საქმე #ბს-863(2კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 14 თებერვალს მ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 6 ივნისის „ოჯახის დეკლარაციისა“ და მოცემული დეკლარაციის საფუძველზე, მ. ბ-ის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის - 67780 ერთეულის მინიჭების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, „მ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 22 იანვრის #04/3455 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მ. ბ-ისთვის სოციალური დახმარების აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მ. ბ-ის სასარგებლოდ, კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით, 2017 წლის 6 ივნისიდან სოციალური დახმარების აღდგენამდე, მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2014 წლის აგვისტოდან ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შეფასებისას კი, შეუწყდა საარსებო შემწეობა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შევსებული დეკლარაცია არის უკანონო, რადგან მასში დაფიქსირებული ცვლილებები, რამაც გამოიწვია წინა დეკლარაციასთან შედარებით მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭება, უმნიშვნელოა და ობიექტურად შეფასება/გამოანგარიშების შემთხვევაში არ გამოიწვევდა ქულის გაზრდას. მოსარჩელის მითითებით, მისი ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში უცვლელია. ამასთან, დეკლარაციის შევსებისას მხედველობაში არ იქნა მიღებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე არის პენსიონერი, სოციალური პაკეტის მიმღები, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი. ოჯახის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს სოციალური პაკეტი და საარსებო შემწეობა, რომელიც შეუწყდა. ამასთან, სოციალურის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უჭირს საკვებისა და მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტების შეძენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 6 ივნისის „ოჯახის დეკლარაციის“ საფუძველზე მ. ბ-ის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის - 67780 ერთეულის მინიჭების თაობაზე, მ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 22 იანვრის #04/3455 გადაწყვეტილება; მოპასუხეს, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოცემულ ეტაპზე მ. ბ-ს უარი ეთქვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მის სასარგებლოდ 2017 წლის 6 ივნისიდან სოციალური დახმარების აღდგენამდე, მიუღებელი საარსებო შემწეობის კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, მოსარჩელემ სოციალური აგენტის ვიზიტის დროს არ წარადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რასაც, ბუნებრივია, ვერ დააფიქსირებდა აგენტი. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი წარმოადგენს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, შესაძლებელი იქნება ოჯახის ხელახალი გადამოწმება. ოჯახის დეკლარაცია შეივსო ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, რომელში მითითებული მონაცემების სისწორეც დადასტურებულია შესაბამისი ხელმოწერით.
კასატორის - მ. ბ-ის განმარტებით, მას უსაფუძვლოდ შეუწყდა საარსებო შემწეობა, რამდენადაც მისი ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში უცვლელია. დეკლარაციის შევსებისას მხედველობაში არ იქნა მიღებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე არის პენსიონერი, სოციალური პაკეტის მიმღები, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი. ოჯახის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს სოციალური პაკეტი და საარსებო შემწეობა, რომელიც შეუწყდა.
კასატორის განმარტებით, დეკლარაციის ხელმოწერა არ გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენითა თუ სასამართლო წესით ეჭქვეშ დააყენოს ოჯახის დეკლარაციის შედგენისა და დარიცხული სარეიტინგო ქულის კანონიერება. ასეთ ვითარებაში, დეკლარაციაში დაფიქსირებული და სარეიტინგო ქულის დასამუშავებლად სპეციალურ პროგრამაში შეტანილი ინფორმაციის მართებულობა დგინდება არა დეკლარაციაზე ხელმოწერის არსებობა-არარსებობით, არამედ ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული ან/და პროგრამაში შეტანილი ინფორმაციის რეალურად არსებულ, ობიექტურ გარემოებებთან გადამოწმების გზით. ამდენად, მხოლოდ დეკლარაციაზე ხელმოწერის ფაქტი ვერ განსაზღვრავს დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების სანდოობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრისა და 2 ოქტომბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 2017 წლის 6 ივნისის „ოჯახის დეკლარაციის“ და ამავე დეკლარაციის საფუძველზე, მოსარჩელის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის - 67 780 ერთეულის, მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება და მოპასუხისათვის მ. ბ-ისთვის სოციალური დახმარების აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მ. ბ-ის სასარგებლოდ 2017 წლის 6 ივნისიდან სოციალური დახმარების აღდგენამდე, მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების დავალება.
დადგენილია, რომ სადავო დეკლარაციის შევსებამდე მ. ბ-ის ოჯახი სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო 2014 წლიდან და იღებდა საარსებო შემწეობას. იმ დროისათვის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 30 600 ერთეულს. ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა 2017 წლის 6 ივნისს განახორციელა ოჯახში ვიზიტი და შეავსო „ოჯახის დეკლარაცია“, რის შედეგადაც ოჯახის სარეიტინგო ქულამ შეადგინა 67 780 ერთეული და ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება. აღნიშნულ დეკლარაციაში ასახულ ინფორმაციას გაეცნო, დაეთანხმა და ხელმოწერით დაადასტურა მ. ბ-მა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. იმავე წესის 9.1 მუხლის თანახმად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვა. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას. ამდენად, ამა თუ იმ მაძიებლის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლის პროცედურა ეფუძნება არა მხოლოდ ქულათა მექანიკურ დაანგარიშებას, რომელიც დაყვანილია ტექნიკურ დონემდე, არამედ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, მის მიერ შეგროვილ კონკრეტულ მონაცემთა ერთობლიობასა და საქმეზე დადგენილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა შესწავლა, შემოწმება და ანალიზი განმსაზღვრელია ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების პროცესში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დეკლარაციის შევსებისას მხედველობაში არ იქნა მიღებული მ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოსარჩელის სამედიცინო შემოწმების აქტის ამონაწერით დასტურდება, რომ მ. ბ-ს 1977 წლიდან უვადოდ აქვს მინიჭებული მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი; 2012 წლის 28 სექტემბერს გაცემული სამედიცინო დოკუმენტით (ფორმა #IV-100/ა - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) დასტურდება, რომ მ. ბ-ს (დაბ. ...წ.) აღენიშნება ორივე ბარძაყის ძვლის თავის თანდაყოლილი მაღალი ამოვარდნილობა M-16. იმავე ფორმა #IV-100/ა თანახმად, მ. ბ-ს ესაჭიროება მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირება NFSB-20. რენტგენოგრამაზე აღენიშნება ორივე ბარძაყის ძვლის და ტაბუხის ფოსოს განუვითარებლობა, ბარძაყის ძვლის არხი ძალზე ვიწროა. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია ის გარემოება, რომ მ. ბ-ი არის მარტოხელა პენსიონერი, უმუშევარი და მისი ოჯახის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს სოციალური პაკეტი და საარსებო შემწეობა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე