№ბს-757(კს-20) 24 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოწინააღმდეგე მხარე) – უ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (განმცხადებელი) – სს „...ა“
მესამე პირი (სასკ 16.2 მუხლი) - სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 15 ნოემბერს სს „...ამ“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
განმცხადებელმა ახალციხის რაიონის სოფელ ...აში მდებარე, უ. ა-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...; საერთო ფართი - 1900 კვ.მ.) ნაწილის - 58 კვ.მ-ის საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, სს „...ის“ განცხადება დაკმაყოფილდა; სს „...ას“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება უ. ა-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული ახალციხის რაიონის, სოფელ ...აში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ...) 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე - განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებულ 58 კვ.მ-ზე; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა უ. ა-ის წარმომადგენელმა - ი. ა-მა, რომელმაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ახალციხის რაიონული სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, სასამართლოსათვის ი. ა-ის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მოწმობის ასლის წარდგენა. განჩინებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განხილვის ნება დადასტურებული უნდა ყოფილიყო სააპელაციო საჩივრის უშუალოდ აპელანტის, უ. ა-ის მიერ ხელმოწერით. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
2020 წლის 1 ივნისს უ. ა-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული პანდემიის და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად ესაჭიროებოდა განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება. ამდენად, მისი წარმომადგენლის მიერ ხარვეზის შევსების გაგრძელების მოთხოვნით არაერთი განცხადება გაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე, თუმცა განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე მათ არ ჩაბარებიათ. 2020 წლის 1 ივნისის განცხადებას თან ერთვოდა უშუალოდ აპელანტის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი და სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით უ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
სააპელაციო პალატის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განჩინება ჩაბარდა 2020 წლის 29 აპრილს, მხარისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 30 აპრილს და ამოიწურა 2020 წლის 11 მაისს, 24 საათზე (უქმე დღეების გათვალისწინებით).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა აპელანტის მიერ ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის ელექტრონული ფოსტით მიმართვის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2020 წლის 13 მარტის №1 რეკომენდაციით განსაზღვრულ დისტანციური სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობაზე. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ა-ის მიერ ხარვეზის გამოსწორების თაობაზე მსჯელობას სასამართლო შეუდგა მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების, ასევე იმ ვარაუდის გაქარწყლების შემდეგ, რომ მხარეს შესაძლოა რომელიმე ალტერნატიული გზით ან/და ელექტრონული ფოსტით ჰქონოდა წარმოდგენილი განცხადება. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, დასტურდებოდა, რომ კანონით დადგენილ ვადაში უ. ა-ს არ შეუვსია საჩივრის ხარვეზი და არ მიუმართავს ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ მიღებული განჩინების მხარისათვის ჩაბარების თარიღის, 2020 წლის 29 აპრილის, გათვალისწინებით არ დასტურდებოდა ხარვეზის გამოსწორების შეუძლებლობა, მით უფრო იმ პირობებში, რომ დადგენილი ხარვეზი არ მოიცავდა სხვა პირისაგან ან/და ორგანიზაციისაგან რაიმეს გამოთხოვა/ წარმოდგენის მოთხოვნას და მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ შესასრულებელ მოქმედებაზე იყო დაფუძნებული. ამასთანავე სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია იმ გარემოებაზე მითითება, რომ უ. ა-მა სასამართლოს მიმართა 2020 წლის 1 ივნისს და არა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, რაც განმცხადებლის მიერ საგანგებო მდგომარეობაზე მითითებით ხარვეზის შევსების შეუძლებლობას არ ადასტურებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით, უ. ა-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა უ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული პანდემიის და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად ესაჭიროებოდა განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება. აღნიშნულის თაობაზე მისმა წარმომადგენელმა - ი. ა-მა არაერთხელ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ ბარდებოდა აღნიშნული წერილები, რის თაობაზეც აპელანტისთვის ცნობილი არ ყოფილა. ასევე ვერ ხერხდებოდა სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილი თანაშრომლისთვის დაკავშირებაც. კერძო საჩივარს თან ერთვის ელექტრონული ფოსტიდან გაგზავნილი წერილების ამსახველი ინფორმაცია და დ. ა-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო ბარათი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით უ. ა-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უ. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განჩინება ჩაბარდა 2020 წლის 29 აპრილს (ს.ფ. 144). უ. ა-ს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ჰქონდა 10 დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაიწყო 30 აპრილს და დასრულდა 2020 წლის 11 მაისს 24 საათზე (უქმე დღეების გათვალისწინებით).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უ. ა-ისათვის ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარება და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრული პერიოდი - 2020 წლის 29 აპრილი - 2020 წლის 11 მაისი, დაემთხვა - საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არსებულ საგანგებო მდგომარეობას. ამდენად, არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მატერიალური სახით წარდგენის/გაგზავნის შესაძლებლობა - ხარვეზის შევსების პერიოდში გარკვეულწილად შეზღუდული იყო (დიდ ქალაქებში გადაადგილების შეზღუდვის, ასევე გარკვეული ასაკობრივი კატეგორიისათვის გადაადგილებისაგან თავის შეკავების რეკომენდაციის გათვალისწინებით; უ. ა-ი დაბადებულია ... წელს და გზავნილის ჩაბარების ეტაპზე იყო 69 წლის). ამდენად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 13 მარტის №1 რეკომენდაციის შესაბამისად, უ. ა-ის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა დაკავშირებული იყო, მის მიერ დისტანციური სერვისით სარგებლობასთან.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივარზე დართული ინფორმაციის თანახმად, ცალსახად დასტურდება ის ფაქტი, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართიდან Imedaaptsiauri@gmail.com 2020 წლის 4 მაისს გაგზავნილია წერილი, თანდართული დოკუმენტით, რომელშიც საგნის (subject) გრაფაში მითითებულია „უ. ა-ის ხარვეზის შესახებ“. მოცემული წერილი გაგზავნილია ელექტრონული ფოსტის მისამართზე “tbappeal” (შემოკლებული/ადრესატის ველში მითითებული დასახელება; სადავო არ არის ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს ელექტრონული ფოსტის მისამართია tbappeal@court.ge.). ამავე ელექტრონული ფოსტის მისამართიდან, წერილი გაგზავნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის არაერთხელ - 5; 7; 8; 9 (ორი წერილი); 10; 11 და 12 მაისს. ამდენად, ხსენებული ელექტრონული ფოსტის მისამართიდან (Imedaaptsiauri@gmail.com) 4 მაისიდან - 12 მაისამდე პერიოდში, სააპელაციო სასამართლოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილია 9 (ცხრა) წერილი, მათ შორის 8 (რვა) წერილი გაგზავნილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ საპროცესო ვადაში - 2020 წლის 11 მაისს 24 საათამდე. შესაბამისად, უდავოა, რომ საჩივრის ავტორს ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის მიმართვის არაერთი მცდელობა. ამასთან, 2020 წლის 1 ივნისს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და სრულად შეავსო ხარვეზი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანებით (დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 22 აპრილის №5866-სს დადგენილებით), 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, უნდა გაუქმდეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინება და საქმე უ. ა-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 61-ე, 65-ე, 215-ე, 368-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უ. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინება და საქმე უ. ა-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე