Facebook Twitter

საქმე #ბს-958(2კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 9 ივნისს ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ნ. მ-ს 1995 წლის 24 დეკემბერს #... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება - მცხეთის რაიონში, სოფელი ...ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მიღება-ჩაბარების აქტს თან ახლავს მიწის სქემატური გეგმა/ნახაზი, რომლიდანაც ნათლად ჩანს ნ. მ-ისათვის გადაცემული ქონების ადგილმდებარეობა. საჯარო რეესტრში წარსადგენად მოცემული სქემატური გეგმის საფუძველზე გაკეთებულ იქნა აზომვითი ნახაზი შემდგომში მიწის ნაკვეთის ნ. მ-ის საკუთრებაში ასახვის მიზნით.

მოსარჩელის აღნიშვნით, საჯარო რეესტრის 2015 წლის 11 მაისის #... გადაწყვეტილებით ნ. მ-ის საკუთრების რეგისტრაცია შეჩერდა. შეჩერების საფუძვლად საჯარო რეესტრმა მიუთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრების საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საზღვრებში. საჯარო რეესტრის მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელის მარწმუნებელს უნდა წარედგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რისი წარდგენაც შეუძლებელი იყო, რადგან უკვე არსებული ნახაზი შეესაბამებოდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მიწის ნაკვეთის სქემატურ გეგმას.

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრიდან დადგინდა, რომ ნ. მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაფარული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით. საჯარო რეესტრის საკუთრებაზე რეგისტრაციის უარის შემდეგ, ნ. მ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ამავე დაწესებულებაში 2015 წლის 20 ოქტომბერს შედგა კომისია, რომელმაც გამოსცა #45 სხდომის ოქმი. ამ ოქმიდან ირკვევა, რომ კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე (ს.კ. #...) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის გაუქმება, ვინაიდან, კომისიის მოსაზრებით, განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში ნ. მ-ის საკუთრება არ დასტურდებოდა. მოცემული ოქმის საფუძველზე გამოიცა 2015 წლის 2 ნოემბრის #1/1-4537 ბრძანება, რომლის შესაბამისადაც, დამტკიცდა ზემოთხსენებული კომისიის შედეგები და ნ. მ-ს უარი ეთქვა სადავო მიწის რეგისტრაციაზე.

მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 2 ნოემბრის #1/1-4537 ბრძანება გასაჩივრდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის სამსახურში, რომელმაც 2016 წლის 22 აპრილს გამოსცა ბრძანება #1-1/225, რომლითაც ნ. მ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, მოსარჩელემ ნ. მ-ის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის #1/1-4537 ბრძანებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს 2016 წლის 22 აპრილის #1/1-225 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ნ. მ-ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მოსარჩელე ნ. მ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა წარმოება; ადმინისტრაციულ საქმეში გარდაცვლილი ნ. მ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნენ მისი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები: მ. გ-ი, თ. კ-ი და ნ. კ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით თ. კ-ის, ნ. კ-ისა და მ. გ-ის (ნ. მ-ის უფლებამონაცვლეები) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „ნ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 22 აპრილის #1-1/225 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის #1/1-4537 ბრძანება ნ. მ-ის ნაწილში; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით თავად ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, თავად გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, შეაგროვოს საჭირო ცნობები, დაათვალიეროს ადგილი, საჭიროების შემთხვევაში საკითხის სრულყოფილად გარკვევის მიზნით დანიშნოს ექსპერტიზა და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან იკვეთებოდა, რომ აღნიშნული სრულყოფილად არ განხორციელებულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროისათვის სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არ დგინდებოდა ნ. მ-ის საკუთრების უფლება. ამასთან, ვინაიდან აქტის გამოცემის დროისათვის ნ. მ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები და მდებარეობა არ იყო დაზუსტებული, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოქმედი კანონმდებლობის დაცვით განხორციელდა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნახაზსა და მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართულ მიწის ნაკვეთის სქემატურ გეგმას შორის დგინდება გარკვეული უზუსტობა, კერძოდ, #... მიღება-ჩაბარების აქტის თანდართულ სქემატურ გეგმაზე #1 შენობა-ნაგებობა არ არის დატანილი, ხოლო სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნახაზზე იგი დატანილია, როგორც დანგრეული ნაგებობა (ამასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნახაზზე იკვეთება #2 შენობა-ნაგებობა, რომლის მსგავსი კონფიგურაციის ნაგებობა არ ფიქსირდება მიღება-ჩაბარების აქტის სქემატურ ნახაზზე). კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ #... მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთი მდებარეობს მოსარჩელის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში და სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. #...) ადგილმდებარეობის იდენტურია.

კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან განმცხადებლის მიერ კომისიისათვის წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოძიებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე, არ დადასტურდა განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა.

კასატორი არ უარყოფს #... მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ნ. მ-ის საკუთრების უფლებას და აღნიშნული არც გამხდარა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა ნ. მ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნახაზსა და მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართულ მიწის ნაკვეთის სქემატურ გეგმას შორის დადგინდა გარკვეული უზუსტობა: #... მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართულ სქემატურ გეგმაზე #1 შენობა-ნაგებობა არ არის დატანილი, ხოლო სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნახაზზე იგი დატანილია, როგორც დანგრეული ნაგებობა.

ამასთან, კასატორის განმარტებით, კომისიის მიერ საკითხის მოკვლევის ფარგლებში, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის მიერ 2015 წლის 21 ივლისს განხორციელდა უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება, რომლის თაობაზეც, შედგა ოქმი. შესაბამისად, კასატორი ამ ნაწილშიც არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების გამოკვლევის მიზნით სააგენტომ მოახდინა უძრავი ქონების დათვალიერება და მხოლოდ საქმის მასალებში არსებული უზუსტობების დადგენის შემდგომ გამოსცა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ნ. მ-ის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის #1/1-4537 ბრძანებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს 2016 წლის 22 აპრილის #1/1-225 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ნ. მ-ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1996 წლის 24 დეკემბრის #... მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ნ. მ-ს საკუთრებაში ჩაბარდა საბაღე მიწის ნაკვეთი, ფართობი: 600 კვ.მ. ერთ ნაკვეთად #19, ...ს ტერიტორიაზე.

1980 წლის 25 დეკემბერს თბილხემმშენის ამხანაგობა „გამარჯვების“ მიერ ნ. მ-ზე გაცემულია მებაღის წიგნაკი, რომლის თანახმად, იგი მიღებულია ამხანაგობის წევრად. ბაღის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 600 კვ.მ-ს (ორი სართული). მებაღეობის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მითითებულია, მ-ი ნ. (თვითონ), გ-ი მ. (შვილი), კ-ი ნ. (შვილი), და კ-ი თ. (შვილი.)

2015 წლის 5 მაისს ნ. მ-მა #... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ამონაწერის გაცემა მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა: პირადობის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, ელ. ვერსია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 11 მაისის #... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ნ. მ-ის 2015 წლის 5 მაისის განცხადებაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება - მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ ნ. მ-მა 2015 წლის 13 მაისს #38561/ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ზედდების გაუქმების მიზნით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს.კ. #...) საზღვრების კორექტირება მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 5 ნოემბრის #17/65412 წერილით ნ. მ-ს ეცნობა, რომ 2015 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი #45) კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მცხეთაში, ...ში მდებარე 1643 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან დაფიქსირებული ზედდების გაუქმება, ვინაიდან ნ. მ-ის მიერ წარდგენილი და კომისიის მიერ მოძიებული დოკუმენტაციით ნ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში #... განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დადასტურდა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის #1/1-4537 ბრძანებით გაზიარებული იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის #1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილება. დამტკიცდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის #1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 20 ოქტომბერს შემდგარი #45 სხდომის შედეგები.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით თავად ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, თავად გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, შეაგროვოს საჭირო ცნობები, საჭიროების შემთხვევაში საკითხის სრულყოფილად გარკვევის მიზნით დანიშნოს ექსპერტიზა და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან კი იკვეთება, რომ აღნიშნული სრულყოფილად არ განხორციელებულა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების შედეგად, უნდა მიეღო საკითხზე არსებითი გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ, არსებობს ნ. მ-ის სახელზე გაცემული 1996 წლის 24 დეკემბრის #... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არსებული მდგომარეობით ძალაშია, ასევე, არსებობს 1980 წლის 25 დეკემბერის მებაღის წიგნაკი, თუმცა მიუხედავად ამისა, მხარე ვერ ახერხებს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას იმ საფუძვლით, რომ არსებობს ზედდება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს.კ. #...).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე