Facebook Twitter

საქმე #ბს-948(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 28 დეკემბერს ნ. დ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს …ის …დ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო 2013 წლის 15 მარტის #... ბრძანებით, იგი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მოსარჩელის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ნ. დ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 მარტის #... ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი სასამართლოების მიერ.

მოსარჩელის აღნიშვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 აგვისტოს ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 15 მარტის #... ბრძანების მე-6 პუნქტი ნ. დ-ას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ. 2016 წლის 4 მარტის #... ბრძანებით იგი დაინიშნა შსს ...ის სამმართველოს ...ის ...დ, საიდანაც იგი განთავისუფლდა 2016 წლის 31 მარტის #... ბრძანებით (რეორგანიზაცია, შტატების შემცირების მოტივით) და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო 2016 წლის 2 აგვისტოს #... ბრძანებით, მოსარჩელე კვლავ განთავისუფლდა სამსახურიდან.

მოსარჩელის განმარტებით, რეორგანიზაციას ადგილი ჰქონდა ხელოვნურად, სწორედ ნ. დ-ას სამსახურიდან გათავისუფლებისათვის. რეორგანიზაციას შეეწირა მხოლოდ ნ. დ-ას თანამდებობა. ამასთან, მოპასუხეს არ დაუსაბუთებია, სხვა თანამშრომლებისაგან განსხვავებით, რატომ განთავისუფლდა უშუალოდ ნ. დ-ა სამსახურიდან. მოსარჩელის აღნიშვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტობრივად არ აღასრულა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

ამდენად, მოსარჩელემ ნ. დ-ას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 ნოემბრის #... ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელე - ნ. დ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის სამმართველოს ...ის ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ნ. დ-ას სასარგებლოდ 2016 წლის 31 მარტიდან მის სამსახურში აღდგენამდე მიუღებელი იძულებითი განაცდურის, შრომითი გასამრჯელოს, ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 ნოემბრის #... ბრძანება ნ. დ-ას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ნ. დ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის სამმართველოს ...ის ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ნ. დ-ას სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს 2016 წლის 31 მარტიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურება დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, არ გაიზიარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიაცია გასაჩივრებული აქტის კანონშესაბამისობის შესახებ და განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ნ. დ-ასთან დაკავშირებით, ბათილად იქნა ცნობილი როგორც შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის, ასევე, თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანებები. სასამართლოს გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და ამომწურავად იქნა მითითებული ის საკითხები, რაზეც უნდა მომხდარიყო ახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყურადღების გამახვილება, თუმცა აღნიშნული სამინისტროს მხედველობაში არ მიუღია და მათთან მიმართებით არ უმსჯელია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება იმის შესახებ, რომ იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად აღარ არსებობდა მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებული ბრძანება, გაუგებარი იყო, თუ რატომ მოხდა პირდაპირ სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე ნ. დ-ას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ნ. დ-ას კადრების განკარგულებაში გადაყვანა, ხოლო მოგვიანებით მისი შსს ორგანოებიდან გათავისუფლება, განხორციელდა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობს. აღნიშნული შტატის ფუნქცია არ შეუთავსებია არც ერთ სამსახურს, რაც, კასატორის მოსაზრებით, ცალსახად მიუთითებს, რომ რეორგანიზაცია კანონიერი იყო.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა გარემოებები და მცდარი შეფასების შედეგად მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რამდენადაც გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ნ. დ-ას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 ნოემბრის #... ბრძანების კანონიერება, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელე - ნ. დ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის სამმართველოს ...ის ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ნ. დ-ას სასარგებლოდ 2016 წლის 31 მარტიდან მის სამსახურში აღდგენამდე მიუღებელი იძულებითი განაცდურის, შრომითი გასამრჯელოს, ანაზღაურების დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე #3/6541-16), ნ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის #... ბრძანება და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს #... ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნ. დ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 16 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე - 2016 წლის 4 მარტამდე მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება; ნ. დ-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 4 მარტის ბრძანებით, საქართველოს შსს ...ის სამმართველოს ...ის ...ის პოზიციაზე დანიშნული ნ. დ-ა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და აიყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში 2016 წლის 1 აპრილიდან, ხოლო 2016 წლის 2 აგვისტოს #... ბრძანებით, იგი დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2016 წლის 2 აგვისტოდან. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე ნ. დ-ას მიმართ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი საფუძვლები და ქრონოლოგია მიუთითებდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აღუსრულებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება ატარებდა ფორმალურ ხასიათს და არ იყო ორიენტირებული შესაბამის შედეგზე. აღნიშნულის ვარაუდის საფუძველს სასამართლოს აძლევდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გათავისუფლებული მოსარჩელის ვაკანტურ პოზიციაზე დანიშვნა და შემდეგ შტატების შემცირების მოტივით, რამდენიმე დღეში მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, ხოლო გათავისუფლების შემდგომ მისი კვლავ დათხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, მისი აღსრულების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 4 ოქტომბრის #... ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის #... ბრძანების 37-ე პუნქტი, ნ. დ-ას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს #... ბრძანება ნ. დ-ას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 2 ნოემბრის #... ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს ყოფილი ...ის სამმართველოს ...ის ...ე) მოსამსახურე, პოლიციის კაპიტანი - ნ. დ-ა (პ/ნ ...) დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2016 წლის 2 აგვისტოდან.

საკასაციო სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსგავსად, ვერ გაიზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიაციას გასაჩივრებული აქტის კანონშესაბამისობის შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით, ნ. დ-ასთან დაკავშირებით, ბათილად იქნა ცნობილი როგორც შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის, ასევე, თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანებები. სასამართლოს გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და ამომწურავად იქნა მითითებული ის საკითხები, რაზეც ახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყურადღება უნდა გამახვილებულიყო, თუმცა აღნიშნული სამინისტროს მხედველობაში არ მიუღია და მითითებულ საკითხებზე მას არ უმსჯელია. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად აღარ არსებობდა მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებული ბრძანება, გაუგებარია, თუ რატომ მოხდა პირდაპირ სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე ნ. დ-ას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლით გარანტირებულ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების პრინციპის დაცვაზე, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებისა (საქმე #3/4488-13წ.) და 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე #3/6541-16) საფუძველზე, სრულყოფილი და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და მის საფუძველზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე