გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 195-აპ 15 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),
მ. ისაევი,
მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ მ. რ-ას ინეტერსების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი აბაშის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 სექტემბრის განაჩენში. კერძოდ, მ. რ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და შეეფარდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 17 სექტემბრიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:
მსჯავრდებულმა მ. რ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან 2001წ. 28 ოქტომბერს, საღამოს საათებში, სამტრედიის რაიონის სოფ. ზედა გომში, ე.წ. “---ის” ჩიხში, უსაფუძვლო ეჭვიანობით გამოწვეული განაწყენების (შეკამათების) და დაზარალებულის მიერ აუცილებელი მოგერიების განსახორციელებლად გაწეული ურთიერთ ფიზიკური წინააღმდეგობისა და ჩხუბის დროს, გულ-მკერდის არეში (მათ შორის, ზურგის მხრიდანაც) საოჯახო დანის არაერთგზის ჩარტყმით, მოკვლის მიზნით, სხეულის სასიკვდილოდ მძიმე დაზიანებები მიაყენა მეზობლად მცხოვრებ ნ. ნ-ლს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ მ. რ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. გ-ლი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მისი ქმედება სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 113-ე მუხლზე და მიუთითებს, რომ რუსიამ მკვლელობა ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების პირობებში. საჩივარში მითითებულია, რომ აწ გარდაცვლილ ნ. ნ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა როგორც მსჯავრდებულ მ. რ-ზე, ასევე მის ახლობლებზე თავდასხმას, რა დროსაც მ. რ-ამ წაართვა მას დანა და მოგერიების ფარგლების გადაცილებით მიაყენა რამდენიმე ჭრილობა, რის შედეგად ნ. ნ-ლი გარდაიცვალა.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ მ. რ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნანა გოჩელაშვილმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნულ მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული მ. რ-ია.
დაზარალებულ მ. ნ-ლის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა ლ. თ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის მხრიდან არავითარ აუცილებელ მოგერიებას ადგილი არ ჰქონია, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გამოიტანა კანონიერი განაჩენი. ადვოკატმა ლ. თ-ემ იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ. მანვე წარმოადგინა დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ნ-ის განცხადება, რომელიც ასევე ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პროკურორმა ო. ნ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, იშჭუამდგომლა მ. რ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებასა და სასჯელად 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში სასჯელის ზომის განსაზღვრის ნაწილში შეტანილ იქნეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია საქმის მასალები და სავსებით სამართლიანად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ურთიერთჩხუბის დროს ჩადენილ მკვლელობას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია ვერსია იმის შესახებ, ხომ არ ჰქონდა ადგილი მკვლელობას აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების პირობებში, მაგრამ ამ ვერსიამ დადასტურება ვერ ჰპოვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან. მოცემულ შემთხვევაში უტყუარადაა დადგენილი, რომ აწ გარდაცვლილ ნ. ნ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მ. რ-ზე თავდასხმის ფაქტს, უფრო მეტიც, ნ. ნ-ლი ეჩხუბებოდა სულ სხვა პირებს და ჩხუბში ჩაერთო მ. რ-აც, რომელმაც დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილოდ დაჭრა ნ. ნ-ლი, რომელიც მიღებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ მ. რ-ას ქმედება სავსებით სწორად იქნა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
ამასთან, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მ. რ-ას მიმართ შეფარდებული სასჯელი არის აშკარად მკაცრი და უნდა შემცირდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებული მ. რ-ია პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, ხასიათდება უაღრესად დადებითად (წარმოდგენილია სოფ. გომის მცხოვრებთა დახასიათება შუამდგომლობა, რომელსაც ხელს აწერს 500-მდე პირი, რომლებიც ითხოვენ მ. რ-ას მიმართ შეღავათების გამოყენებას). პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ აწ გარდაცვლილი ნ. ნ-ლი იყო მთვრალი და მისმა არამართლზომიერმა ქმედება გამოიწვია ჩხუბი. ყველა აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულ მ. რ-ს შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 3 (სამი) წლით, სხვა ნაწილში კი განაჩენი დატოვებულ იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განაჩენში მ. რ-ას მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება. მ. რ-ას განაჩენით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს 3 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.