საქმე #ბს-836(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 5 მარტს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 20 ნოემბრის #0617-96403 წერილით მიმართა შპს „...მა“. მომართვაში აღნიშნული იყო, რომ 2017 წლის აპრილში #8 პენიტენციურ დაწესებულებაში (აბონენტის #...) წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული მრიცხველი იყო დაზიანებული, შესაბამისად, კომპანიამ აბონენტზე დარიცხვა განახორციელა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ საფუძველზე და გადასახდელი თანხა გაანგარიშდა წინა თვეების საშუალო ხარჯის (მოხმარების) მიხედვით. შესაბამისად, დავალიანებად განისაზღვრა 197 375.27 ლარი.
შპს „...ის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სამინისტრომ 2017 წლის 11 დეკემბერს NMOC 9 17 00977177 წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „...ის“ იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომლის მიხედვით, #8 პენიტენციური დაწესებულების მიერ 2017 წლის 27 მარტიდან 2017 წლის 16 მაისამდე პერიოდში მოხმარებული წყლის საფასურად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დამატებით განესაზღვრა 197 375.27 ლარის გადახდა.
მოსარჩელის მითითებით, ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში არაფერია მითითებული მრიცხველის დაზიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მოსარჩელე არ დაეთანხმა შპს „...ის“ მიერ სამინისტროსათვის დავალიანების განსაზღვრას. თუმცა მოსარჩელის პოზიცია მოპასუხე მარეგულირებელი კომისიის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 1 თებერვლის #9/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლის - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აგვისტოს #004488417 დასკვნის თანდართული „ლოგერის“ მონაცემებით დგინდებოდა, რომ #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების (აბ. #...) წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული მრიცხველი 2017 წლის აპრილის თვეში, 11 დღის განმავლობაში არ აწარმოებდა მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვას. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა სადავო პერიოდში #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის სასმელი წყლის მიწოდების ფაქტს, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ #... აბონენტის სასმელი წყლის მრიცხველი დაზიანების გამო 11 დღის (2017 წლის აპრილი) განმავლობაში არ აწარმოებდა აბონენტის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო მოხმარებული სასმელი წყლის ხარჯის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, 2017 წლის 27 მარტიდან - 2017 წლის 26 აპრილამდე გადასახდელი თანხა შეადგენდა 139 586.65 ლარს, ხოლო ამავე წლის 26 აპრილიდან 25 მაისამდე 48 743.14 ლარს. აღნიშნული 197 375.27 ლარიანი დავალიანება კი გამოანგარიშებულია კომპანიის ეჭვის გამო შედგენილი აქტის საფუძველზე.
კასატორის მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 1 თებერვლის #9/1 გადაწყვეტილების კანონიერება და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...ის“ 2017 წლის 20 ივნისის #0617-43377 წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ კომპანიამ #8 დაწესებულების (აბ. #...) წყლის მიწოდების სისტემაზე მოხსნილი (16.05.2017) მრიცხველი, მისი ვარგისიანობის დასადგენად წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აგვისტოს #004488417 დასკვნის თანახმად, „მრიცხველის მიმდებარე კედელი არის ძლიერ დასველებული, რაც უკავშირდება მის მხარეს წვიმისგან ჩასულ წყალს. ამას ადასტურებს მრიცხველის თავზე არსებული ჭის ლუქისქვეშა ბეტონის სველი ნაწილი, საიდანაც ჩაედინებოდა წვიმის წყალი, რომელიც კედლის გავლით ავსებდა ჭას. ამასთან ერთად ნაწილი წყალი ხვდებოდა პირდაპირ მრიცხველის თავზე“. ამავე დასკვნის მიხედვით, „ზოგადად აღნიშნული ტიპის მრიცხველის კორპუსში წყლის მოხვედრამ, აკუმულატორის კონტაქტების მიერთების ადგილას შესაძლებელია გამოიწვიოს ძაბვის ვარდნა. ასეთ დროს, მრიცხველის მაკონტროლებელი სქემა გაზომვის სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით წყვეტს ანათვალის აღებას“.
საქმის მასალებით, აგრეთვე, დადგენილია, რომ შპს „...ის“ 2017 წლის 20 ნოემბრის #0617-96403 წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ 2017 წლის აპრილში #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების (აბ. #...) წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული მრიცხველი იყო დაზიანებული. შესაბამისად, შპს „...მა“ (შემდგომში „კომპანია“) აბონენტზე დარიცხვა განახორციელა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ საფუძველზე და გადასახდელი თანხის დაანგარიშება მოხდა წინა თვეების საშუალო ხარჯის (მოხმარების) მიხედვით. ამავე წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ არსებული მდგომარეობით #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხმარებული სასმელი წყლის დავალიანება „კომპანიის“ მიმართ შეადგენდა 197 375.27 ლარს, რომელიც უნდა დაეფარა 10 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ობიექტს შეუწყდებოდა წყალმომარაგება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით. ამასთან, ხსენებული წესების 25-ე მუხლის მე-8 პუნქტი არეგულირებს მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრის წესს იმ შემთხვევაში, როდესაც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების გამო, შეუძლებელია მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აგვისტოს #004488417 დასკვნის თანდართული „ლოგერის“ მონაცემებით დგინდება, რომ #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების (აბ. #...) წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული მრიცხველი 2017 წლის აპრილის თვეში, 11 დღის განმავლობაში არ აწარმოებდა მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვას. ამავე დასკვნით ასევე დგინდება, რომ მრიცხველის მიმდებარე კედელი იყო ძლიერ დასველებული, ხოლო ექსპერტის შეფასებით, „ზოგადად აღნიშნული ტიპის მრიცხველის კორპუსში წყლის მოხვედრამ, აკუმულატორის კონტაქტების მიერთების ადგილას შესაძლებელია გამოიწვიოს ძაბვის ვარდნა. ასეთ დროს, მრიცხველის მაკონტროლებელი სქემა გაზომვის სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით წყვეტს ანათვალის აღებას“. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების (აბონენტის #...) ბარათით ირკვევა, 2017 წლის აპრილის თვეში აბონენტის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა ნაკლებია როგორც წინა თვეების, ასევე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მოხმარებული სასმელის წყლის ოდენობაზე.
შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა სადავო პერიოდში #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის სასმელი წყლის მიწოდების ფაქტს, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ #... აბონენტის სასმელი წყლის მრიცხველი დაზიანების გამო 11 დღის (2017 წლის აპრილი) განმავლობაში არ აწარმოებდა აბონენტის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის აღრიცხვას და შეუძლებელი იყო მოხმარებული სასმელი წყლის ხარჯის განსაზღვრა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე