Facebook Twitter

საქმე #ბს-726(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 26 ივნისს ო. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 10 მაისის #... გადაწყვეტილებით შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ო. დ-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2018 წლის 13 ივნისის #... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოთხოვნა.

მოსარჩელის განმარტებით, 1967 წლის ორდერით ო. დ-ს საკუთრებაში გადაეცა ერთი ოთახი საცხოვრებელი ფართი. 1968 წლის მშენებლობის უფლებით მან ააშენა 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლი. 1992 წლის ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებით ო. დ-ს საკუთრებაში გადაეცა 128.6 კვ.მ ფართი, რომელშიც შედიოდა როგორც ორდერით გადაცემული ერთი ოთახი, ასევე, მის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლიც.

მოსარჩელის მითითებით, 1999 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით პრივატიზაციის ხელშეკრულება 14.49 კვ.მ ფართის ნაწილში გაუქმდა ნაწილობრივ, ხოლო სხვა ნაწილში იგი უცვლელად დარჩა. ამასთან, ს. ტ-მა უარი თქვა სხვა ნაწილში პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებაზე. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წელს ს. ტ-ის წარმომადგენელმა მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მის მომიჯნავედ არსებული იმ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა, რომელზედაც ო. დ-ის სახლი იყო განთავსებული. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა კომისიის ოქმის საფუძველზე, რის შედეგადაც ქალაქ თბილისის საკრებულომ გასცა საკუთრების მოწმობა. აღნიშნულის საფუძველზე, ს. ტ-ი საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირდა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც მდებარეობდა ო. დ-ის მიერ აშენებული სახლი.

მოსარჩელის მითითებით, საკუთრების უფლების მოპოვების შემდეგ, ს. ტ-მა მიწის ნაკვეთი მიჰყიდა ზ. კ-ეს, თ. ჩ-სა და გ. ლ-ს, ხოლო შემდგომში კი, უძრავი ქონება ზ. კ-ის საკუთრებაში გადავიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი კომისიის სხდომის ოქმი და ს. ტ-ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა, რის შედეგადაც, შემდგომში, სასამართლო წესით ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულებები. სასამართლო გადაწყვეტილებით გაუქმდა საკუთრების უფლება #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მოიცავს 450 კვ.მ მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. შესაბამისად, მოსარჩელე უსაფუძვლოდ მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას მხოლოდ განაშენიანების მიხედვით ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი, რამდენადაც საკუთრების უფლება სასამართლოს მიერ აღიარებულია საკადასტრო კოდზე მდებარე მიწის ნაკვეთზე.

ამდენად, მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 10 მაისის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 ივნისის #... გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #12-ში მდებარე უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ გ. კ-ე, ს. ვ-ა, მ. ღ-მ-ა, თ. ტ-ი, დ. მ-ი და გ. გ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ო. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ო. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული დოკუმენტებით არ დასტურდებოდა ო. დ-ის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის უფლება სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მხარეს მითითებული ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილებები. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ხსენებული გადაწყვეტილებები ადასტურებდა ო. დ-ის მფლობელობის უფლებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე. ვინაიდან მოცემული დავის საგანი არ იყო მფლობელობა, კერძოდ, საჯარო რეესტრსაც არ გაუხდია სადავოდ, რომ ო. დ-ი ფლობდა მიწის ნაკვეთს, ხსენებული გარემოება არ გამხდარა განცხადებაზე უარის თქმის საფუძველი, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მითითებული გარემოება არ გაითვალისწინა სადავო აქტების კანონიერების შემოწმების დროს.

ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ო. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნორმა ითვალისწინებდა კანონიერ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალები, ისე მხარეთა განმარტებები მიუთითებდა თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტებზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ფაქტობრივ გარემოებებზე და არასწორად განმარტა მოქმედი კანონმდებლობა. კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლით დადგენილია საკუთრების უფლება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზედაც განთავსებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. რეგისტრაციისას ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა მხოლოდ ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მხოლოდ საცხოვრებელი სახლი იყო განთავსებული, ხოლო მოსარჩელეს უარი უთხრა ეზოს მიწის ნაკვეთზე. კასატორი არ იზიარებს აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთში იგულისხმება არა მხოლოდ სახლის ქვეშ მყოფი მიწის ნაკვეთი, არამედ სამეურნეო დანიშნულებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთიც. სწორედ ეს აზრი აქვს გატარებული როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ისევე, სასამართლოს, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების მოწმობა და ნასყიდობის ხელშეკრულებები, რაც ნიშნავდა იმას, რომ სადავო ფართზე აღიარებულ იქნა ო. დ-ის საკუთრების უფლება.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი უნდა იყოს კანონიერ სარგებლობაში, თუმცა რას თვლის უკანონოდ, კასატორისათვის გაუგებარია. განსახილველ შემთხვევაში, სახლის კანონიერად აშენებას ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. დ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 10 მაისის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 ივნისის #... გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის #... გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #12-ში მდებარე უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კალინინის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1967 წლის 1 ივლისის #135 ორდერით ო. დ-ს მიეცა უფლება, დაეკავებინა ...ის შესახვევის #12 სახლის ერთი ოთახი ფართით 14 კვ.მ. აღმასკომის 1968 წლის 30 ოქტომბრის #468 გადაწყვეტილების საფუძველზე, ო. დ-ს ნება დაერთო, მოეხდინა მის მფლობელობაში არსებული, ...ის შესახვევი #12-ში მდებარე საცხოვრებელი ოთახის წინამდებარე ღია აივნის შემინვა. ამ პერიოდში ხსენებულ მისამართზე ო. დ-მა ააშენა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობს ოჯახთან ერთად. 1992 წლის 4 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით ო. დ-ს უსასყიდლოდ გადაეცა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლი (ბინა) მდებარე, ქალაქ თბილისში, ...ის შესახვევი #12. საცხოვრებელი ბინა იყო ერთოთახიანი, 108.2 კვ.მ სასარგებლო ფართით, 14.00 კვ.მ საცხოვრებელი ფართით, 6.4 კვ.მ სარდაფით. ხელშეკრულება დარეგისტრირდა ტექბიუროში.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის ...ის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ...ის შესახვევი #12-ში მდებარე ბინების პრივატიზების თაობაზე თბილისის ...ის რაიონის ... საბინაო საექსპლუატაციო უბნის მიერ ო. დ-თან, დ. მ-ასა და რ. კ-ასთან დადებული ხელშეკრულებები სახლთმფლობელობის ლიტ „ბ“-ს 14/102 ნაწილის, 19/102 ნაწილისა და 24/102 ნაწილის პრივატიზების ნაწილში და ს. ტ-ა ცნობილ იქნა მითითებული სახლთმფლობელობის ლიტ „ბ“-ს პირველ სართულზე მდებარე #1, #2, #3, #4 ოთახებისა და მეორე სართულზე მდებარე #5, #6, #7 და ნომრის გარეშე ოთახების მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიუთითა, რომ ო. დ-ს ლიტ. „ბ“-ს ნაწილში გააჩნდა და პრივატიზებული ჰქონდა მხოლოდ ერთი – 14.49 კვ.მ ფართის #6 ოთახი და შემდგომ მიშენებული ფართი, რაზედაც ს. ტ-ას პრეტენზია არ გააჩნდა.

ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა ს. ტ-ის საკუთრების უფლება ქალაქ თბილისი, ...ის შესახვევი #12-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის მომიჯნავე 450 კვ.მ უძრავ ქონებაზე, ს. ტ-ზე გაიცა შესაბამისი საკუთრების მოწმობა #..., რის საფუძველზეც უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ს. ტ-ზე საკადასტრო კოდით #... (ს. ტ-ის საკუთრებად #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1416 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ). საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების მიხედვით, ს. ტ-ის უფლება ...ის შესახვევი #12-ში მდებარე 397 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში აღირიცხა 1994 წლის შემდეგ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. 2011 წლის 4 მაისს ს. ტ-მა თბილისში, ...ის შესახვევი #12-ში მდებარე 450 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზ. კ-ეზე, გ. ლ-სა და თ. ჩ-ზე გაასხვისა, ხოლო 2011 წლის 9 სექტემბერის ხელშკრულების საფუძველზე აღნიშნული ქონება ზ. კ-ის საკუთრებაში გადავიდა გ. ლ-სა და თ. ჩ-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ო. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი #206) და ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 3 დეკემბრის #... საკუთრების უფლების მოწმობა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ტ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი განთავსებული იყო #... საკადასტრო კოდის 1416 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მის მომიჯნავე #... საკადატრო კოდის 450 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად ფლობდა ო. დ-ი და არა ს. ტ-ი, რაც დასტურდებოდა ...ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტით, სს „...ისა“ და სს „თ...ის“ ცნობებით და მეზობლების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით. არსებული მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლომ მიუთითა, ო. დ-მა მის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს მიაშენა გარკვეული ფართი, ხსენებული საცხოვრებელი ფართი მოგვიანებით საკუთრებაში ს. ტ-ს გადაეცა, ო. დ-ს კი საკუთრებაში მის მიერ მიშენებული ფართი დარჩა, რომელიც იზოლირებული იყო ს. ტ-ის ფართისაგან და განლაგებული იყო #... საკადატრო კოდის მიწის ნაკვეთზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისში, ...ის შესახვევი #12-ში მდებარე #... საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე ს. ტ-სა და ზ. კ-ეს, თ. ჩ-ს და გ. ლ-ს შორის 2011 წლის 4 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ამავე ქონებაზე თ. ჩ-ს, გ. ლ-სა და ზ. კ-ეს შორის 2011 წლის 9 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული ხელშეკრულებებით განიკარგა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც ო. დ-ის მიერ 1968 წელს აშენებული და 1992 წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულებით მასზე პრივატიზებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ 1992 წლის 4 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულება ო. დ-ისათვის 108.2 კვ.მ სასარგებლო ფართისა და 6,4 კვ.მ სარდაფის უსასყიდლოდ გადაცემის ნაწილში ქალაქ თბილისის ...ის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით არ გაუქმებულა. ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთი, რომელზეც ო. დ-ის მიერ პრივატიზირებული საცხოვრებელი ფართია განთავსებული, უნდა ჩაითვალოს მის საკუთრებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ივლისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ის შესახვევი #12-ში მდებარე 450.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი #...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმდა.

საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული დოკუმენტებით არ დასტურდება ო. დ-ის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის უფლება სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მხარეს მითითებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებები. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ხსენებული გადაწყვეტილებები ადასტურებს ო. დ-ის მფლობელობის უფლებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე. მოცემული დავის საგანი არ არის მფლობელობა, კერძოდ, საჯარო რეესტრიც არ ხდის სადავოდ, რომ ო. დ-ი ფლობს მიწის ნაკვეთს, ხსენებული გარემოება არ გამხდარა განცხადებაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ო. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ ნორმა ითვალისწინებს კანონიერ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალები, ისე მხარეთა განმარტებები მიუთითებს მიწის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტებზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე