Facebook Twitter

საქმე #ბს-781(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 30 მარტს ა. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 1 571 ლარისა და 66 თეთრის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1994 წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ში სხვადასხვა თანამდებობაზე, რა დროსაც ჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და იცავდა პოზიციისათვის დადგენილ წესებს. სამინისტროს 1998-2000 წლებში მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება, ჯამში 1571 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს ხელფასს (745 ლარი) და კვების ანაზღაურებას (826 ლარი). სახელფასო დავალიანების არსებობისა და მისი ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს. შესაბამისი წერილის მიღების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა დავალიანების დაფარვა, რაზეც უარი ეთქვა. მოსარჩელის მითითებით, შესაბამისი დოკუმენტაციით დასტურდება როგორც ზემოაღნიშნულ პოზიციაზე მისი მუშაობის, ისე მის მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტი. ასევე, დავალიანების წარმოშობის თარიღი და ოდენობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა. კ-ის სასარგებლოდ, 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი ხელფასის - 745 ლარის და 66 თეთრის ოდენობით ანაზღაურება დაეკისრა; სარჩელის მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილედა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლების რეალიზაცია მოახდინა იმ დროს, როდესაც მოქმედებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, რომელშიც აღარ არის მითითებული 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე გაცემული კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესი. კასატორის მითითებით, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად უნდა ჩაითვალოს და მის მიმართ გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი აღიარებითი მტკიცებულება სამინისტროს მხრიდან, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი იქნებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ა. კ-ის სასარგებლოდ, 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი ხელფასის - 745 ლარის და 66 თეთრის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს, რამეთუ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში (2017 წლის 1 ივლისამდე) მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ა. კ-ის სასარგებლოდ ხელფასის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერების შესახებ და მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ მიიჩნია ხანდაზმულად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სარჩელი აღძრულია 2018 წლის 30 მარტს - „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის მოქმედების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კანონი ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან (128 მუხ.). აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე საკითხის რეგულირებას ახდენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი, რომლის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 1341 მუხლის თანახმად, რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას დავის გადაწყვეტისას ახალი კანონის რეგულაციების გამოყენების თაობაზე და ასევე მიუთითებს, რომ სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #ბს-1104(კ-18), სადაც განიმარტა, რომ „...1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 1341 მუხლის განმტკიცებით, ანუ სამართლებრივი აქტით მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების უფლების მოწესრიგებით სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს წარმოეშვათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ ისინი შეძლებდნენ გათავისუფლებამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანებების მიღებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია“. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „რამდენადაც კანონმდებლობით უფლების განხორციელება ხანდაზმულობის გარკვეულ ვადებს უკავშირდება, საკანონმდებლო დონეზე მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლების განმტკიცებამდე მისი რეალიზებაც ხანდაზმულობის კონკრეტული, კერძოდ, სამწლიანი ვადით იყო შეზღუდული. თუმცა მითითებული საკანონმდებლო მოწესრიგების შედეგად, აღნიშნული დავალიანების მიღების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დინება შეწყდა, ხოლო ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელფასო დავალიანების მიღების უფლების გაუთვალისწინებლობამ არა თუ გამორიცხა ამ უფლების ახალი კანონის მოქმედების პერიოდში რეალიზების შესაძლებლობა, არამედ, ფაქტობრივად, შექმნა ხსენებული მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყების საფუძველი. შესაბამისად, ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტიდან მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების შესაძლებლობა კვლავ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადით შემოიზღუდა“.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ა. კ-ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2018 წლის 5 იანვარს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს დაცული აქვს სახელფასო დავალიანების მიღების მოთხოვნის წარდგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც მართებულად იქნა დაკმაყოფილებული მისი მოთხოვნა 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი ხელფასის - 745 ლარისა და 66 თეთრის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე