Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1281(2კ-19) 10 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ბ-ე).

აღწერილობითი ნაწილი:

01.11.2017წ. მ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა: სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 11.09.2017წ. NMES... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და უნივერსიტეტისათვის მე-8 სემესტრის კუთვნილი სტიპენდიის გაცემის დავალება, 600 ლარის ოდენობით; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.09.2017წ. N05/5260 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და გამგეობისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული ფულადი ჯილდოს - 415 ლარის ოდენობით გაცემის თაობაზე; დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება, 1000 ლარის ოდენობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 01.03.2019წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სტუდენტური პროგრამით დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.09.2017წ. N05/5260 გადაწყვეტილება, მ. ბ-ისათვის სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების დანიშვნაზე უარის შესახებ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ბ-ის განცხადებაზე, სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების დანიშვნის შესახებ. მ. ბ-ის სარჩელი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 01.03.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-ემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2019წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება მ. ბ-ის სარჩელზე, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის 11 სექტემბრის MES... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაეკისრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მ. ბ-ის სასარგებლოდ 600 (ექვსასი) ლარი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მ. ბ-ის სასარგებლოდ 50 ლარის (სახელმწიფო ბაჟის) დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ მ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში) უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-ე 2013-2017 წლებში სწავლობდა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე. ფაკულტეტის საბჭოს 25.07.2017წ. N10 გადაწყვეტილებით მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

28.07.2017წ. მ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და სტუდენტური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოითხოვა. მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.09.2017წ. N05/5260 წერილით მ. ბ-ეს უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს - დაფინანსების მისაღებად სტუდენტს ყველა საგანში შეფასების სახით უნდა ჰქონოდა 91 და მეტი ქულა, ხოლო წარდგენილი სასწავლო ბარათის მიხედვით, მერვე სემესტრის შეფასებით საგანში „ლოგიკა“, მ. ბ-ეს მიღებული აქვს 81 ქულა. აღნიშნულ საგანს აქვს ცალკე კრედიტი და მიუხედავად იმისა, რომ საგანი არ წარმოადგენს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე სასწავლო წლის ძირითად კომპონენტს, იგი მაინც აისახებოდა სტუდენტის შეფასებაზე.

