საქმე #ბს-888(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 29 მარტს ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის #01-828/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით (სამოთახიანი საცხოვრებელი ფართი) ნ. მ-ის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 90-იანი წლებიდან, ოჯახთან ერთად, იძულებით გადაადგილებული პირია. დევნილობის პერიოდში დასახლდა ქ. ...ში, ...ის ქ. #63-ში, შპს „...ში“, ე.წ. „...ში“. დევნილობის პერიოდში დაოჯახდა და შეეძინა შვილები. ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო დროებით საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის დედის ბინაში. მეუღლის დედას ჰქონდა პირადი ვალდებულებები, რის გამოც დროებითი საცხოვრებელიც აღარ გააჩნიათ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით, რაზედაც უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ არ არსებობდა ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის #01-828/ო ბრძანება; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით ნ. მ-ის ოჯახის (განცხადებით გათვალისწინებული პირები) დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის #240 განკარგულების 2.1.11 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი ნორმა, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას და აღნიშნულით სურს, პირველ რიგში მოახდინოს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ, რათა უწინარესად მოხდეს უფრო შეჭირვებული დევნილების თავშესაფრით დაკმაყოფილება. ცხადია, ეს ნორმა არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის, ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი.
კასატორის მითითებით, ნ. მ-მა შეავსო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე განაცხადი, რომელიც კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 5,5 ქულით (1,5 ქულა - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 2 ქულა - 18 წლამდე ასაკის ოჯახის წევრები (3 არასრულწლოვანი); 2 ქულა - მძიმე საცხოვრებელი პირობები). კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული აქტებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, განხორციელდა აპლიკანტის მიერ სააპლიკაციო განაცხადში მითითებული სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შემოწმება, რის შედეგადაც სააგენტოს (სამინისტროს) მიერ მიჩნეულ იქნა, რომ აპლიკანტის ოჯახს ხელი მიუწვდებოდა ალტერნატიულ საცხოვრებელზე, რომელიც ფაქტობრივად ოჯახის საკუთრებაა და შეუზღუდავად შეუძლიათ ამ საცხოვრებლით სარგებლობა.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმაში შეტანილი ინფორმაციის თანახმად, მონიტორინგის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ...ში, ...ის ქ. #57-ში არსებულ მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე. მოსარჩელესთან გასაუბრებით დადგინდა, რომ სახლი არის მოსარჩელის მეუღლის მშობლების და აღნიშნულ საცხოვრებელში ცხოვრობენ 2005 წლიდან ქირის გარეშე. იმავე მონიტორინგის ფორმის „ო“ მოდულში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, ...ში, ...ის ქ. #57-ში არსებული საცხოვრებელი სახლი მოსარჩელის დედამთილმა ფინანსური პრობლემების გამო გაასხვისა 2018 წელს, თუმცა ოჯახი იქვე აგრძელებს ცხოვრებას. ამასთან, კასატორის მითითებით, პარალელურ ქუჩაზე მოსარჩელის მეუღლის მამას საკუთრებაში აქვს ორსართულიანი სახლი (დაახლოებით 200 კვ.მ), რომელშიც ცხოვრობენ მეუღლის მშობლები, მეუღლის ძმა და მამიდა. შესაბამისად, ფაქტობრივი მდგომარებით, მოსარჩელის ოჯახი შეუზღუდავად, ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი დამაბრკოლებელი გარემოების გარეშე სარგებლობს ზემოაღნიშნული საცხოვრებლით. ამასთან, მეუღლის მშობლებს საკუთრებაში აქვთ მეორე საცხოვრებელი სახლიც. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კასატორის მითითებით, მოსარჩელისათვის, ამ ეტაპზე, საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე უარის თქმა არის კანონიერი და დასაბუთებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩნების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე - ნ. მ-ი და მისი შვილები - მ., დ. და გ. მ-ეები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა წარმოადგენს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი #26) ნ. მ-ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო (ცხოვრობს არადევნილი მეუღლის - თ. მ-ის დედის სახლში). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის #01-828/ო სადავო ბრძანებით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. ...ში, ...ის ქუჩა #1-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ნ. მ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ #6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ #7 დანართის შესაბამისად. მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. მ-ს ჰყავს მეუღლე - თ. მ-ე (არადევნილი) და სამი არასრულწლოვანი შვილი - გ. მ-ე, მ. მ-ე და დ. მ-ე, რომლებიც ასევე წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს. ამასთან, ისინი არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით და არც საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ფართი. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ოჯახი 2005 წლიდან ცხოვრობს ქ. ...ი, ...ის ქ. #57-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც მოსარჩელის მეუღლის - თ. მ-ის დედის საკუთრებაში იყო, 2018 წლის 9 მარტიდან კი, სხვა პირის - მ. ბ-ის საკუთრებაში გადავიდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ ნ. მ-ის ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობს ქ. ...ში, ...ის ქუჩა #57-ში სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა კი, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე