Facebook Twitter

№ბს-596(კ-20) 25 მარტი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.2019წ. განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ს-ემ 21.12.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უწყებათაშორისი კომისიის მიმართ.

ლ. ს-ემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სააგენტოს უწყებათაშორისი კომისიის 01.11.2017წ. N30 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა (მოსარჩელის ნაწილში) და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოხდება 2013 წლის 1 მარტიდან მიუღებელი თანხის ანაზღაურება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 13.07.2017წ. განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. N45 დადგენილების თანახმად, დახმარების ანაზღაურების მოთხოვნით, რაზედაც სააგენტოს უწყებათაშორისი კომისიის 01.11.2017წ. №30 სხდომის ოქმით ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის N45 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ პირობებს. მოსარჩელის მოსაზრებით მისთვის დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2019წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ს-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს უწყებათაშორისი კომისიის 01.11.2017წ. №30 სხდომის ოქმი (მოსარჩელის ნაწილში), მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება 2013 წლის 1 მარტიდან მიუღებელი თანხის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად იქნა ცნობილი შემდეგი: 1970 წელს ლ. ს-ეს დაენიშნა სარჩო მარჩენალის, მეუღლის - გ. ს-ის გარდაცვალების გამო, რაც გამოწვეული იყო მის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმით. ტყიბულის რაინული სასამართლოს 03.021998წ. გადაწყვეტილებით სს „...ს“ დაეკისრა ლ. ს-ის სასარგებლოდ 1998 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად 20 ლარის ანაზღაურება მდგომარეობის შეცვლამდე. სარჩოს დანიშვნის ბრძანების კანონიერება დადასტურდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 25.04.2007წ. გადაწყვეტილებით. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 28.12.2018წ. №04/70303 წერილის მიხედვით, ლ. ს-ეს უფიქსირდება „...ის“ დეპარტამენტის ...ში, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენალის დაკარგვის გამო ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩო“. ამდენად, სააპელაციო პალატამ, საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. N45 დადგენილების მე-5 მუხლის მე-22 პუნქტზე და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმომშობ ნორმებზე დაყრდნობით, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება ლ. ს-ისთვის 2013 წლის 1 მარტიდან მიუღებელი თანხის ანაზღაურების საფუძვლების არსებობის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. N45 დადგენილების მე-5 მუხლის მე-22 პუნქტი, რადგან ლ. ს-ისთვის დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემა არ შეწყეტილა საქართველოს მთავრობის 24.03.2007წ. N53 დადგენილების საფუძველზე, რის გამოც იგი არ აკმაყოფილებს სარჩოს დანიშვნის პირობებს. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს არ გააჩნდა 2008 წლიდან 2017 წლამდე გასაცემლის (სარჩოს) ანაზღაურების მოთხოვნის განხილვის სამართლებრივი საფუძველი და მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს 11.11.2019წ. განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მისი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა არსებითად სწორად.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.2019წ. განჩინება არ არის საკმარისად იურიდიულად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. შრომითი მოვალეობის შესრულებისას მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს თანხის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ანაზღაურების ვალდებულების დადგენის მიზნით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა შესაბამისი ნორმატიული აქტები, მათ შორის საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. N45 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და მიუთითა მათი გამოყენების მოტივებზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა იმ მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, რომელიც უკავშირდება შრომითი მოვალეობის შესრულებისას მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს თანხის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას და ასევე სწორად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი ნორმები. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების თანახმად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

საქმის მასალების მიხედვით, ლ. ს-ეს 1970 წელს დაენიშნა სარჩო მარჩენალის გარდაცვალების გამო, ტყიბულის რაინული სასამართლოს 03.02.1998წ. გადაწყვეტილებით სს „...ს“ დაეკისრა ლ. ს-ის სასარგებლოდ 1998 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად 20 ლარის ანაზღაურება მდგომარეობის შეცვლამდე.

საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. N43 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-22 პუნქტის თანახმად, „დახმარება შეიძლება ასევე დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „...ის“ დეპარტამენტის ...ში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული / გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე.“

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. N45 დადგენილების მე-5 მუხლის მე-22 პუნქტი, რადგან ლ. ს-ისთვის დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემა არ შეწყეტილა საქართველოს მთავრობის 24.03.2007წ. N53 დადგენილების საფუძველზე. საკასაციო პალატა მიუთითებს იმაზე, რომ ლ. ს-ისთვის სარჩოს გადახდის ვალდებულებას აწესებდა ტყიბულის რაინული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 03.02.1998წ. გადაწყვეტილება. საქართველოს მთავრობის 24.03.2007წ. N53 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის“ 3.1 მუხლით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა იმ დავალიანების დაფარვა, რომელიც 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში წარმოიშვა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით, ამავე წესის 3.2 მუხლით, აღნიშნული პირებისათვის შეწყდა სარჩოსა და სხვა გასაცემების გაცემის ვალდებულება 2007 წლის 1 მარტიდან. საქმის მასალებით არ დასტურდება ლ. ს-ისთვის 2007 წლის 1-ლი მარტის შემდგომ თანხის პერიოდულად გადახდის ფაქტი. ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ლ. ს-ის სასარგებლოდ სარჩოს გაცემის შეწყვეტის რაიმე სხვა საფუძვლის არსებობა, გარდა საქართველოს მთავრობის 24.03.2007წ. N53 დადგენილებისა. ამდენად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს განსახილველ საქმეზე საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. N45 დადგენილების მე-5 მუხლის მე-22 პუნქტის გამოყენებას.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას მიუღებელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. მართალია სკ-ის 142.2 მუხლიდან გამომდინარე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს, მაშინ მათ მიმართ გამოიყენება 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობა, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ლ. ს-ემ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა სახელმწიფო დაწესებულებას არამხოლოდ 2017 წელს, არამედ ასევე 11.03.2016წ. N239 და 14.07.2015წ. N898 განცხადებებით, რამაც გამოიწვია ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა. ამდენად, სკ-ის 138-ე და 141-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მიუღებელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით.

კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ქ. ცინცაძე