07.09.2017წ. მ. ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და მოითხოვა 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის გაცემა. უნივერსიტეტის რექტორის 11.09.2017წ. MES ... წერილით მ. ბ-ეს ეცნობა, რომ არ არსებობდა მასზე სტიპენდიის გაცემის საფუძველი, ვინაიდან ფაკულტეტის საბჭოს 25.07.2017წ. N10 საოქმო გადაწყვეტილებით მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. შესაბამისად, სტიპენდიის გაცემის დროს იგი აღარ იყო ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი. გარდა ამისა, უნივერსიტეტში მოქმედი 29.09.2011წ. „სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 1.1 მუხლის „გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, „ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის“ ენიშნებოდათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებსაც წინა სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კურსში ჰქონდათ შეფასება „ფრიადი“. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელს ყოველ სასწავლო კურსში არ ჰქონია მიღებული „ფრიადი“. მისი სურვილით არჩეულ საგანში - „ლოგიკა“ იგი შეფასებული იყო 81 ქულით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლზე, 43.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-5 მუხლზე და აღნიშნა, რომ მართალია, მ. ბ-ეს იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 25.07.2017წ. N10 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე ბაკალავრის ხარისხის მინიჭებით შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, თუმცა საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელეს, როგორც სტუდენტს, სწავლების მერვე სემესტრში აკადემიური მიღწევების მიხედვით, მოპოვებული ჰქონდა სტიპენდიის მიღების უფლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან ამ უფლების უგულებელყოფა (თანხის გაცემაზე უარი) ეწინააღმდეგება პირის საკუთრების პატივისცემის უფლებას, რაც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სტიპენდია ფულადი დახმარებაა, რომელიც ეძლევათ მოსწავლეებს, სტუდენტებს, დოქტორანტებს, სხვადასხვა ტიპის სასწავლებელთა მოსწავლეებს. სტიპენდია შეიძლება გადაეცეს სოციალური ნიშნით (სოციალურად დაუცველებსა და მატერიალურად შეჭირვებულებზე), ასევე კარგი სწავლისა და მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 29.09.2011წ. N04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის რსუ-ს სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის“ პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისთვის’’ (ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით) შეეხებათ სწავლების მე-2 სემესტრიდან, რსუ-ს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან სწავლაში მიღებული წარმატებით (ვისაც წინა სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კურსში აქვს შეფასება ,,ფრიადი“).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 07.11.2018წ. N01 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,ბსუ-ს სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წარმომადგენლობითი საბჭოს 29.09.2011წ. N04 გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 07.11.2018წ. N01 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესით“ პირდაპირ იქნა გათვალისწინებული, რომ დამამთავრებელი სემესტრის შეფასებების გათვალისწინებით სტიპენდიის დანიშვნა არ ხორციელდებოდა. ასეთ დათქმას მანამდე მოქმედი, 29.09.2011წ N04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბსუ-ს სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (რომლის მოქმედებაც სადავო სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება) არ ითვალისწინებდა.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ მიეცა მოპოვებული სტიპენდიის მიღების უფლების რეალიზების საშუალება, უნდა შეფასდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული ზოგადი ხასიათის პირველი წესის - საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის დარღვევად. ახალგაზრდები (მოსწავლეები, სტუდენტები, პირები, რომლებიც პირველად საქმდებიან სკოლის, პროფესიული თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების შემდეგ) სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვის ადრესატები უნდა იყვენენ. ასეთი ზრუნვა, დამსახურების გამო (მაღალი აკადემიური მოსწრება მოსწავლის/სტუდენტის დამსახურების ერთერთი გამოხატულებაა) მათ მატერიალურ წახალისებაშიც გამოიხატება სხვა არაერთ შესაძლო პრივილეგიებთან თუ სოციალურ ბენეფიტებთან ერთად. სახელმწიფო მხრიდან ასეთი ზრუნვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ პროფესიონალებად და სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაში. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, სოციალური გარანტიების შეზღუდვით უკანონოდ მოხდა პირის სტიპენდიის მიღების უფლებაში გამოხატული საკუთრების უფლების ხელყოფა. მ. ბ-ის მოთხოვნა უნივერსიტეტისათვის მერვე სემესტრის სტიპენდიის თანხის - 600 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს (სასამართლომ მიუთითა საქმეზე: ვიეცზორეკი პოლონეთის წინააღმდეგ, Wieczorek v. Poland, პარ. 57, ასევე საქმეზე: „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“).

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება სადავო 06.09.2017წ. N05/5260 წერილის უკანონობასთან დაკავშირებით. სასამართლოს მოსაზრებით, ხელვაჩაურის მუნიციპალურმა ორგანომ არასწორად განმარტა 22.12.2016წ. N88 განკარგულებით დამტკიცებული 2016-2017 სასწავლო წლის პროგრამის კრიტერიუმები და მ. ბ-ესთან მიმართებაში მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. პროგრამაში არ ყოფილა დაკონკრეტებული: აკადემიური მოსწრების (შეფასების) მოთხოვნა ძირითადი საგნების მიმართ ვრცელდებოდა თუ დამატებითი (არჩევითი) საგნების მიმართ, მაღალი აკადემიური ქულა საშუალო არითმეტიკულით დაიანგარიშებოდა თუ თითოეულ სასწავლო კურსს (დისციპლინას) გულისხმობდა. კომისიას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საგანი „ლოგიკა“ არ შედიოდა სამართალმცოდნეობის მეოთხე კურსის საბაკალავრო პროგრამაში და განესაზღვრა - რამდენად უნდა მიღებულიყო მხედველობაში აღნიშნული საგნის მონაცემები (შეფასება). პროგრამით სარგებლობისთვის გადამწყვეტია ფულადი ჯილდოს მიზანი - სტუდენტის წახალისება წარჩინებული სწავლისათვის. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მუნიციპალიტეტის პოზიცია, რომ კონკრეტულ სემესტრში დაბალი ქულის მიღება აისახებოდა მოსარჩელის დიპლომის დანართში, რაც შესაბამისი ბენეფიტით სარგებლობას გამორიცხავდა. სასამართლოს მოსაზრებით, საგანი „ლოგიკა“ ზოგადად აისახებოდა, როგორც გავლილი კურსი და მისი შეფასება გავლენას ვერ მოახდენდა პროგრამით სარგებლობაში. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსაზრებით, განსახილველი საქმე მოიცავს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას - საუნივერსიტეტო სტიპენდიის მიმღები სუბიექტის განსაზღვრების საკითხს. გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.07.2019წ. გადაწყვეტილება უნივერსიტეტის მიმართ მ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ. ბ-ის უნივერსიტეტში სწავლის დროს მოქმედი „სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესი“ მიღებული იყო უნივერსიტეტის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და იგი ბათილად არ არის ცნობილი. გაურკვეველია, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება სასამართლოს გადაწყვეტილება უნივერსიტეტისათვის მ. ბ-ის სასარგებლოდ 600 ლარის დაკისრების თაობაზე, მაშინ, როდესაც სასამართლოს უნივერსიტეტისათვის არ დაუვალებია სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე ბრძანების გამოცემა.

კასატორის მოსაზრებით, „სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 1.1, 6.1 მუხლები ურთიერთდაკავშირებულნი არიან და მათი კუმულაციურად წაკითხვით დგინდება, რომ სტიპენდია გაიცემა მხოლოდ სტუდენტის სტატუსის მქონე პირზე, სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ჩანაწერი პროცედურულად გამორიცხავდა მ. ბ-ისათვის, როგორც საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულისათვის სტიპენდიის დანიშვნას რექტორის ბრძანებით და შემდგომში სტიპენდიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების გამოცემას. უნივერსიტეტში მოქმედი „სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 1.1 მუხლის „გ" ქვეპუნქტის ჩანაწერის მიხედვით („წინა სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კურსში ფრიადი") აუცილებელი პირობა იყო, რომ ახალი/შემდეგი სემესტრიდან ბსუ-ს სტუდენტის სტატუსის მქონე პირებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემისათვის, სტუდენტს წინა სემესტრში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულ საგანშიც ჰყოლოდა ფრიადი. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას ყურადღება დაუთმო სტიპენდიის გაცემაზე უარის თქმის მხოლოდ ერთ საფუძველს - სტუდენტის სტატუსის არქონას სტიპენდიის მოთხოვნის დროს, ხოლო სტიპენდის გაცემაზე უარი თქმის მეორე მნიშვნელოვანი საფუძველი - „ყველა სასწავლო კურსში" ფრიადის (91 ქულა ან მეტი) არქონა, სამართლებრივი მსჯელობის მიღმა დატოვა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეფუძნებოდა ყველა სასწავლო კურსში (საგანში) ფრიადის არქონასაც, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ასახა სასამართლო გადაწყვეტილებაში. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატამ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი საწინააღმდეგო დასაბუთება უნდა აესახა თავის გადაწყვეტილებაში, რაც არ მომხდარა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე „ქულების დაგროვების მომენტიდანვე" მიიჩნია სტიპენდიის მიღების უფლების მქონედ, მაშინ, როდესაც სტიპენდიის დანიშვნა და გაცემა უნივერსიტეტში ხორციელდება „სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესით“ დადგენილი პროცედურის მიხედვით. აღნიშნული პროცედურები და სტიპენდიის დანიშვნა-გაცემის წესი გამორიცხავს საგანმანათლებლო პროგრამის ბოლო სემესტრის სტუდენტის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში კურსდამთავრებულისათვის სტიპენდიის დანიშვნას.

კასატორის მოსაზრებით, „სტიპენდიასთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს განმარტებამ გამოიწვია სასამართლოს მხრიდან სტიპენდიის მხოლოდ ქულების ჯამად აღქმა და მისი გათანაბრება აკადემიური მოსწრებით მოპოვებულ ქონებრივ უფლებასთან. სასამართლომ დაუსაბუთებლად, სათანადო სამართლებრივი მსჯელობის გარეშე მიიჩნია, რომ სტატუსის შეწყვეტამდე მოპოვებული ქულებით მოსარჩელემ იმთავითვე მოიპოვა სტიპენდიის მიღების უფლება. სასამართლომ არ იმსჯელა სტიპენდიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე და ყველა საგანში ფრიადის არარსებობის საკითხზე. ლოგიკის საგანში 81 ქულა „ფრიადს“ არ ნიშნავს. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, უნივერსიტეტს შეეძლო ისეთი „წესის“ შემუშავება, როგორსაც საჭიროდ ჩათვლიდა. სტიპენდიის გამცემს მოქმედი კანონმდებლობით შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც პირს გადასცემს სტიპენდიას/ჯილდოს (ამ შემთხვევაში კი სტიპენდიას). დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდული არ არის ქმედების/ღონისძიების არჩევანში, მთავარია, რომ ის კანონის ფარგლებში და კანონის საფუძველზე განხორციელდეს და იყოს პროპორციული. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო და კერძო ინტერესების (სტუდენტების სწავლისადმი წახალისების ინტერესი და უნივერსიტეტის ხარჯვითი ნაწილის ნორმალიზება) დაცვის გათვალისწინებით, უნივერსიტეტმა უზრუნველყო სტიპენდიის დანიშვნა-გაცემის ისეთი წესის შემოღება, რომელიც სტიპენდიის დანიშვნის აუცილებელ წინაპირობად ადგენს სტუდენტის სტატუსისა და ყველა საგანში ფრიადის არსებობას. ის ფაქტი, რომ სტუდენტს კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე და კვალიფიკაციის მინიჭებით/სწავლის დასრულებით სტუდენტის სტატუსი წყდება, გამომდინარეობს „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 43.12 მუხლიდან, ასევე უნივერსიტეტის წესდების 66.3 მუხლიდან და „სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 08.10.2015წ. N111 დადგენილებიდან.

კასატორის განმარტებით, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მხოლოდ კანონიერება (დაარღვია თუ არა ორგანომ კანონი და რა ნაწილში). სასამართლოს არ აქვს უფლება, ქმედება შეამოწმოს მისი მიზანშეწონილობის ან/და ეფექტურობის ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე და მე-3 პუნქტები ეწინააღმდეგება „ბსუ-ს სტიპენდიის დანიშვნა-გაცემის წესს“, რამდენადაც სასამართლომ სტიპენდიაზე უარი შეაფასა მოპოვებულ ქონებრივ უფლებაზე უარად და არ იმსჯელა, აკმაყოფილებდა თუ არა აპელანტი სტიპენდიის მოსაპოვებლად ბსუ-ში არსებულ რეგულაციებს. სტიპენდიის დანიშვნა-გაცემის წესის კანონიერება სადავო არ ყოფილა და კვლავ მოქმედებს. შეუძლებელია, უნივერსიტეტმა, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, სტიპენდიის თანხა 600 ლარი გასცეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და შეეწინააღმდეგოს ნორმატულ სამართლებრივ აქტს. აპელანტი ვერ აკმაყოფილებს სტიპენდიის მიღებისათვის აუცილებელ კრიტერიუმს (სტიპენდიის დანიშვნის სუბიექტად ყოფნა). სამართლებრივად შეუძლებელია, სასამართლო გადაწყვეტილებით გაუქმდეს მხოლოდ ქმედება და კანონიერ ძალაში დარჩეს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ეს ქმედება განხორციელდა. ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფოში კონსტიტუციით და სხვა კანონებით დადგენილ მართლწესრიგს, უნივერსიტეტის დისკრეციულ უფლებამოსილებას და წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან დაუსაბუთებელ ჩარევას უნივერსიტეტის საქმიანობაში.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და 3.2 მუხლის "ვ" ქვეპუნქტი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტონომიის მინიჭების და ფარგლების დადგენის შესახებ. სასამართლომ არ შეაფასა, ჯდებოდა თუ არა სტიპენდიის დანიშვნა-გაცემის საკითხი უნივერსიტეტისათვის მინიჭებული ავტონომიის ფარგლებში და არ გამოიყენა ამავე კანონის 43.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, სადაც ხაზგასმულია, რომ სტუდენტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები. სასამართლოს ასევე უნდა ეხელმძღვანელა უნივერსიტეტის წესდების 66-ე მუხლით, რომელიც შეეხება სტუდენტის უფლებებს, სტატუსს, სტატუსის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლებს, სოციალურ შეღავათებს და სხვ. სასამართლომ სათანადოდ არ გამოიყენა წარმომადგენლობითი საბჭოს 29.09.2011წ. N04 გადაწყვეტილების 1.1 მუხლი, 1.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და 6.1 მუხლი, რამაც გამოიწვია არსებითად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. წესდების 66.8 მუხლის და „სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 08.10.2015წ. დადგენილების მეორე მუხლის 1.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ასევე 4.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის რეგულაციები გავლენას ახდენს სტიპენდიის დანიშვნა-გაცემის საკითხის გადაწყვეტაზე.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში არ უნდა მიეთითებინა ევროპის ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომელიც შეეხება უკვე მოპოვებული საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას. უნივერსიტეტი იმას ამტკიცებს, რომ მ. ბ-ეს სტიპენდიის მიღების უფლება არ მოუპოვებია, ვინაიდან იგი არ იყო სტუდენტი სტიპენდიის მოთხოვნის და დანიშვნა-გაცემის პერიოდში. ამდენად, მას სტიპენტიის უფლება არ მოუპოვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული მხოლოდ აკადემიური მიღწევებით. წარმომადგენლობითი საბჭოს 07.11.2018წ. N01 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბსუ-ს სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესით“ კიდევ უფრო ცხადი გახდა უნივერსიტეტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამამთავრებელი სემესტრის შედეგების გათვალისწინებით ჩვეულებრივი სახით სტიპენდია არ გაიცემა, მით უფრო კურსდამთავრებულზე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მ. ბ-ეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია. მოსარჩელე ითხოვდა უნივერსიტეტის წერილობითი უარის ბათილად ცნობას და სტიპენდიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. საპელაციო სასამართლომ მ. ბ-ის სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილში არ მიუთითა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. უნივერსიტეტს მხოლოდ 600 ლარის გადახდა დაეკისრა, თითქოს ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა ჰქონოდეს ყოფილ სტუდენტს.

კასატორი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.07.2019წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ არსებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.

კასატორის განმარტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2016წ. N88 განკარგულებით დამტკიცებული „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიზნობრივი პროგრამის“ მე-7 მუხლი პირდაპირ და ნათლად მიუთითებს პროგრამის მიზნებსა და სტუდენტების მიღწევის შეფასების კრიტერიუმებზე. მნიშვნელოვანია, რომ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში წარჩინებული სტუდენტისათვის ჯილდოს გადაცემის საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა კანონით დადგენილ ფარგლებში.

კასატორი მიუთითებს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მ. ბ-ის მიერ 28.07.2017წ. წარდგენილი სტუდენტის სასწავლო ბარათის მიხედვით, მე-8 სემესტრში გავლილი 6 საგნიდან იგი ლოგიკაში შეფასებული იყო 81 ქულით, ხოლო ყველა სხვა საგანში - 91 და მეტი ქულით. მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 სექტემბრის 0905/5260 წერილით მ. ბ-ეს უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, დაფინანსების მისაღებად სტუდენტს ყველა საგანში უნდა ჰქონდეს 91 და მეტი ქულა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მ. ბ-ეს საგანი „ლოგიკა“ თავისი სურვილისამებრ ჰქონდა არჩეული, საგანში შესაბამისი შეფასება სტუდენტის სასწავლო ბარათში და შემდგომში - დიპლომის დანართში აისახა.

კასატორის განმარტებით, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 25.07.2017წ. N10 საოქმო გადაწყვეტილებით მ. ბ-ეს უკვე მინიჭებული ჰქონდა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას 28.07.2017წ. განცხადების წარდგენის დროს აღარ ჰქონდა სტუდენტის სტატუსი და ამ გარემოების გამოც მასზე ვერ გავრცელდებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2016წ. N88 განკარგულებით დამტკიცებული „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიზნობრივი პროგრამით“ დაწესებული შეღავათები. ამდენად არ არსებობს მ. ბ-ისათვის „პროგრამით“ გათვალისწინებული დაფინანსების დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ 06.09.22017წ. N05/5260 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2019წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს აწესრიგებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონით სტუდენტად მიიჩნევა დადგენილი წესით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირი, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად (მეორე მუხლის ჰ14 ქვეპუნქტი). ამასთან, კანონის 43-44-ე მუხლები სტუდენტის სტატუსის მქონე პირისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებებს და ვალდებულებებს განსაზღვრავს: 43.1 მუხლის „ი“, „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, სტუდენტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა, ხოლო 44-ე მუხლიდან გამომდინარე, სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა. თავის მხრივ, 43.6 მუხლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს. ამავე კანონის 46-ე მუხლი შეეხება სწავლის მოცულობას და კრედიტებს. 46.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს (გარდა ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო 46.21 მუხლის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1 სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საკანონმდებლო აქტით სათანადოდ ვერ იქნება უზრუნველყოფილი ყველა სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, მისი ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს კანონქვემდებარე აქტით. ადმინისტრაციული ორგანოსათვის შესაბამისი ნორმატიული აქტების დამოუკიდებლად გამოცემის უფლებამოსილების მინიჭება, მისი კომპეტენციის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს, ამასთან, „..დელეგირებული კანონშემოქმედების სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ კანონების მოთხოვნათა დაცვით რეგულირების ამოცანების შესრულებაში ჩართული იქნეს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური შესაძლებლობანი და მისი სპეციალიზირებული პროფესიული ცოდნა..” (სუს 25.05.2017წ. Nბს-815-807(კ-16) გადაწყვეტილება). ამდენად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მნიშვნელობის მქონე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები (მათ შორის - „სტუდენტთათვის სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესი“) კანონის ძირითადი დებულებების ეფექტურად აღსრულების მიზანს ემსახურება. შესაბამისი „წესებით“ დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ სტუდენტზე ორიენტირებული სისტემის დანერგვა, სწავლის შედეგებისა და სასწავლო პროცესის გამჭვირვალობა, საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტების სწორად დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელისათვის ბოლო (მე-8 სემესტრის) სტიპენდიის თანხის ანაზღაურების საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, უნდა განიმარტოს, რამდენად შესაძლებელია სადავო პერიოდში მოქმედი, მითითებულ საკითხთან დაკავშირებული ნორმების ნამდვილი შინაარსის გაგება და მათი მოქმედების ფარგლების განსაზღვრა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედებდა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 29.09.2011წ. N04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის რსუ-ს სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესი“. აღნიშნული „წესის“ 1.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის“ (ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით) ენიშნებოდათ სწავლების მეორე სემესტრიდან, რსუ-ს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ სწავლაში მიღწეული წარმატებით (ვისაც წინა სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კურსში ჰქონდა შეფასება „ფრიადი“). თავის მხრივ, სტუდენტის შეფასებასთან დაკავშირებულ დანაწესს შეიცავს 2015-2016 სასწავლო წლიდან ამოქმედებული, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 08.10.2015წ. N111 დადგენილებით დამტკიცებული „ბსუ-ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“. კერძოდ, აღნიშნული „წესით“ სტუდენტის დადებითი სახის შეფასებად მიჩნეულია „ფრიადი“ - 91 ქულა და მეტი (10.11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). სტუდენტის შეფასების სახეებთან დაკავშირებით შესაბამის დანაწესს შეიცავს ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 05.01.2007წ. N3 ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი“. აღნიშნული „წესის“ 4.9 მუხლში ხუთი სახის დადებით შეფასებას შორის მითითებულია „ფრიადი“ - 91-100 ქულა („ა.ა“ ქვეპუნქტი).

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სტუდენტის სტატუსი მოიპოვა 2013 წელს, ხოლო მისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას ადასტურებს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 25.07.2017წ. N10 გადაწყვეტილება, სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ მე-4 კურსის მე-8 სემეტრში გავლილ ერთ-ერთ სასწავლო კურსში - ლოგიკაში, რომელიც არ წარმოადგენდა სასწავლო წლის ძირითად კომპონენტს, მ. ბ-ე შეფასდა 81 ქულით, ხოლო სხვა სასწავლო კურსებში მას მინიჭებული აქვს 91 და მეტი ქულა. მოსარჩელემ მე-8 (ბოლო) სემესტრის სტიპენდიის დანიშვნა მოითხოვა სამართლის ბაკალავრის ხარისხის მინიჭებისა და შესაბამისად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ. ამასთან, უდავოა, რომ ბოლო სემესტრში გავლილ ყველა სასწავლო კურსში მ. ბ-ეს არ მიუღია „ფრიადი“ (91 და მეტი ქულა).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი „განსაზღვრულობის პრინციპიდან“ გამომდინარე დაუშვებელია ნორმის იმგვარი ფორმულირება, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვნად იყოს დამოკიდებული უფლებამოსილი ორგანოს თავისუფალ, ინდივიდუალურ შეფასებაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ნორმის სიცხადეს, მის განსაზღვრულობას და განჭვრეტადობას. (მაგ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”). „..აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით, რათა ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევის შედეგები..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის N2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული, სადავო პერიოდში მოქმედი „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის რსუ-ს სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესი“ ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, სტუდენტის ინიციატივით არჩეულ სასწავლო კურსში მიღებული შეფასება ძირითად სასწავლო კურსებში მიღებულ შეფასებებთან ერთობლიობაში ახდენს თუ არა გავლენას ფრიადოსანი სტუდენტისათვის სტიპენდიის დანიშვნის საკითხზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული „წესის“ მოქმედების პირობებში მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ცხადად განეჭვრიტა მასთან მიმართებით მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები. „წესის“ 1.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შინაარსი არ გამორიცხავდა სტუდენტის მხრიდან სტიპენდიის დანიშვნის წინაპირობების არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, მოსარჩელე სტიპენდიის მოთხოვნის მომენტისათვის არ წარმოადგენდა სტუდენტის სტატუსის მქონე პირს, თუმცა სადავო პერიოდში მოქმედი „სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ შინაარსიდან გამომდინარე, დაინტერესებულმა პირმა შეიძლება ივარაუდოს, რომ სტიპენდიის დანიშვნის მიზნებისათვის რელევანტურია არა კონკრეტულ მომენტში სტუდენტის სტატუსის ქონა, არამედ მხოლოდ შეფასების შედეგები წინა სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამაში შემავალ სასწავლო კურსებში. მნიშვნელოვანია, რომ მითითებული „წესის“ 1.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით არ დგინდება, იგულისხმება თუ არა წინა სემესტრში გავლილ „ყოველ სასწავლო კურსში“ სტუდენტის მიერ არჩეული, არაძირითადი სასწავლო კურსიც და ახდენს თუ არა გავლენას არაძირითად სასწავლო კურსში მიღებული შეფასება სტიპენდიის დანიშვნაზე. შესაბამისად, ნორმის ცხადად ჩამოუყალიბებლობის პირობებში, მოსარჩელესთან მიმართებაში საგანმანათლებლო დაწესებულებას მიენიჭა განუზომელი დისკრეცია, წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შეხედულებისამებრ, თავად გადაეწყვიტა სტიპენდიის დანიშვნის საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტის მიერ არჩეული არაძირითადი საგნის კრედიტს გავლენა არ მოუხდენია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისათვის სავალდებულო კრედიტების ჯამური ოდენობის აუცილებელ მინიმუმზე („უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 46.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს, ხოლო მოსარჩელეს კრედიტების მითითებული ოდენობა დაგროვებული აქვს არაძირითადი საგნის კრედიტის გარეშეც), ამასთანავე, მოსარჩელის მიზანს „ლოგიკის“ საგნის არჩევისას წარმოადგენდა არა საჭირო კრედიტების დაგროვებაში მითითებული საგნის გამოყენება, არამედ სამომავლოდ მაგისტრატურის პროგრამისათვის მზადყოფნა.

საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 07.11.2018წ. N01 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 29.09.2011წ. N04 გადაწყვეტილება და დამტკიცდა ახალი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესი“. აღნიშნული „წესის“ მე-3 პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის შინაარსი ცხადყოფს, რომ საჭიროდ ჩაითვალა ძველ „წესში“ მითითებული საკითხების დაზუსტება და სრულყოფა, კერძოდ 29.09.2011წ. N04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „წესის“ 1.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებით, 07.11.2018წ. N01 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „წესის“ მე-3 პუნქტის “გ“ ქვეპუნქტით დაკონკრეტებულია, რომ „ყოველ სასწავლო კურსში“ იგულისხმება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი, სტუდენტის ინიციატივით დარეგისტრირებული სასწავლო კურსი, შესაბამისად, ფრიადოსნისათვის ,,ჩვეულებრივი სტიპენდიის“ დანიშვნის მიზნებისათვის, აუცილებელია წინა სემესტრში, პროგრამის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ნებისმიერ სასწავლო კურსში შეფასება ,,ფრიადი“. ამავდროულად, ახალი „წესით“ ხაზგასმულია, რომ დამამთავრებელი სემესტრის შეფასებების გათვალისწინებით სტიპენდიის დანიშვნა არ ხორციელდება და სტიპენდია არ ენიშნება სტუდენტის სტატუსშეწყვეტილ პირს („წესის“ მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, 1.7 მუხლი).

ამდენად, ის გარემოება, რომ ,,ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის“ არ გაიცემა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ბოლო (მე-8) სემესტრის სტუდენტებისათვის, ნათლად იქნა ასახული მხოლოდ ახალ „წესში“. ძველ „წესში“ არსებული ჩანაწერით კი, მოსარჩელეს შეიძლებოდა ევარაუდა, რომ სტუდენტის სტატუსის არქონის პირობებშიც, შეეძლო მიეღო ბოლო სემესტრის სტიპენდია, ძირითადი სასწავლო კურსების წარმატებულად გავლის პირობებში. ამასთანავე, სადავო პერიოდში მოქმედი ნორმა არ მიუთითებდა დამატებითი (არაძირითადი) საგნის შესაძლო გავლენაზე სტუდენტის შეფასების შედეგებთან მიმართებაში და დაინტერესებულ პირს მხოლოდ ძირითად სასწავლო კურსებთან მიმართებაში არსებული შეფასებების გათვალისწინებით შეეძლო ევარაუდა მისთვის სასურველი შედეგი - მიეჩნია, რომ ეკუთვნოდა „ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის 11 სექტემბრის MES... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაეკისროს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მ. ბ-ის სასარგებლოდ 600 (ექვსასი) ლარის ანაზღაურება.

საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის სტიპენდიის დანიშვნა-გაცემის წესის კანონიერება, შეუძლებელია, უნივერსიტეტმა სტიპენდიის თანხა - 600 ლარი გასცეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთანავე, სასამართლოს უნივერსიტეტისათვის არ დაუვალებია აქტის გამოცემა სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სტიპენდიის გაცემის დავალება განპირობებულია არა შესაბამისი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის - „სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ უკანონოდ მიჩნევით, არამედ სადავო პერიოდში მოქმედი „წესის“ შესაბამისი ნორმების ფორმულირებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობით. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უნივერსიტეტის 11.09.2017წ. MES... ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად ცნობით წარმოიშვა მოსარჩელისათვის იმ პერიოდის სტიპენდიის თანხის გაცემის საფუძველი, რომელსაც იგი მიიღებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის დადებითად გადაწყვეტის პირობებში. ამდენად, ის გარემოება, რომ მოპასუხეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით არ დაევალა მ. ბ-ისათვის მიუღებელი სტიპენდიის თანხის გაცემა, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, სასარჩელო მოთხოვნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის არსებობის პირობებში აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა მოსარჩელის ინტერესში შემავალი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წერილობითი სახით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს (ზაკ-ის 53-ე მუხლი).

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.09.2017წ. N05/5260 წერილის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნასთან მიმართებაში ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების თაობაზე, რამდენადაც გადაწყვეტილება მ. ბ-ისათვის ჯილდოს გაცემაზე უარის შესახებ არ არის დასაბუთებული სათანადოდ, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ ვინაიდან ბოლო სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამაში შემავალ სასწავლო კურსებში მიღებული შეფასებების გათვალისწინებით, სადავო პერიოდში მოქმედი „სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ შესაბამისად მოსარჩელე ჩაითვალა სტიპენდიის დანიშვნის სუბიექტად, უნდა ჩაითვალოს, რომ მას ასევე გააჩნდა ჯილდოს მოთხოვნის უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2016წ. N88 განკარგულებით დამტკიცებული „მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც 2016-2017წწ. სწავლის შედეგებზე ვრცელდება.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მ. ბ-ის განცხადების განხილვისას არასწორად განიმარტა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2016წ. N88 განკარგულებით დამტკიცებული „მიზნობრივი პროგრამის“ კრიტერიუმები. მითითებულ „პროგრამაში“ არსებული ჩანაწერის მიხედვით, 2016-2017წწ. პირველი და მეორე სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებლად ჩაითვალა ერთჯერადი ჯილდოს გაცემა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის - ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, მაღალი აკადემიური მოსწრებით („ფრიადი“ - 91 და მეტი ქულა, A კატეგორია), თუმცა „პროგრამაში“ არ არის დაკონკრეტებული, 91 და მეტი ქულის მოთხოვნა მხოლოდ ძირითად საგანს შეეხება თუ დამატებითსაც. ამ პირობებში, დაუსაბუთებელია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.09.2017წ. N05/5260 აქტით მ. ბ-ისათვის მითითებული „პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსების მიღებაზე უარი, ყველა საგანში შეფასების სახით 91 და მეტი ქულის არქონის გამო. ასევე დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მ. ბ-ის ინიციატივით არჩეულ საგანს აქვს ცალკე კრედიტი და იგი აისახება სტუდენტის შეფასებაზე. უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ არჩეული არაძირითადი საგნისათვის განკუთვნილ კრედიტს გავლენა არ მოუხდენია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისათვის სავალდებულო კრედიტების ჯამური ოდენობის აუცილებელ მინიმუმზე („უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 46.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს, ხოლო მოსარჩელეს კრედიტების მითითებული ოდენობა დაგროვებული აქვს არაძირითადი საგნის კრედიტის გარეშეც).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება;

3. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/კ 245428158) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.11.2019წ. N23620 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე