საქმე #ბს-909(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 12 ნოემბერს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის #638 დადგენილების საფუძველზე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ შპს „...ის“ მიერ პაციენტ დ. ჩ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება 2018 წლის 2 აგვისტოს #კ/რ-1125-107 რევიზიის აქტით მიიჩნია არასრულად. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა ზემოაღნიშნული რევიზიის აქტი, თუმცა უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 2 აგვისტოს #კ/რ-1125-107 რევიზიის აქტისა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 11 ოქტომბრის #02/53971 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 2 აგვისტოს #კ/რ-1125-107 რევიზიის აქტი და მოპასუხე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 11 ოქტომბრის #02/53971 გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც არ განხორციელებულა. სააპელაციო პალატის მითითებით, ისე იქნა გამოყენებული რეცენზენტთა დასკვნა და ისე დაეფუძნა მას სადავო რევიზიის აქტი, რომ რეცენზენტთა მიერ არ ყოფილა ძირითადი საკითხი შეფასებული, კონკრეტულად რომელი საკანონმდებლო აქტის რომელი ნორმა იქნა დარღვეული შპს „...ის“ მიერ პაციენტის მკურნალობის დროს, რაც შესაძლოა, საფუძვლად დასდებოდა მოპასუხის მხრიდან კანონმდებლობის შესაბამისად კონკრეტული სანქციის გამოყენებას. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და კლინიკაში შებრუნების მიზეზების დასადგენად რეცენზენტთა დასკვნის მხოლოდ ის ნაწილი კი არ უნდა გაეზიარებინა, რომელიც პაციენტის სტაციონირების 12-დღიანი ვადის არასაკმარისად მიიჩნევდა, არამედ უნდა შეეფასებინა ზოგადად დასკვნა, რომლის მიხედვითაც, პაციენტის დიაგნოზი დასმული იყო სწორად, დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებები იყო ადეკვატური, დროული და შეესაბამებოდა დასმულ დიაგნოზს. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეესწავლა და შეეფასებინა, რამდენად იყო შესაძლებელი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოეწვია თავად პაციენტის მიერ გაწერის შემდგომ მკურნალობის კურსის დაუცველობას (სათანადო მედიკამენტების მიუღებლობას), უნდა გამოკვლეულიყო პაციენტის მდგომარეობის გაუარესება შეიძლება თუ არა პროვოცირებული ყოფილიყო პაციენტის ოჯახის წევრთა აგრესიით, ძალადობით, იძულებით, მუქარით და ა.შ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი ასევე სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა რეცენზენტთა მოწვევის თაობაზე.
კასატორის განმარტებით, რეცენზენტთა დასკვნით ცალსახად დადგენილია, რომ თერაპიამ შედეგი გამოიღო 30 ოქტომბრისათვის, 12-დღიანი სტაციონირება არ აღმოჩნდა საკმარისი სტაბილური ეფექტის მისაღებად, რის გამოც პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება ჩაითვალა არასრულად.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის #638 დადგენილების 18.5 მუხლის თანახმად, რევიზიისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რეცენზენტთა დასკვნები. საქმეში არსებული სარეცენზიო დასკვნაში მითითებულია ლიტერატურა, რომლის საფუძველზეც დაიწერა დასკვნა. ამასთან, სასამართლო არასწორად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ თითქოს რეცენზენტთა დასკვნითა და რევიზიის აქტით ვერ დგინდება, ჰქონდა თუ არა კლინიკას იმის შესაძლებლობა წინასწარ განეჭვრიტა პაციენტისათვის ჩატარებული მკურნალობა არ იყო საკმარისი, იგი საჭიროებდა უფრო ხანგრძლივ სტაციონარულ მკურნალობას და ა.შ. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ დაწესებულებას ჰქონდა ვალდებულება ეხელმძღვანელა და წინასწარ განეჭვრიტა პაციენტის მდგომარეობა „შიზოფრენიის მკურნალობა და მართვა მოზრდილებში“ გაიდლაინით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 24.07.2013წ. #01-151/ო ბრძანებით (ეხელმძღვანელა „პოტენციური საშიშროების შეფასების კრიტერიუმებით“, რის თაობაზეც რეცენზენტთა დასკვნაში მითითებულია ლიტერატურა). ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მიუხედავად სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული იმ ჩანაწერისა, რომლის თანახმად, „მეზობლების მიმართ კვლავ ვლინდება ნეგატიური დამოკიდებულება...“ პაციენტი გაწერილ იქნა დაწესებულებიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
დადგენილია, რომ პაციენტი დ. ჩ-ე 2017 წლის 20 სექტემბერს, 18:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის მიერ, ჰოსპიტალიზებულ იქნა შპს „...ში“ ნასვამ მდგომარეობაში. მდგომარეობა შეფასდა მწვავედ, პაციენტი ნებაყოფლობით დათანხმდა მკურნალობის ჩატარებას, მოთავსდა განყოფილებაში, მიეცა დანიშნულება - დიაგნოზი: პარანოიდული შიზოფრენია (F20.0). ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 27 სექტემბრიდან მკურნალობის ფონზე პაციენტი შედარებით დამშვიდდა, 2017 წლის 2 ოქტომბერს პაციენტის მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული, რის გამოც მისი ფსიქოსომატური მდგომარეობის გათვალისწინებით, გაწერის საკითხი ჩაითვალა მიზანშეწონილად და პაციენტი იმავე დღეს 18.45 საათზე, კომისიური წესით, გაწერილ იქნა კლინიკიდან. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ პაციენტი გაწერიდან 3 დღის შემდეგ, 2017 წლის 6 ოქტომბერს 13:00 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის მიერ, კვლავ მოთავსდა შპს „...ში“. ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა აგრესიით, რაც იწვევდა მის ფსიქო-სოციალურ დისფუნქციას და საფრთხეს უქმნიდა გარშემომყოფთა უსაფრთხოებას, მიზანშეწონილად ჩაითვალა პაციენტის მოთავსება მწვავე განყოფილებაში შემდგომი მკურნალობისთვის. საექიმო კომისიის გადაწყვეტილებით გაიგზავნა შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბრძანების (07.10.2017წ. საქმე #3/6717-17) საფუძველზე, პაციენტი დ. ჩ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარება. 2017 წლის 30 ოქტომბერს პაციენტის ფსიქოსომატური მდგომარეობის გათვალისწინებით, გაწერის საკითხი ჩაითვალა მიზანშეწონილად და იმავე დღეს 12:00 საათზე გაეწერა კლინიკიდან ამბოლატორიული მკურნალობის გასაგრძელებლად.
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, კომისიამ შეისწავლა „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შპს „...ში“ პაციენტ დ. ჩ-ის სამედიცინო დახმარების საკითხი. შესწავლის პროცესში, კომისიის გადაწყვეტილებით, პაციენტ დ. ჩ-ის სამედიცინო დოკუმენტაცია, ფსიქიატრიის პროფილით, რეცენზირებულ იქნა სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ მიერ და 2018 წლის 16 ივლისს ფსიქიატრიის კათედრის თანამშრომლების მიერ დ. ჩ-ის სამედიცინო დოკუმენტაციაზე (სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #... და #...) დაყრდნობით გაცემულ იქნა რეცენზია, რის საფუძველზეც, პაციენტ დ. ჩ-ისათვის, 2017 წლის 20 სექტემბრიდან 2017 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული სამედიცინო მომსახურება კომისიის მხრიდან ჩაითვალა არასრულად, რის გამოც, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 2 აგვისტოს #კ/რ-1125-107 სადავო რევიზიის აქტით, „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის #638 დადგენილების 22-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, შპს „...ი“ დაჯარიმდა 1 800 ლარით.
ზემოაღნიშნული დადგენილების 22.15 მუხლის შესაბამისად, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო საქმიანობას ახორციელებს ფილიალების მეშვეობით, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე ფილიალისთვის, ამავე ფილიალისთვის თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით.
