გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 199-აპ 6 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულების _ რ.პ-ისა და ზ.მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის განაჩენით რ. პ-ვი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით _ თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით, საბოლოოდ შეეფარდა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რასაც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე _ და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ზ. მ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 მარტის განაჩენით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის განაჩენი რ. პ-სა და ზ. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით რ.პ-სა და ზ.მ-ვს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით; რ.პ-მა ასევე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2002წ. 30 ივლისს, ღამის საათებში, ქ.მარნეულში რ. პ-მა, ზ. მ-ა და ა. მ-მა წინასწარ მოილაპარაკეს, რომ დაუფლებოდნენ სხვის მოძრავ ნივთს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამის შემდეგ ა.მ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “ნივით” სამივენი მივიდნენ ქ.მარნეულში, თ. ---სა და ---ის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მოქალაქე ს. მ-ას კუთვნილ სავაჭრო ჯიხურთან, სადაც ზ.მ-ვი დარჩა მანქანაში, ხოლო რ.პ-მა ა.მ-თან ერთად შეამტვრია ჯიხურის ფანჯარა. ა.მ-ვი შევიდა შიგ და რ.პ-ვს ფანჯრიდან გადააწოდა კვების პროდუქტები: 36 ცალი “სნიკერსი”, თითო ღირებული 60 თეთრად; 100 ცალი “მარსი”, თითო ღირებული 60 თეთრად; 5 ლარად ღირებული ელექტროვენტილატორი “ორბიტა”; 8 ლარად ღირებული მაღვიძარა მაგიდის საათი; 21 ცალი სარეცხი ფხვნილი “დარია”, თითო ღირებული 1 ლარად; 4 ბოთლი ღვინო “შამპანური”, თითო ღირებული 2 ლარად; 10 ბოთლი “კოკა-კოლა”, თითო ღირებული 1,5 ლარად; 25 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საპონი; 20 ცალი სანთელი, თითო ღირებული 30 თეთრად; 8 კგ კანფეტი “პტაშკა”, ღირებული 4 ლარად; 50 კგ შაქრის ფხვნილი, 1 კგ ღირებული 1 ლარად; 7 კგ შაქრის ნატეხი, 1 კგ ღირებული 1,2 ლარად; 14 კოლოფი სიგარეტი “ვაისროისი”, თითო ღირებული 1,2 ლარად; 10 კოლოფი სიგარეტი “მაგნა”, თითო ღირებული 1,2 ლარად, და სხვა პროდუქტები, სულ 558 ლარის ღირებულების, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი. ნაქურდალი ნივთები ჩატვირთეს ავტომანქანაში და მიიტანეს რ.პ-ის სახლში.
2002წ. 7 აგვისტოს მარნეულის რაიონის სოფ. ---ში რ. პ-ვი თავის საცხოვრებელ სახლში ა. მ-სა და ფ. კ-თან ერთად სვამდა სპირტიან სასმელს. დაახლოებით 15 საათზე რ.პ-თან მივიდა ზ.მ-ვი, რომლისგანაც ორი დღის წინ რ.პ-მა ისესხა 10 ლარი. მათ საუბარში, რომელიც ვალის დაბრუნება-არდაბრუნებას შეეხებოდა, ჩაერია ა.მ-ვი, რომელმაც რ.პ-ვს უწოდა “ბარიგა”. აღნიშნულზე რ.პ-ვი განაწყენდა და დაემუქრა, რომ ამ სიტყვებს არ აპატიებდა და პასუხს აგებინებდა. 19 საათზე მათ დაამთავრეს ღრეობა და გავიდნენ სახლიდან. ქ.მარნეულში, საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლისკენ ფ.კ-ვი და ზ.მ-ვი წავიდნენ ცალ-ცალკე, ხოლო რ.პ-ვი და ა.მ-ვი ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “ნივით” მივიდნენ ქ.მარნეულის სადღეღამისო ბაზრობა “პეგასის” ტერიტორიაზე. იქ ისინი კვლავ შეკამათდნენ, რაც შემდგომ ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს რ.პ-მა ა.მ-ვს დაარტყა დანა, რითაც სრულად დაუზიანა მარჯვენა ბარძაყის არტერია და ვენა. ეს უკანასკნელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობით.
მსჯავრდებული რ.პ-ვი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას იმ მოტივებით, რომ როგორც წინასწარი გამოძიების, ისე სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაირღვა მისი უფლებები; გამოძიების ეტაპზე აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. რ.პ-ვი საჩივარში უთითებს, რომ მას ა.მ-ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და მისთვის სხეულის დაზიანება განზრახ არ მიუყენებია; ეს მოხდა გაუფრთხილებლობით, რის შემდეგაც ყველაფერი გააკეთა ა.მ-ის გადასარჩენად.
მსჯავრდებულ რ.პ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ.კ-ძე მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს რ.პ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას.
მსჯავრდებული ზ.მ-ვი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივებით, რომ მისთვის დანიშნული სასჯელი ძალიან მკაცრია; იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; სურს, დაზარალებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი; ჰყავს 84წ., II ჯგუფის ინვალიდი დედა; არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
პროკურორი მ.ქ-ლი მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს და ითხოვს რ.პ-სა და ზ.მ-ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ რ.პ-ის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზ.მ-ის საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ რ.პ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ მას განზრახ არ მიუყენებია დაზიანება ა.მ-სათვის, რადგანაც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადგენილი, რომ 2002წ. 7 აგვისტოს რ.პ-ვი და ა.მ-ვი ვალის დაბრუნების თაობაზე შელაპარაკდნენ, რა დროსაც ა.მ-მა რ.პ-ვს უწოდა “ბარიგა”, რაზეც იგი ა.მ-ვს დაემუქრა, რომ ამას არ შეარჩენდა და პასუხს აგებინებდა.
რაც შეეხება რ.პ-ის საჩივრის მოტივს, რომ თითქოს მას ბრალად ედება ა.მ-ის განზრახ მკვლელობა, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, არასწორია.
როგორც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით ირკვევა და განაჩენითაც დადგენილია, რ.პ-მა ჩაიდინა სსკ-ის 119-ე მუხლით გათავლისწინებული ქმედება _ ა.მ-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პალატა ვერ გაიზიარებს ასევე რ.პ-ის საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ მას არ გაუქურდავს ს.მ-ას კუთვნილი სავაჭრო ჯიხური, რადგანაც საქმის მასალებით უდავოდაა დადასტურებული რ.პ-ის მონაწილეობა ს.მ-ას კუთვნილი სავაჭრო ჯიხურის გაქურდვაში. აღნიშნული, საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, დადასტურებულია როგორც მსჯავრდებულ ზ.მ-ის მიერ წინასწარი გამოძიებისთვის მიცემული აღიარებითი ჩვენებებით, ასევე მისი საკასაციო საჩივრით, რომლითაც ზ.მ-ვი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
საკასაციო საჩივრის მოტივი იმის თაობაზე, რომ რ.პ-ვს წინასწარი გამოძიების ეტაპზე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, საქმის მასალებით არ დასტურდება.
ამდენად, პალატას რ.პ-სთვის შერაცხული მსჯავრი დადასტურებულად მიაჩნია და თვლის, რომ საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ რ.პ-ვს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით, რომ არის მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის ერთადერთი მარჩენალი, სსკ-ის 119-ე მუხლით დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს ერთი წლით და განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ რ.პ-ვს, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პალატა ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულ ზ.მ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; სურს, დაზარალებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი; ჰყავს მოხუცი, II ჯგუფის ინვალიდი დედა; არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და მიაჩნია, რომ ზ.მ-ვს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 2 წლით და განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. პ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ზ. მ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 მარტის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ რ. პ-ვს საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით, საბოლოოდ შეეფარდოს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით შეფარდებული პირობითი მსჯავრის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე _ და საბოლოოდ განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ზ. მ-ვს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.