საქმე #ბს-899(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 20 მარტს რ. ც-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის #608 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის რ. ც-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2018 წლის იანვარს განცხადებით მიმართა სამინისტროს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, რაზეც უარი ეთქვა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, ვინაიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე იგი მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში, ყოველწლიურად ეწეოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები. გარდა ამისა, სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმჟამინდელ კონფლიქტის ზონაში არსებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართვლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით რ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის #608 ბრძანება; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რ. ც-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ გადმოცემული ბიოგრაფიული ცნობებით დგინდება, რომ იგი ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებით დაკავშირებული იყო ქალაქ თბილისთან, შესაბამისად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სოფელი ...ი ვერ იქნებოდა. ...ის მუნიციპალიტეტის ცნობებისა და ...ის მუნიციპალიტეტიდან გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის დასკვნებთან მიმართებით, კასატორი აღნიშნავს, რომ მათი სარწმუნოობა თავად ამ ორგანოების მიერ გაცემული აქტებით ქარწყლდება, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ მოსარჩელე სოფელ ...ში ცხოვრობდა ოჯახის წევრებთან - მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. ამ გარემოებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რამდენადაც იმ პერიოდისათვის მოსარჩელის შვილები იყვნენ საშუალო სკოლის მოსწავლეები, ხოლო მეუღლე - დასაქმებული იყო მუდმივ, სისტემატურ სამუშაოზე ქ. თბილისში. შესაბამისად, იმისათვის, რომ მათ მუდმივად ეცხოვრათ სოფ. ...ში, სამივეს ყოველდღიურად, სასწავლებლად და სამუშაოდ უნდა ევლოთ სოფ. ...იდან ქ. თბილისში და უკან. კასატორის მითითებით, ეს გარემოება არადამაჯერებელია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ოჯახს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა ქ. თბილისში. კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მეუღლე 1990 წლიდან მუშაობს „დელტაში“ (...-ე ...ა) და ამ ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო სამუშაოზე მხოლოდ პერიოდულად და დროგამოშვებით გამოცხადება.
კასატორის მითითებით, მუნიციპალიტეტისა და კომისიის მიერ გაცემული დასკვნების შინაარსის არასარწმუნოებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ორგანოებს მრავალ შემთხვევაში ერთსა და იმავე პიროვნებებთან მიმართებით არაერთგზის ურთიერთგამომრიცხავი ცნობები აქვთ გაცემული და მათ მიერ გაცემული ცნობებისა და დასკვნების შინაარსის ნამდვილობის დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელია. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ახლობლური, ნათესაური კავშირებით, ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ ურთიერთდახმარების სურვილი და ეს გარემოებები კიდევ უფრო არასარწმუნოს ხდის მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციების ნამდვილობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩნების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა წარმოადგენს. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია რ. ც-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება. დასკვნაში აღნიშნულია, რომ რ. ც-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მისი შვილები დაიბადნენ და სწავლობდნენ ქ. თბილისში. მისი მეუღლე 1990 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში. თავად 1996 წლიდან ფლობს საკუთრებას ქ. თბილისში და ასევე, 1990 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში. იგი დაოჯახების შემდეგ არ ყოფილა დაკავშირებული სოფ. ...თან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობებით, რის გამოც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უფრო ხშირად მოუწევდა ყოფნა, ვიდრე ქ. თბილისში.
დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების დეპარტამენტი აღნიშნული დასკვნის მიღებისას დაეყრდნო თავად განმცხადებლის ახსნა-განმარტებას, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის ინფორმაციას, სადაც რ. ც-ი რეგისტრირებულია 1995 წლიდან და საცხოვრებელ მისამართად უფიქსირდება - ქ. თბილისი,...ის ქ. #181, ბინა #3.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი იძლევა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის დეფინიციას, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია – დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2011 წლის 9 ივნისის #ბს-1896-1849(კ-10) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მასალებზე, კერძოდ, ...ის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ...ის ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 21 მაისის #253 ცნობაზე, რომლის თანახმად, რ. ც-ი (დაბ. ...წ. (პ/ნ ...)) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. მისი ოჯახი შედგებოდა 4 წევრისაგან: თვითონ - რ. ც-ი (დაბ ...წ. (პ/ნ ...), მეუღლე - ც. ც-ი (დაბ. ...წ. (პ/ნ ...)), შვილი - ლ. ც-ი (დაბ. ...წ. (პ/ნ ...)) და შვილი - ლე. ც-ი (დაბ. ...წ. (პ/ნ ...)).
საქმეში ასევე წარმოდგენილია 2018 წლის 14 მაისის, სოფელ ...ის მაცხოვრებლების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ რ. ც-ი (დაბ. ... წელს ცხინვალში. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა #..., პ/ნ: ..., გაცემული იუსტიციის სამინისტროს მიერ 16.06.2015 წელს. მოქმედების ვადა 16.06.2025 წლამდე) ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში 2008 წლის 8 აგვისტომდე, ჰქონდა სახლი, ეწეოდა სოფლის მეურნეობას (ფერმერულ მეურნეობას), ასევე მონაწილეობას იღებდა სოფელ ...ში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების, კერძოდ, მეუღლისა და შვილების სამუშაო და სწავლების ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ვერ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე რ. ც-ის მუდმივ საცხოვრებელი ადგილს აუცილებლად წარმოადგენდა ქ. თბილისი და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია. ასევე საყურადღებოა ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2018 წლის 18 მაისის #05/2018 დასკვნა, რომლის თანახმად, რ. ც-ი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე, ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მეუღლესთან - ც. ც-თან, შვილებთან - ლ. ც-თან და ლე. ც-თან ერთად ფლობდა საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს. ყოველწლიურად ეწეოდა სოფლის (ფერმერულ) მეურნეობას. რ. ც-ი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში (ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს). მიუხედავად იმისა, რომ რ. ც-ს სამსახურის გამო პერიოდულად უწევდა სოფელ ...ის დატოვება, სამუშაო ჯგუფმა ყველა ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ იგი წარმოადგენდა სოფელ ...ის მუდმივ მაცხოვრებელ პირს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება 2008 წლის აგვისტოს ომამდე რ. ც-ის ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რის გამოც მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე