საქმე #ბს-999(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 4 აპრილს ე. მ-ემ და რ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, 1989 წელს აჭარის მაღალმთიან რაიონებში (...სა და ...ის რაიონი) მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად არაერთი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე, აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან 3000-ზე მეტი ოჯახი ჩასახლდა საქართველოს 40-მდე რაიონში, მათ შორის, 75 ოჯახი ჩაასახლეს გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში - ...აში (საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ოქტომბრის #497 დადგენილება). ზემოხსენებულ 75 ოჯახს შორს ...ს რაიონის სოფელ ოქტომბრიდან ჩამოსახლებულ იქნა ე. მ-ის 3-წევრიანი ოჯახი (...ს სახ. დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 27 დეკემბრის #321/25 გადაწყვეტილება). მოსარჩელეთა მითითებით, გამომდინარე იქიდან, რომ ე. მ-ის ოჯახი წლების განმავლობაში ცხოვრობდა სხვის ბინაში, იძულებული გახდა მთავრობის მიერ დაპირებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობამდე შეესყიდა საცხოვრებელი ფართი სოფელ ...ში, სადაც იგი დღემდე ცხოვრობს.
საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ოქტომბრის #497 დადგენილებით გარდაბნის რაიონში ჩასახლებულ ოჯახებს, მათ შორის, ე. მ-ის ოჯახს, როგორც სტიქიით დაზარალებულს, სოფელ ...ში საკუთრებაში გადასცეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის #750 ბრძანებულებით, მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის დეპარტამენტის წინადადება და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართის შეცვლის მიზნით, ჩასახლებული 75 ოჯახისათვის (...ის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს) გამოიყო 20 ჰა მიწის ფართობი. ამავე დადგენილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა, ხოლო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ჩამოსახლებულთათვის აეშენებინა საცხოვრებელი სახლები.
მოსარჩელის განმარტებით, ჩამოსახლებულ ოჯახებს შორის 49 ოჯახმა სარჩელით მიმართა სასამართლოს, რათა შესრულებულიყო მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები. ზემოხსენებულ ოჯახებთან ერთად, ე. მ-ის ოჯახმა ვერ მიმართა სასამართლოს, ვინაიდან აღნიშნული ფორმით დავის დაწყების შესახებ ოჯახს არ ჰქონდა დროული ინფორმაცია. სტიქიით დაზარალებული 49 ოჯახის სარჩელზე, სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის #3ბ/453-12 გადაწყვეტილება), საქართველოს მთავრობას სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების კანონით დადგენილ ვადაში ჩატარება დაევალა.
ამდენად, მოსარჩელეებმა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 მარტის GOV 0 19 00008592 გადაწყვეტილების, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის 2019 წლის 26 მარტის #01/5224 გადაწყვეტილების/წერილობითი პასუხის ბათილად ცნობა და საქართველოს მთავრობისათვის ე. მ-ისა და რ. ბ-ის 2019 წლის 22 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით - სტიქიით დაზარალებული პირების საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის განჩინებით ე. მ-ისა და რ. ბ-ის სარჩელზე, მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის 2019 წლის 26 მარტის #01/5224 წერილობითი პასუხის ბათილად ცნობის თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ე. მ-ისა და რ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 მარტის GOV 0 19 00008592 გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობას ე. მ-ისა და რ. ბ-ის 2019 წლის 22 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით - სტიქიით დაზარალებული პირების საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ სარჩელით მოთხოვნილი საკითხის განხილვა მთავრობის კომპეტენციას წარმოადგენდა და მოსარჩელეების მოთხოვნაზე პასუხისმგებელი ორგანო განსახილველ საქმეში საქართველოს მთავრობა იყო. საქართველოს მთავრობას, როგორც მოსარჩელეების განცხადების განხილვასა და ამ განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე ვალდებულ პირს, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში უნდა განეხილა მოსარჩელეთა განცხადება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის თაობაზე და გამოეცა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია და არ შეუფასებია განცხადებაში მითითებული საკითხი. ამდენად, ვინაიდან წარდგენილ განცხადებაში მითითებული საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა, მას უნდა შეეფასებინა მოსარჩელეთა 2019 წლის 22 თებერვლის განცხადება და მიეღო გადაწყვეტილება, რაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2019 წლის 5 მარტის GOV 0 19 00008592 წერილის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელეები არ ყოფილან იმ 49 ოჯახს შორის, რომლებმაც სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით მიმართეს. ისინი სასამართლოს არც დაინტერესებულ მხარედ მოუწვევია. კანონიერ ძალაში შესულ 2013 წლის 12 სექტემბრის #3ბ/453-12 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობას მხოლოდ მოსარჩელეების ნაწილში უნდა ემსჯელა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა შესაძლებლობა, 2014 წლის 3 ნოემბრის #1979 და 2017 წლის 9 ივნისის #1182 განკარგულებების მომზადებისას უშუალოდ მოსარჩელეების მიმართ ემსჯელა. ზემოაღნიშნული 49 ოჯახის დაკმაყოფილება კი განხორციელდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა. „რ. ს-ის, ზ. ს-ის და სხვების #3გ/453-12 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის #1979 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, განკარგულების პრეამბულაში მითითებული სტიქიით დაზარალებული პირების/მათი ოჯახების განსახლების მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის მიხედვით, მათი განსახლების უზრუნველყოფა დაავალა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის #1182 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებებიდან თანხები შესაბამისი ოდენობით მიმართა სტიქიით დაზარალებული პირების/ოჯახების კომპენსაციით უზრუნველსაყოფად.
კასატორის განმარტებით, აღნიშნული სამართლებრივი აქტები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობამ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხის შესწავლა დაავალა შესაბამის სამინისტროს. ცხადია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებული იყო სადავო საკითხის განხილვის მიზნით მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი განცხადება საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ განკარგულებათა გათვალისწინებით გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. კასატორის აღნიშვნით, მითითებული განცხადების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გადაგზავნის მიზეზიც ის იყო, რომ სამინისტროს, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული კომპეტენციიდან გამომდინარე, ემსჯელა მოთხოვნაზე და შესაბამისი ინიცირებით მიემართა საქართველოს მთავრობისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 მარტის GOV 0 19 00008592 გადაწყვეტილების კანონიერება და საქართველოს მთავრობისათვის ე. მ-ისა და რ. ბ-ის 2019 წლის 22 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით - სტიქიით დაზარალებული პირების საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ...ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 27 დეკემბრის #321/25 გადაწყვეტილების თანახმად (ოქმი #29), საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 6 მაისის #220 დადგენილების საფუძველზე, ...ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ნება დართო ე. მ-ეს, რ. ბ-ესა და მათ შვილს - ს. მ-ეს ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყვნენ გარდაბნის რაიონში. ოქტომბრის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარესა და ...ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის შ/ს განყოფილების უფროსს დაევალათ ე. მ-ის ოჯახის მთლიანი შემადგენლობით (მეუღლე - რ. ბ-ე, შვილი - ს. მ-ე) საკომლო და საბინაო წიგნებიდან ამოწერა, მათი გარდაბნის რაიონში ჩასახლების გამო.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის #750 ბრძანებულებით სოფელ ...აში მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის 20 ჰა მიწის ნაკვეთი გამოიყო, ხოლო გარდაბნის რაიონის გამგეობას დასახლებული სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა დაევალა.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის #750 ბრძანებულება არ აღსრულებულა, რის გამოც დაზარალებულთა ნაწილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე #3ბ/453-12) საქართველოს მთავრობას სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება დაევალა; ასევე, საქართველოს მთავრობას დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეების (სულ 49 პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ამასთანავე, დადგენილია, რომ აღნიშნულ სასამართლო წარმოებაში ე. მ-ისა და რ. ბ-ისა ოჯახი მხარეებს არ წარმოადგენდნენ.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. იმავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მთავრობა კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სარჩელით მოთხოვნილი საკითხის განხილვა მთავრობის კომპეტენციას წარმოადგენს და განსახილველ საქმეში, მოსარჩელეების მოთხოვნაზე პასუხისმგებელი ორგანოც სწორედ საქართველოს მთავრობაა. საქართველოს მთავრობას, როგორც მოსარჩელეების განცხადების განხილვასა და ამ განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე ვალდებულ პირს, კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში, განცხადებაში მითითებული საკითხების შეფასების შედეგად უნდა განეხილა მოსარჩელეთა განცხადება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის თაობაზე და გამოეცა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას და მის საწინააღმდეგოდ, იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ, მართალია, ე. მ-ესა და რ. ბ-ეს, სხვა დაზარალებულებისგან განსხვავებით, განსახილველ შემთხვევამდე სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისინი იმავე ფაქტობრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომელშიც იმყოფებოდნენ ის პირები, ვის მიმართაც გამოტანილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის #3ბ/453-12 გადაწყვეტილება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სათანადო შეფასება უნდა მისცეს აღნიშნულ ფაქტს, გაითვალისწინოს საჯარო და კერძო ინტერესი, სამართლიანობისა და მიზანშეწონილობის პრინციპი, სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებები და კანონის წინაშე თანასწორობის პრინიციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე