწლოვან მ. მ-შვილის მიმართ მართლაც რომ ჩაედინა ძალმომრეობითი სექსუალური მოქმედება, მისი ბრალდება მხოლოდ სსკ 138-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირებულიყო. 19,109-ე მუხლი ეი მას ზედმეტად აქვს წარდგენილი.
მსჯავრდებულმა ზ. ხ-მა ითხოვა ადვოკატის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
პროკურორმა მ. ა-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მართლსაწინააღმდეგო ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში განაჩენში მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ თითქოს სასამართლო კოლეგიამ შეფასების გარეშე დატოვა გამოძიების დროს დაშვებული ზოგიერთი საპროცესო დარღვევა. სასამართლო კოლეგიამ სრულყოფილად იმსჯელა დაცვის მიერ მითითებული ყველა საპროცესო დარღვევის ირგვლივ და მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ წინასწარი გამოძიების დროს დაშვებული არ არის არცერთი ისეთი დარღვევა, რამაც ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის კანონით გარანტირებული უფლებების არსებითი შელახვა და არაობიექტური დასკვნების გაკეთება გამოიწვია.
უსაფუძვლოა საჩივრის ის მოტივიც, რომ თითქოს სასამართლოს მიერ სათანადო შეფასება არ მიეცა მცირეწლოვანი დაზარალებულის დედის და ბებიის მიერ ჩვენებების არაერთგზის შეცვლას. ორთავე ზემოაღნიშნული პირის მიერ გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის დროს მიცემული ჩვენებები ძირითად ნაწილში თანმიმდევრულია და რაიმე არსებითი განსხვავებების შემცველი არ არის ჩვენებათა დეტალებში არა არსებითი ხასიათის განსხვავებები მათ არ უკარგავს მტკიცებულებით ღირებულებას.
საკასაციო საჩივარში მითითებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის ყოფილი ადვოკატი გამომძიებლის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული და უპრობლემოდ ხელს აწერდა ადრინდელი თარიღით გაფორმებულ საგამოძიებო მოქმედებათა ოქმებს, მხოლოდ საჩივრის ავტორის მოსაზრება და საქმის მასალებით დადასტურებას ვერ პოულობს.
მსჯავრდებულ ზ. ხ-ის ბრალეულობასა თუ უდანააშულობასთან არავითარ კავშირში არ იმყოფება საჩივარში მითითებული ის გარემოება, რომ გენერალური პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ბრალდებულის მამას არასწორად აცნობა საქმის სასამართლოში წარმართვის თარიღი.
რაც შეეხება საჩივრის მითითებას ბრალდების კვალიფიკაციის უზუსტობის შესახებ, პალატა ამ მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს. სახელდობრ, საქმის მასალებით უტყუარად დადასტურებული არ არის, რომ მსჯავრდებული ზ. ხ-ლი მცირეწლოვანი მ. მ-შვილის მოკვლის განზრახვით მოქმედებდა. ამ ნაწილში განაჩენი წინააღმდეგობების შემცველია, რის გამოც ეჭვი მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
განაჩენი დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ. ხ-ის მართლსწაინააღმდეგო ქმედების მიზანი იყო მცირეწლოვანთან სექსუალური კონტაქტის დამყარება გაუკუღმართეული ფორმით და არა მისი მოკვლა. პალატა თვლის, რომ ამ მიზნის მისაღწევად ზ. ხ-ლს სრულიადაც არ სჭირდებოდა მცირეწლოვანი მ. მ-შვილის მოკვლა. მან გოგონას მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის დაძლევის მიზნით თავის არეში მიაყენა რამოდენიმე დარტყმა, რაც შედეგით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება აღმოჩდა. ზ. ხ-ლს მ. მ-შვილის მოკვლის პირდაპირი განზრახვა რომ არ ჰქონდა, ამას ისიც ადასტურებს, რომ მან შემთხვევის ადგილზე დაზარალებული ცოცხალი დატოვა, მაშინ როცა, მის მოკვლაში ხელს არავინ და არაფერი უშლიდა. განაჩენის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზ. ხ-ი ფიქრობდა გონებადაკარგული მ. მ-შვილი მაინც მოკვდებოდა, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციას არ იძლევა. მოცემულ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს შედეგის მიხედვით ანუ არასრულწლოვანისა და უმწეო მდგმოარეობაში მყოფი პირისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებით.
ამრიგად, პალატა თვლის, რომ ზ. ხ-ის მიერ მცირეწლოვან მ. მ-შვილის მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და 138-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალიწსინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენა საქმის მასალებით სავსებით დადასტურებულია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ასაკის და სხვა პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით მას ნაწილობრივ უნდა შეუმცირდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე მუხლის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 568-ე, 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ადვოკატ თ. თ-ის საკასაციო საჩივარი ზ. ხ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
ზ. ხ-ლის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 23 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება შემდეგი მიმართებით:
საქართველოს სსკ-ის მე-19, 109-ე მუხლის “დ და “ლ” პუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე და ამ კვალიფიკაციით ზ. ხ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 138-ე მუხლის მეოთხე ნაწილით შეფარდებული სასჯელი _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს სამი წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით ზ. ხ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.