Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 193-დად 6 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),

მ. ისაევი,

მ. გოგელია

განიხილა ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ დ. ჯ-სა და ნ. ე-ის კერძო საკასაციო საჩივრები ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა იმავე რაიონული პროკურატურის 2004წ. 17 მარტის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმე წინაწარი გამოძიების გასაახლებლად დაუბრუნდა იმავე რაიონულ პროკურატურას.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 17 დეკემბერს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო მოქ. ს. ე-ის განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი ძმა ნ. ე-ძე უკანონოდ შეიჭრა მის კუთვნილ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, --- აგრეთვე განცხადების ირგვლივ ჩატარებული შემოწმების მასალები, რომლითაც დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ბინა, 1994წ. 27 დეკემბრის ნოტარიალურად დამოწმებული ნაჩუქრობის ხელშეკრულების საფუძველზე, ეკუთვნის ს. ე-ეს. 2003წ. 4 ივნისსა და იმავე წლის 22 ივლისს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ ს. ე-ის სარჩელის საფუძველზე გამოიტანა გადაწყვეტილება ნ. ე-სა და მისი მეუღლის _ ნ. რ-ის ბინიდან გამოსახლების შესახებ. სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების შემდეგ ნ. ე-ძე და ნ. რ-სი კვლავ შევიდნენ ბინაში, სადაც აგრძელებენ ცხოვრებას.

2003წ. 26 დეკემბერს სისხლის სამართლის საქმეზე ს. ე-ძე ცნობილ იქნა დაზარალებულად.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილად მიჩნეულია შემდეგი;

მოქალაქე ნ. ე-ძე ქ. თბილისი, --- ხოლო მისი მუდმივი ჩაწერა მოხდა 1970 წელს.

ნ. ე-ძე რამდენჯერმე არის ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულისათვის. პატიმრობის გამო იგი ამოწერილ იქნა ბინიდან, ხოლო აღნიშნული თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა. ერთ-ერთი სასჯელის მოხდის შემდეგ ნ. ე-ძე პატიმრობიდან გათავისუფლდა 1991წ. 25 აპრილს. 1991წ. 18 მაისს კი კვლავ ჩაწერა ზემოაღნიშნულ მისამართზე, რასაც ადასტურებს საქართველოს შსს სამისამართო ბიურო. შემდეგში იგი კვლავ რამდენჯერმე იქნა გასამართლებული, მაგრამ პატიმრობის გამო ბინიდან ამოწერილი აღარ ყოფილა. ამ პერიოდში ზემოაღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა მხოლოდ ნ. ე-ს დედა მ. ე-ძე, ხოლო ერთადერთი და ს. ე-ძე 1972 წლიდან ამოწერილია ამ ბინიდან და მას შემდეგ ცხოვრობს მისამართზე _ ქ. თბილისი, ---

1992წ. ოქტომბერში, როდესაც ნ. ე-ძე პატიმრობაში იმყოფებოდა, მაგრამ 1991წ. 18 მაისიდან ჩაწერილი იყო ზემოაღნიშნულ ბინაში, დედამისმა _ მ. ე-ემ დაიწყო საბუთების Eშეგროვება ბინის პრივატიზაციისათვის. 1992წ. 16 ოქტომბერს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ქ. თბილისის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის ¹-- სახლმმართველობის პასპორტისტ თ. რ-სა და უფროსის _ ბ. ს-ის დაუდევრობის გამო მათ გასცეს ცნობა _ ფორმა ¹--, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, --- ჩაწრილი იყო და ცხოვრობდა მხოლოდ მ. ე-ძე, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, ვინაიდან, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, ნ. ე-ძე ჩაწერილი იყო ბინაში 1991წ. 18 მაისიდან, ხოლო პატიმრობის გამო ბინიდან ამოწერილი არ ყოფილა.

აღნიშნული ცნობის _ ფორმა ¹1-ის საფუძველზე 1992წ. 20 ოქტომბერს, ნ. ე-ის თანხმობის გარეშე, მოხდა ბინის პრივატიზება მ. ე-ის სახელზე.

1994წ. 27 დეკემბერს მ. ე-ემ ნაჩუქრობის ხელშეკრულებით სანოტარო წესით ბ. გ-მა თავის ქალიშვილს _ ს. ე-ეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებამ დაადგინდა, რომ 1992წ. 16 ოქტომბერს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ქ. თბილისის საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის ¹-- სახლმმართველობის პასპორტისტმა თ. რ-ამ და უფროსმა ბ. ს-ემ ჩაიდინეს დაუდევრობა, რაც გამოიხატა თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ნ. ე-ის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

2004წ. 15 მარტს, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის “ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეზე გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ბ. ს-სა და თ. რ-ას მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

2004წ. 17 მარტს გამომძიებელმა ე. გ-მა გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ ნ. ე-ისა და ნ. რ-ის ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. გამომძიებლის მიერ მიღებული დადგენილება იმავე დღეს დაამტკიცა ისანი-სამგორის რაიონულმა პროკურორმა.

პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ს. ე-ძე და მან საჩივრით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლომ საჩივარი განიხილა 2004წ. 6 მაისს და თავისი დადგენილებით გააუქმა პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილება და საქმე წინასწარი გამოძიების გასაახლებლად გადასცა ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურას. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია ზერელედ და უხარისხოდ, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების მიერ მიღებული დადგენილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას, ხოლო პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილების უცვლელად დატოვებას. მას მიაჩნია, რომ წინასწარმა გამოძიებამ სრულყოფილად შეამოწმა ყველა გარემოება და მიიღო სავსებით კანონიერი გადაწყვეტილება.

ნ. ე-ძე თავისი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლომ მიიღო ტენდენციური გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც წინასწარმა გამოძიებამ შეამოწმა ყველა გარემოება და სავსებით კანონიერად შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე.

პალატის სხდომაზე ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე დ. ს-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და იშუამდგომლა მათი დაკმაყოფილების შესახებ.

ადვოკატებმა _ ს. ყ-მა და ნ. ი-ამ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები. მათ აღნიშნეს, რომ წინასწარმა გამოძიებამ სავსებით კანონიერად გამოიკვლია საქმის მასალები და მიიღო დასაბუთებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. სასამართლომ, ყოვლად უსაფუძვლოდ, გააუქმა გამოძიების მიერ მიღებული დადგენილება. ადვოკატებმა იშუამდგომლეს ნ. ე-ის კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

დაინტერესებული პირის _ ს. ე-ის ინტერესების წარმომადგენელმა ადვოკატებმა _ ე. დ-ამ და ქ. მ-ამ მხარი არ დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნას. მათ კანონიერად მიიჩნიეს სასამართლოს მიერ ნ. ე-ისა და ნ. რ-ის მიმართ მიღებული დადგენილება და იშუამდგომლეს მისი უცვლელად დატოვების შესახებ, რასაც დაეთანხმა დაინტერსებული პირი ს. ე-ძე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი Eშემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 4 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება ს. ე-ის სარჩელის დაკმაყოფლების შესახებ და ნ. ე-ძე გამოსახლებულ იქნა ბინიდან, მდებარე ქ. თბილისში, ---, რის თაობაზეც ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროში 2003წ. 29 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2003წ. 22 ივლისს ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ნ. რ-ის ქ. თბილისი, --- გამოსახლების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2003წ. 9 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში, ნ. ე-სა და ნ. რ-ის გამოსახლება ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას უნდა ემსჯელა და გადაეწყვიტა ნ. ე-სა და ნ. რ-ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ სავსებით კანონიერად მიუთითა იმ საკითხების შემოწმების თაობაზე, რომელთა გამოკვლევას მნიშვნელობა აქვს საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო სასამართლო დადგენილებაში დაშვებული ზოგიერთი ხარვეზი (ზოგ ადგილას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მაგივრად მითითებული სისხლის სამართლის კოდექსი) ვერ გახდება მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველი.

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა ჩატარდეს სრულყოფილი დამატებითი გამოძიება და მიღებულ შედეგებს მიეცეს სამართლებრივი შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 242-ე, 243-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 მაისის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა იმავე რაიონული პროკურატურის 2004წ. 17 მარტის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრება.