Facebook Twitter

№ბს-954(კ-20) 31 მარტი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. კ-ამ 22.03.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ც. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 22.02.2019წ. N806 ბრძანების ბათილად ცნობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტში, ...ის თანამდებობაზე მისი აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მის სასარგებლოდ, სამსახურიდან დათხოვნის დღიდან აღდგენამდე პერიოდისათვის, განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელო) ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალება.

ც. კ-ამ აღნიშნა, რომ სამსახურის გენერალური დირექტორის N806 ბრძანებით გაათავისუფლეს სამსახურის N6 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების ...ის თანამდებობიდან. სადავო ბრძანება გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარეშე, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე ის, რომ ც. კ-ას კმაყოფაზე იმყოფება ოჯახის წევრი - ავადმყოფი პენსიონერი დედა. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ბრძანება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სამსახურის გენერალური დირექტორის 22.02.2019წ. ბრძანება, მოპასუხეს დაევალა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტში, ...ის თანამდებობაზე ც. კ-ას აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მოსარჩელის სასარგებლოდ, სამსახურიდან დათხოვნის დღიდან აღდგენამდე პერიოდისათვის, განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელო) ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2020წ. განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას სამსახურის ...ის საშტატო ერთეულის სიმცირეზე მითითებით ც. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების უსაფუძვლობის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის დასრულებამდე სამსახურში განისაზღვრა ...ის შტატი 124 ერთეულით, მათ შორის, ...ის სამმართველოში - 8 და პენიტენციურ დაწესებულებებში - 116 შტატი. რეორგანიზაციის დასრულებისას ...ების რაოდენობა განისაზღვრა 90 საშტატო ერთეულით, აქედან 77 შევსებული იყო, 13 კი - ვაკანტური. რეორგანიზაციის შემდეგომ, ...ის დეპარტამენტში ...თა საშტატო ერთეულის რაოდენობა არ შეცვლილა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2019 წლის 1 აპრილის და 2019 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით, გამოცხადებული იყო კონკურსი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის თანამდებობებზე, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გაეთვალისწინებინა ახლადშექმნილ სტრუქტურულ ერთეულში არსებულ მსგავსი ფუნქციების მქონე თანამდებობაზე ც. კ-ას დასაქმების შესაძლებლობა, მით უფრო მაშინ, როდესაც რეორგანიზაციის შემდეგ 13 საშტატო ერთეული დარჩა ვაკანტური სახით. შესაბამისად, სასამართლომ სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორმა აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის განხორციელებისას სამსახურმა იმოქმედა კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვა პროცედურა. განხორციელებული ცვლილებებით პენიტენციურ დაწესებულებებში გაუქმდა სოციალური განყოფილებები და ჩამოყალიბდა ცენტრალიზებული ...ის დეპარტამენტი. რეორგანიზაცია უშუალოდ შეეხო მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობას, საშტატო ერთეულების რაოდენობა 116-ის ნაცვლად განისაზღვრა 90-ი ერთეულით და ვინაიდან რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ც. კ-ა გათავისუფლდა ...ის თანამდებობიდან.

სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს რეორგანიზაციისას გამართული გასაუბრების დეტალებზე, კერძოდ, დაწესებულების ...მა გასაუბრებაზე განაცხადა, რომ დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში ასრულებდა ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს 27.02.2020წ. განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მისი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა არსებითად სწორად.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2020წ. განჩინება არ არის საკმარისად იურიდიულად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან თანხვედრის დადგენის მიზნით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა შესაბამისი ნორმატიული აქტები, მათ შორის „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები და მიუთითა მათი გამოყენების მოტივებზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა იმ მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, რომელიც -შირდება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან თანხვედრის დადგენას და ასევე სწორად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი ნორმები. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების თანახმად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსაზრებით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებობდა ც. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი - შტატების შემცირება.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის ზემოთ მითითებულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ შტატების შემცირებას ადგილი აქვს, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებული ცვლილებების დასრულების მომენტისთვის დაწესებულებაში განსაზღვრული საშტატო ერთეულების რაოდენობა ნაკლებია დასაქმებულ პირთა რაოდენობაზე. საქმის მასალების მიხედვით, რეორგანიზაციის დასრულებამდე პენიტენციურ დაწესებულებებში ...ის შტატების რაოდენობა შეადგენდა 116 ერთეულს, ხოლო დასრულების მომენტისთვის - 90-ს. აქედან შევსებული იყო 77 საშტატო ერთეული, 13 კი - ვაკანტური. ასევე დადგინდა, რომ 2019 წლის 1 აპრილის და 2019 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით, გამოცხადებული იყო კონკურსი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის თანამდებობებზე, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. ამდენად, რეორგანიზაციის დასრულების მომენტისთვის დაწესებულებაში განსაზღვრული საშტატო ერთეულების რაოდენობა არ იყო დასაქმებულ პირთა რაოდენობაზე ნაკლები, რის გამოც საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არ არსებობდა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ც. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი წინაპირობა - შტატების სიმცირე.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ც. კ-ას გათავისუფლება გამოიწვია გასაუბრების დროს გაკეთებულმა მისმა განმარტებამ დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში მისი როგორც ...ის მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულების თაობაზე. საკასაციო პალატა, აღნიშნავს, რომ მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად, სამსახურის გენერალური დირექტორის 22.02.2019წ. N806 ბრძანებაში, მითითებულია „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი - შტატების შემცირება და არა იმავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი - არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები. სზაკ-ის 5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას წინ უძღვის ადმინისტრაციული წარმოება, რაც წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენების ანუ გადაწყვეტილების მიღების ორგანიზებულ პროცესს, რომლის დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ამოცანებს და აწესრიგებს სამართალურთიერთობის მონაწილეების უფლება-მოვალეობებს. ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის, ინფორმაციის მოპოვებას, გადაწყვეტილების მომზადებას და გადაწყვეტილების მიღებას. სზაკ-ის 53.1 მუხლის მიხედვით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. სამსახურის გენერალური დირექტორის 22.02.2019წ. N806 ბრძანება არამხოლოდ მატერიალური, არამედ ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც, არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას ც. კ-ას არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამდენად, სამართალწარმოების ეტაპზე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ გასაუბრების დროს გააკეთა განმარტება დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, მისი როგორც ...ის მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულების თაობაზე, არ ადასტურებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ქ. ცინცაძე