მართალია, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის #638 დადგენილების 18.5 მუხლის თანახმად, რევიზიისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რეცენზენტთა დასკვნები, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო რევიზიის აქტის შესწავლითა და მისი ანალიზით ცალსახად ვერ დგინდება, თუ კონკრეტულად, რა სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი შპს „...ის“ მიერ პაციენტის მკურნალობის პროცესში. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩატარებული მკურნალობის აღწერას და მასში არ არის მოცემული საკითხის ობიექტური და სრულყოფილი შეფასება უშუალოდ პაციენტის გაწერის ან გაწერამდე არსებული მკურნალობის პროცესში დაშვებული შეცდომების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. აღნიშნული რევიზიის აქტი ეყრდნობა სსიპ „სამედიცინო უნივერსიტეტის“ რეცენზენტთა დასკვნას, თუმცა ვერც რეცენზენტთა დასკვნითა და ვერც რევიზიის სადავოდ ქცეული აქტით ვერ დგინდება ჰქონდა თუ არა კლინიკას იმის შესაძლებლობა წინასწარ განეჭვრიტა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული მკურნალობა არ იყო საკმარისი და იგი საჭიროებდა უფრო ხანგრძლივ სტაციონალურ მკურნალობას, იყო თუ არა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის, საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის წინასწარი შეფასება სათანადოდ განხორციელებული და ა.შ. ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეუფასებია შპს „...ის“ ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის მიერ პაციენტის კლინიკიდან გაწერა იყო თუ არა მართებული და მიზანშეწონილი, და თუ არ იყო რა გარემოებების შეფასების პირობებში. აგრეთვე ის, თუ რა გარემოებების გათვალისწინებით უნდა მიეჩნია ექიმ-ფსიქიატრთა კომისიას, რომ აუცილებელი იყო უფრო ხანგრძლივი დროით პაციენტის სტაციონირება და კონკრეტულად რა ვადას მოიცავდა ეს აუცილებლობა.
მოცემულ საქმეში ისე იქნა გამოყენებული რეცენზენტთა დასკვნა და ისე დაეფუძნა მას სადავოდ ქცეული რევიზიის აქტი, რომ რეცენზენტთა მიერ არ ყოფილა ძირითადი საკითხი შეფასებული, კონკრეტულად რომელი საკანონმდებლო აქტის რომელი ნორმა იქნა დარღვეული შპს „...ი“ მიერ პაციენტის მკურნალობის დროს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და კლინიკაში შებრუნების მიზეზების დასადგენად რეცენზენტთა დასკვნის მხოლოდ ის ნაწილი კი არ უნდა გაეზიარებინა, რომელიც პაციენტის სტაციონირების 12-დღიან ვადას არასაკმარისად მიიჩნევდა, არამედ უნდა შეეფასებინა ზოგადად დასკვნა, რომლის მიხედვითაც, პაციენტის დიაგნოზი დასმული იყო სწორად, დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებები ადეკვატური, დროული იყო და შეესაბამებოდა დასმულ დიაგნოზს, ვინაიდან ორივე სამედიცინო ბარათის შესწავლის საფუძველზე, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ პაციენტს დანიშნული ჰქონდა მისი მდგომარეობის ადეკვატური მკურნალობა, დანიშნულებაში ძირითად პრეპარატად რჩებოდა: სედარექსი, თუმცა თერაპიამ შედეგი გამოიღო 30 ოქტომბრისთვის. შესაბამისად, მიიჩნიეს, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია გაფორმებული იყო არსებული წესების დაცვით. ასევე, დ. ჩ-ის მკურნალობა წარიმართა სწორი დანიშნულებით, თუმცა 12-დღიანი სტაციონირება არ აღმოჩნდა საკმარისი სტაბილური ეფექტის მისაღებად.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამასთან, კასატორის მიერ სადავოდ ქცეულ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 13.05.2020წ. #02403 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინება;
3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.05.2020წ. #02403 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე